ერთად დავძლიოთ ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია საქართველოში

ლექსიკონი

ლგბტქი - აბრევიატურაა და განივრცობა შემდეგნაირად: ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი.

აგენდერი - ადამიანი, რომელსაც გენდერული თვითაღქმა საერთოდ არ აქვს.

ანდროგინი  - ადამიანი, რომლის ბიოლოგიური სქესი არ არის აშკარად შესამჩნევი. იგი საკუთარ გენდერულ იდენტობას ერთდროულად გამოხატავს მამაკაცის და ქალის გენდერული თვითგამოხატვის ფორმებით.

არაბინარული გენდერი - ქოლგა ტერმინია, რომელიც აერთიანებს იმ გენდერულ იდენტობებს, რომლებიც არ ჯდება მამაკაცისა და ქალის ბინარულ სისტემაში.

ასექსუალი - ადამიანი, რომელიც განიცდის მცირედ (ან საერთოდ არ განიცდის) სექსუალურ ლტოლვას სხვა ადამიანის მიმართ და/ან ნაკლები ინტერესი და სურვილი ქვს ჰქონდეს სექსი ან ჰყავდეს სქესობრივი პარტნიორი.

ბიგენდერი - ადამიანი, რომელიც დროის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში ერთდროულად ორი გენდერით იდენტიფიცირდება.

ბისექსუალი – ადამიანი, რომელიც განიცდის მდგრად ფიზიკურ, რომანტიკულ და ემოციურ მიზიდულობას როგორც თავისივე, ასევე სხვა გენდერის მქონე ადამიანთან.

ბიფობია - ბისექსუალ ადამიანთა ნეგატიურად შეფასების, მათ მიმართ უსიამოვნების განცდის და სამტროდ მოქმედების ტენდენციათა მყარი სისტემაა და ეფუძნება მცდარი ან არასრულყოფილი ინფორმაციიდან აღმოცენებულ განზოგადებებს. შესაბამისად,  მას კოგნიტური, აფექტური და ქცევითი კომპონენტები ახლავს. იგი ნეგატიური წინასწარგანწყობაა ბისექსუალ ადამიანთა მიმართ.

გეი – მამაკაცი, რომელიც განიცდის მდგრად ფიზიკურ, რომანტიკულ და ემოციურ მიზიდულობას მისივე გენდერის მქონე ადამიანთან.

გენდერი – სოციალური სქესი, რომელიც მოიცავს საზოგადოების მიერ შემუშავებულ ქცევით თავისებურებათა და ფუნქციების  ერთობლიობას, რომელსაც საზოგადოება სქესიდან გამომდინარე აკუთვნებს ადამიანს. გენდერი ადამიანის კაცურობას ან ქალურობას წარმოადგენს. გენდერული განსხვავების მაგალითა ის, რომ ქალს ძირითადად მიეწერება ბავშვების მომვლელის ფუნქცია, ხოლო კაცებს ოჯახში შემომტანის. სქესის მიხედვით ადამიანებს აწერენ გენდერულ როლებსაც: ქალის ძირითადი როლია დიასახლისობა, ხოლო კაცის არა. გენდერი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყალიბდება და მასზე დიდ გავლენას ახდენს, კულტურა, განათლება, პოლიტიკა და ა.შ. შესაბამისად იგი დროში ცვალებადია. ერთ დროს თუ ქალისათვის გარკვეული ფუნქციების შესრულება სავალდებულო იყო, ხოლო კაცისათვის არა, დღეს ეს ასე მკვეთრად განსაზღვრული არ არის და ხშირ შემთხვევაში მისი საპირისპიროც კია.

გენდერული იდენტობა  - ადამიანის გენდერული თვითაღქმაა. ადამიანი საკუთარ თავს მამაკაცად ან ქალად შეიძლება აღიქვამდეს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში გენდერული თვითაღქმა შესაძლოა კაცის და ქალის ბინარულ სისტემაში არ იყოს მოქცეული. იქედან გამომდინარე, რომ გენდერული იდენტობა შინაგანი, ინტერნალური მოცემულობაა, ის შესაძლოა არ იყოს ხილული სხვებისთვის.

გენდერული თვითგამოხატვა - ადამიანის გენდერული იდენტობის ქცევაში ასახვაა. იგი ვლინდება ტანსაცმლის შერჩევაში, ქცევებში, მანერებში, თმის ვარცხნილობაში და ა.შ.  თითოეული კულტურა ინდივიდუალურად განსაზღვრავს გენდერის გარეგნული გამოხატულების ფორმებს.

გენდერფლუიდი - ადამიანი, რომელსაც ორი ან მეტი გენდერული რეპრეზენტატულობა აქვს დროის სხვადასხვა მონაკვეთში. იგი საკუთარ თავს ზოგჯერ შეიძლება კაცს, ზოგჯერ ქალს, ხოლო ზოგჯერ სხვა გენდერს მიაკუთვნებდეს.

