ერთად დავძლიოთ ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია საქართველოში

გეი და ლესბოსელი წყვილები საქართველოში

გეი და ლესბოსელი წყვილები საქართველოში

გეი და ლესბოსელი წყვილები საქართველოში

თანამედროვე მსოფლიოში 19 ქვეყანა და ზოგიერთი ტერიტორიული ერთეული ქორწინების თანასწორობას უჭერს მხარს. ეს გეი და ლესბოსელ წყვილებს საშუალებას აძლევს, რომ იქორწინონ. ქვეყნების გარკვეული ნაწილი ერთნაირი სქესის მქონე წყვილებს ურთიერთობის რეგისტრაციის სხვა შესაძლებლობებს აძლევს.

2

ქორწინების ან/და ურთიერთობის რეგისტრაციის სხვა შესაძლებლობა გეი და ლესბოსელ წყვილებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ იმ უფლებებით, რაც ხელმისაწვდომია ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაში მყოფი წყვილებისთვის.

ქართული კანონმდებლობა გეი და ლესბოსელი წყვილების მიმართ დისკრიმინაციულია. საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის მითითებული, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი. იგი ღიად ტოვებს ამ საკითხს. მაგრამ, სამოქალაქო კოდექსი, რომელიც არეგულირებს საოჯახო ურთიერთობებს განსაზღვრავს, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. შესაბამისად გეი და ლესბოსელი წყვილები რჩებიან სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებს გარეთ.

ქორწინება არის კანონიერი სოციალური ურთიერთობა, როდესაც ორი ადამიანი გერკვეულ პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს იღებს საკუთარ თავზე. ქართული საზოგადოებისთვის კი იგი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაა და მათ იმასაც არ სთხოვს, რომ ეს ურთიერთობა რეგისტრირებული იყოს. საკმარისია, რომ ოჯახმა, მეგობრებმა და ნათესავებმა იცოდნენ ურთიერთობის შესახებ, ქალმა თქვას - ეს ჩემი მეუღლეა და კაცმაც თქვას იგივე. უფრო მეტიც, სამართლებრივ ურთიერთობებში, მაგალითად პოლიციაშიც, როდესაც ეჭვმიტანილის სახით დაკავებული არის მამაკაცი ან ქალბატონი, მისთვის მეორე მხარე არის მეუღლე მიუხედავად იმისა, მათი ურთიერთობა სამართლებრივად გაფომებული იქნება თუ არა. თვით პოლიციაც კი საკმარისად მიიჩნევს მათ სიტყვიერ დასტურს. მოკლედ რომ ვთქვათ, ქართული საზოგადოებისთვის ისეთ ფუნდამენტურ ქაღალდსაც კი არ აქვს დიდი მნიშვნელობა, როგორიც არის ქორწინების მოწმობა.

ქორწინება გარკვეული შეღავათების მიღებას გულისხმობს ოჯახის გაძლიერებისათვის. ქორწინების შედეგად, წყვილებს შორის წარმოიქმნება გარკვეული პასუხისმგებლობებიც. ამ შეღავათებსა და პასუხისმგებლობებს კი გეი და ლესბოსელი წყვილები მოკლებულნი არიან, რადგანაც მათ არ აქვთ შესაძლებლობა იურიდიულად გააფორმონ ურთიერთობა. ეს სარგებლები შემდეგ საკითხებს მოიცავს:

  • მეუღლეების მხრიდან ერთმანეთის რჩენის ვალდებულება. ეს ნიშნავს მაგალითად, საცხოვრებლით უზრუნველყოფას; დაშორების შემთხვევაში თუ ერთი პირი დასახიჩრდა და არ არის შრომისუნარიანი, აქვს უფლება ყოფილ მეუღლეს მოსთხოვოს ალიმენტი;
  • თანასაკუთრების უფლება. გულისხმობს შემდეგს: ერთობლივი თანაცხოვრების დროს ერთ-ერთი მეუღლის მიერ მიღებული შემოსავალი ავტომატურად ითვლება მეორე მეუღლის შემოსავლად; როდესაც ერთი ყიდულობს სახლს, ეს ავტომატურად არის მეორეს საკუთრებაც;
  • ოჯახში ძალადობის აღკვეთა. ითვალისწინებს დამცავ და შემაკავებელ ორდენს ოჯახში ძალადობის შემთხვევების აღსაკვეთად;
  • ურთიერთმემკვიდრეობა. ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ქონება ავტომატურად გადადის მეუღლის (და პირველი რიგის მემკვიდრეების: შვილები, მშობლები) საკუთრებაში და არ იხდის საშემოსავლო გადასახადს;
  • მოქალაქეობის უფლება. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე დაქორწინდება საქართველოს მოქალაქეზე, ის იღებს საქართველოს მოქალაქეობას;
  • ჩვენების მიცემაზე უარის თქმა. პირს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის, მათ შორის, მეუღლის წინააღმდეგ;
  • სიცოცხლეზე და სამედიცინო მანიპულაციების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება. თუ პაციენტი იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში და არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების და გამოხატვის უნარი, მის მაგივრად გადაწყვეტილებას იღებს მისი მეუღლე (ოჯახის სხვა წევრი ან ნათესავი);
  • საპატიმრო დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნის უფლება. ამისთვის ეწყობა სპეციალური ოთახი, სადაც ციხის ადმინისტრაციის გარეშე პატიმრები ხვდებიან ოჯახის წევრებს;
  • საოჯახო დაზღვევა. ზოგიერთი დამსაქმებელი სთავაზობს დასაქმებულებს ისეთ სადაზღვეო პაკეტებს, სადაც შესაძლებელია ოჯახის წევრების დაზღვევაც. ასევე, არსებობს სადაზღვეო პაკეტები, რითაც შესაძლებელია არაპირდაპირი რიგის აღმავალი ან დაღმავალი ნათესავების დაზღვევაც კი (მაგ: დეიდა).

ზემოთ ჩამოთვლილი შეღავათები და პასუხისმგებლობები მცირედი ნაწილია იმისა, რაც მხოლოდ ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაში მყოფ წყვილებს გააჩნიათ. ამ უფლებებზე გეი და ლესბოსელ წყვილებს ხელი არ მიუწვდებათ, რადგანაც მათი ურთიერთობის იურიდიული სტატუსი კანონით არ არის გათვალისწინებული.

ერთადერთი, რაც გეი და ლესბოსელი წყვილებისთვის მუშაობს, არის მემკვიდრეობის უფლება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ქართულ კანონმდებლობას აქვს დისკრიმინაციული მიდგომა: გეი/ლესბოსელ წყვილთაგან თუ ერთი გარდაიცვლება, მას უფლება აქვს მეორეს დაუტოვოს საკუთარი ქონება მხოლოდ ანდერძის ძალით, მაგრამ მეორე ამ შემთხვევაში გამოდის გარეშე პირი, რომელიც იხდის საშემოსავლო გადასახადს, მაშინ როდესაც, თუ ის იქნებოდა კანონიერი მემკვიდრე, არ გადაიხდიდა ამ გადასახადს. ასევე, თუ გარდაცვლილს ჰყავს ოჯახის წევრი, ამ შემთხვევაში გეი/ლესბოსელ პარტნიორზე ქონების მხოლოდ ნახევრის გადაცემაა შესაძლებელი.

 

admin

Leave a Reply

Close
?>