თემიდას შესახებ

არასამეწარმეო (არამომგებიანი) ორგანიზაცია „ქვიარ ასოციაცია - თემიდა“ წარმოადგენს ტრანს სათემო ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 2015 წლის 26 მაისს.

„თემიდა“ საქართველოში პირველი ტრანს სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს ტრანს აქტივიზმის განვითარებას. ორგანიზაცია ამზადებს კვლევებსა და ანგარიშებს ტრანს საკითხებზე. გასწევს სამართლებრივ, ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებს.

„თემიდა“ არის ქვიარ ენთუზიასტების მიერ შექმნილი ერთობა, რომელიც შრომის ორგანიზების ჰორიზონტალურ პრინციპებს ეყრდნობა. „არაფერი ჩვენს შესახებ, ჩვენს გარეშე“ ამ მიდგომით, თემიდა აქტიურადაა ჩართული საადვოკაციო საქმიანობებში, რომელთა მიზანია ტრანს და ქვიარ ადამიანების სოციალური და პოლიტიკური უფლებების დაცვა.

ჩვენ ვშრომობთ ჰომო/ბი/ტრანსფობის დასაძლევად, რომლის ფესვებიც საზოგადოების პრაქტიკულად ყველა ფენაში არის ღრმად გადგმული. ეს წინასწარგანწყობები გამყარებულია ტრადიციული ღირებულებების, ბინარული და ჰეტერო­ნორმატიული გენდერული როლებით, რომლებიც, თავის მხრივ კვებავს საქართველოში დამკვიდრებულ დისკრიმინაციულ კულტურას და ხელს უშლის ქვიარ ადამიანებს, სრულფასოვნად ისარგებლონ საკუთარი უფლებებითა და თავისუფლებებით.

„თემიდა“ ინტერსექციური მიდგომებით ცდილობს სხვადასხვა ჩაგვრების გადაკვეთის წერტილებზე არსებული ბორკილების გაწყვეტას. ორგანიზაცია ნაწილია სოციალური სამართლიანობისათვის მებრძოლი ფემინისტური და მემარცხენე მოძრაობების და სოლიდარობის, ერთმანეთზე, ბუნებაზე ზრუნვისა და მშვიდობის შენების პრაქტიკებით ცდილობს ღირსეული გარემოს შექმნას შეუწყოს ხელი.