გენდერქვიარი - ადამიანი, რომელიც არ არის კონფორმული ტრადიციული გენდერული ნორმების მიმართ და  გენდერული ტვითგამოხატვა აქვს “არასტანდარტული”.  ზოგიერთი გენდერქვიარი ადამიანი არ ფიქრობს ტრანზიციის პროცესის დაწყებას ან არ მიმართავს ქროს-დრესინგს, მაგრამ იდენტიფიცირდება როგორც გენდერქვიარი, გენდერულად ნეიტრალური ან ანდროგინი.

იდენტობა – ადამიანის შინაგანი, საკუთარი თავის შესახებ შემუშავებული სუბიექტური კონცეფცია, მიკუთვნებულობის განცდა სხვადასხვა ტიპის ჯგუფების მიმართ. მაგალითად, გენდერული იდენტობა ნიშნავს ადამიანის შეხედულებას საკუთარი გენდერის მიმართ და მის მიკუთვნებას გარკვეული გენდერისთვის.

ინტერნალიზებული ჰომოფობია – (შეთვისებული ჰომოფობია) ლესბოსელი და გეი ადამიანის ირაციონალური შიში და სიძულვილია საკუთარი სექსუალური ორიენტაციის მიმართ. სანამ ადამიანი საკუთარ ჰომოსექსუალობას გააცნობიერებდეს, ის სოციალური დასწავლის საფუძველზე სწავლობს საზოგადოებაში არსებულ უარყოფით დამოკიდებულებებს ჰომოსექსუალთა მიმართ და ახდენს მათ ინტერნალიზებას. ხოლო როდესაც იწყება საკუთარი იდენტობის გაცნობიერება, ცნობიერებაში ასევე გადმოდის ის უარყოფითი მნიშვნელობები, რომლებსაც საზოგადოება ჰომოსექსუალობას აწერს. ასეთი უარყოფითი მნიშვნელობების შეთვისება ჰომოსექსუალი ადამიანის მიერ ინტერნალიზებულ ჰომოფობიაზე მიუთითებს.

ინტერსექსი - ზოგადი ტერმინია, რომელიც გამოიყენება ბიოლოგიური სქესის სხვადასხვა ვარიაციების აღსაწერად. ინტერსექსი ის ადამიანია, ვისი ანატომიური სასქესო ნიშნები არ შეესაბამება მდედრობით ან მამრობით სქესს.

ლესბოსელი – ქალი, რომელიც განიცდის მდგრად ფიზიკურ, რომანტიკულ და ემოციურ მიზიდულობას მისივე გენდერის მქონე ადამიანთან.

მსმ - აბრევიატურაა და განივრცობა შემდეგნაირად: მამრობითი სქესის ადამიანი, ვისაც სექსი აქვს მამრობითი სქესის ადამიანთან.

პანსექსუალი - ადამიანი, რომელიც განიცდის მდგრად ფიზიკურ, რომანტიკულ და ემოციურ მიზიდულობას ნებისმიერი გენდერული იდენტობის/გენდერული თვითგამოხატვის მქონე ადამიანის მიმართ.

სექსუალური ორიენტაცია – ადამიანის ფიზიკური, რომანტიული და ემოციური მიზიდულობა სხვა ადამიანისადმი.

სქესი - ადამიანის ბიოლოგიური მახასიათებლების ერთობლიობაა, რომელიც განარჩევს მდედრობითი და მამრობითი სქესის ორგანიზმებს და 6 კრიტერიუმის საფუძველზე განისაზღვრება:

  1. ქრომოსომული სქესი- მამრობითი სქესის ორანიზმში XY, ხოლო მდედრობითში XXქრომოსომებით განისაზღვრება;
  2. გონადური სქესი - მამრობითი სქესის ორგანიზმში სათესლეებით, ხოლო მდედრობითში საკვერცხეებით განისაზღვრება;
  3. გამეტური სქესი - მამრობითი სქესის ორგანიზმში სპერმატოზოიდებით, ხოლო მდედრობითშიკვერცხუჯრედით განისაზღვრება;
  4. ჰორმონალური სქესი - მამრობითი სქესის ორგანიზმში ანდროგენებით, ხოლო მდედრობითშიესტროგენებით განისაზღვრება;
  5. გამრავლების შინაგანი სტრუქტურა - მამრობითი სქესის ორგანიზმში ასეთი რამ არ არსებობს, ხოლო მდედრობითში საშვილოსნოთი განისაზღვრება;
  6. გარე სასქესო ორგანოები - მამრობითი სქესის ორგანიზმში პენისით, ხოლო მდედრობითშივაგინით განისაზღვრება.

ტრანზიცია - ტრანსგენდერი ადამიანის მიერ სოციალური და/ან სამედიცინო ეტაპების გავლა, რათა მიღწეულ იქნას იმ გენდერთან შესაბამისობა, რომელიც ინდივიდის იდენტობას უკავშირდება. ტრანზიცია ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ხშირ შემთხვევაში, მაგრამ არა ყოველთვის, მოიცავს სამედიცინო მანიპულაციების განხორციელებას და სოციალიზაციის პროცესს ახალ გენდერზე გადასვლისას. სამედიცინო ტრანზიცია მოიცავს ჰორმონოთერაპიას, სხეულის მასკულინიზაციას/ფემინიზაციას და სქესის კვლავმინიჭების ოპერაციას.  სოცილური ტრანზიცია კი გულისხმობს სახელის, ტანსაცმლის, ქცევების, თმის ვარცხნილობის და სხვა მახასიათებლების ცვლილებას.

ტრანს ადამიანი - ქოლგა ტერმინია, რომელიც აღწერს იმ ადამიანებს, რომელთა გენდერული იდენტობა განსხვავდება ბიოლოგიურ სქესთან სოციალური კონსტრუირების შედეგად ბმული გენდერული იდენტობისგან.

ტრანსგენდერი - ქოლგა ტერმინია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა გენდერულ იდენტობებს (მათ შორის არაბინარულ გენდერულ იდენტობებს). ტრანსგენდერი ის ადამიანია, რომელიც ცხოვრობს ან სურს იცხოვროს იმ გენდერული როლით, რაც უპირისპირდება დაბადებისას მისთვის მინიჭებულ სქესთან საზოგადოების მიერ მოთხოვნილი გენდერული როლის შესრულებას.

ტრანსგენდერი მამაკაცი/FtM - ადამიანი, ვინც დაიბადა მდედრობითი სქესის სხეულით და აქვს მამაკაცის გენდერული იდენტობა.

ტრანსგენდერი ქალი/MtF - ადამიანი, ვინც დაიბადა მამრობითი სქესის სხეულით და აქვს ქალის გენდერული იდენტობა.

ტრანსსექსუალი - ადამიანი, რომელმაც გაიარა, გადის ან აპირებს გაიაროს სქესის შეცვლის პროცედურები.

ტრანსფობია - ტრანსგენდერ ადამიანთა ნეგატიურად შეფასების, მათ მიმართ უსიამოვნების განცდის და სამტროდ მოქმედების ტენდენციათა მყარი სისტემაა და ეფუძნება მცდარი ან არასრულყოფილი ინფორმაციიდან აღმოცენებულ განზოგადებებს. შესაბამისად,  მას კოგნიტური, აფექტური და ქცევითი კომპონენტები ახლავს. იგი ნეგატიური წინასწარგანწყობაა ტრანსგენდერ ადამიანთა მიმართ.

ქამინგ აუთი - საჯაროდ ან ნებისმიერი ადამიანისათვის საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გაცხადება. ეს არის ლგბტქ ადამიანის მიერ საკუთარი თავის მიღების პროცესი, როდესაც ის ახდენს საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიღებას და შემდგომში მის გაცხადებას. იგი არ არის ერთი კონკრეტული მომენტი და უმეტეს შემთხვევაში მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.

ქვიარი - თავდაპირველად ჰომოსექსუალ ადამიანთა შეურაცხმყოფელ ტერმინად გამოიყენებოდა. თუმცა, 1980-იანი წლებიდან ტერმინმა პოზიტიური მნიშვნელობა შეიძინა და ბევრი ლგბტ აქტივისტი მას გამოიყენებს ყველა არაჰეტეროსექსუალი და გენდერულად არაკონფორმული ადმიანების აღსაწერად. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ლგბტ ადამიანი ამ ტერმინს არ გამოიყენებს საკუთარი თავის განსაზღვრისთვის.

ქროს-დრესერი - ადამიანი, რომელიც  ტანსაცმლის ან/და აქსესუარების არჩევისას საზოგადოდ გავრცელებული  ნორმების მიმართ არაკონფორმულობას გამოხატავს. იგი არჩევს ჩაიცვას/ატაროს ის ტანსაცმელი და/ან აქსესუარი, რომელიც  მისი სქესისთვის საზოგადოდ არ არის დამახასიათებელი.

ქსქ - აბრევიატურაა და განივრცობა შემდეგნაირად: მდედრობითი სქესის ადამიანი, ვისაც სექსი აქვს მდედრობითი სქესის ადამიანთან. შემოკლებულად: ქალი, ვისაც სექსი აქვს ქალთან.

ჰეტეროსექსუალი - ადამიანი, რომელიც განიცდის მდგრად ფიზიკურ, რომანტიულ და ემოციურ მიზიდულობას მისგან განსხვავებული სქესის მქონე ადამიანის მიმართ.

ჰომოსექსუალი - ადამიანი, რომელიც განიცდის მდგრად ფიზიკურ, რომანტიულ და ემოციურ მიზიდულობას თავისივე სქესის მქონე ადამიანის მიმართ.

ჰომოფობია – გეი და ლესბოსელ ადამიანთა ნეგატიურად შეფასების, მათ მიმართ უსიამოვნების განცდის და სამტროდ მოქმედების ტენდენციათა მყარი სისტემაა და ეფუძნება მცდარი ან არასრულყოფილი ინფორმაციიდან აღმოცენებულ განზოგადებებს. შესაბამისად,  მას კოგნიტური, აფექტური და ქცევითი კომპონენტები ახლავს. იგი ნეგატიური წინასწარგანწყობაა ჰომოსექსუალ ადამიანთა მიმართ. ეს ტერმინი პირველად 1960-იან წლებში დამკვიდრდა.

Close
?>