ერთად დავძლიოთ ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია საქართველოში

Noir de Noir

Noir de Noir

Noir de Noir

Colossus/Francisco Goya/Prado Museum, Madrid

ფოტო: Colossus / Francisco Goya/ Prado Museum, Madrid

 

როგორც იქნა, გამთენიისას, 3:00 საათზე მოვახერხე დაძინება. მთელი ღამე, თითქოს, მომაკვდავი შეყვარებული მტყნავდა - რაღაცნაირ სიმძიმეს ვგრძნობდი, ორგაზმიც ვერ მეკარებოდა. რამდენიმე საათში გამოვფხიზლდი. ისევ ბნელოდა. ზაფხულში შიშველს მძინავს. ჯერ კიდე ვგრძნობდი თხელ ზეწარზე და ჩემს მუცელზე თბილ სპერმას. არ გავნძრეულვარ. უცბად ცრემლები წამომივიდა. არ გაჩერდა... მომდიოდა და მომდიოდა. მე ისევ არ ვინძრეოდი... სადღაც შორიდან მანქანაში ჩართული უცნაური მუსიკის ხმა მოდიოდა და ჩემი ჭერიც, გამავალი მანქანების ფარების შუქით ნათდებოდა, აქა-იქ (მოკლედ, როგორც ყოველთვის - умирать так с музыкой).

ჩემს მდგომარეობას დეპრესიას ვერ დავარქმევ - ალბათ, რაც მანერვიულებს ისაა, რომ სათანადოდ ვერ ვაზიარებ ჩემს ინტერესებს, სხეულს. ამასწინათ, ფსიქოლოგთანაც ვიყავი:

- მაქვს პრობლემა: როდესაც სახლში მარტო ვრჩები და, ეს არც ისე იშვიათად ხდება, სულ მინდა სექსი… თან ახალ-ახალ ადამიანებთან. ძველებთან ვეღარ ვიღგზნები. გათავების შემდეგ ახლებიც მკიდია, მომენტალურად.

- იქნებ, გარკვეული პერიოდი შეეცადოთ, მარტო ყოფნის დროს მეგობრები დაიტოვოთ, ან თავად წახვიდეთ მათთან… ბოლოს და ბოლოს, კრიზისს რომ მიაღწევს თქვენი სურვილი, ონანიზმით დაკავდით.

მეორე სეანსი ჩემთან მოვაწყვეთ, სახლში. ძლივს აუდგა - როგორც ჩანს, ბევრს ანძრევდა. ძაან ცუდიც არ იყო (თან, ფსიქოლოგი რომ გჟიმავს, გინდა, არ გინდა, tricky-ა).

რაღაც მძაფრი ემოცია მჭირდება. მუცელზე ამოვტრიალდი.

მარჯვენა ლოყა ჩემს საყვარელ თეთრ თეთრეულზე დავდე და დაველოდე, კიდევ როდის განათდებოდა ჯერ ფარდა და მერე ჭერი, გამავალი მანქანის შუქით. მანქანას, ალბათ, კაცი მართავს. ის კაცი კი, ვინც გვიან ღამე/გამთენიისას ზის საჭესთან, თუ მთვრალი არაა, ან დრაგებზე შემჯდარი, მაშინ, წესით, აუცილებლად, რაღაცნაირად, მამაკაცურია. მეც მხოლოდ მამაკაცური ტიპები მომწონს. მარცხენა ხელით ტელეფონს მივწვდი: Grindr-ზე 0 მესიჯი მქონდა. ვინც მწვანედ ენთო და Top იყო, ყველასთან მქონდა სექსი; Planet Romeo-ზე, ფაქტობრივად არავინ იყო ონლაინ… ერთის მესიჯი იყო, 4:07-ზე მოწერილი: ‘როგორ მინდა შენი გაჟიმვა, გიჟუკა’. Facebook-იც ავსქროლე. ‘დაუჯერებელი ისტორია გადაგვხდა მე და ჩემს მეგობარს, რამდენიმე დღის წინ, სტოპით რომ მივდიოდი ბათუმში….’ ასე იწყებოდა სტატუსი. რაღაცნაირი ემბრიონის ფორმა მივიღე და კითხვა გავაგრძელე:

‘ჩვენც ვერ ვიჯერებთ, რომ ეს ჩვენ დაგვემართა და აზრი არ აქვს დეტალურად ყველაფრის მოყოლას, შეიძლება წარმოუდგენელიც გეგონოთ. ფაქტიურად 12 საათიან პატიმრობაში ვიყავით ვიღაც მანიაკის მანქანაში. ღამის 12 საათზე გავედით კარფურიდან. მალევე გაგვიჩერა ერთმა ტიპმა, ისიც იდეაში ბათუმში მიდიოდა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ზუსტად 15 წუთში ვიყავით გორის სმარტთან. მინიმალური სიჩქარე 220 ჰქონდა და გზაში გვითხრა, რომ ყლე მანქანაა და ხშირად ქვრება და ბზრიალებსო. ნუ, ამან მთლად დამაპანიკა, 220-ით გაქანებულზე მანქანა რომ ქვრება, წარმოვიდგინე რა მოხდებოდა. თუმცა, გვამშვიდებდა, მე ლუციფერი ვარ და არ მოკვდებითო. მანქანიდან გადახტომაც სიკვდილის ტოლფასი იყო. მერე გაირკვა რომ ფსიქიატრიულიდან იყო გამოქცეული, რაღაც პრობლემა ჰქონია. ნუ ზოგადადაც ძალიან არაადეკვატური იყო. ხაშურს რომ მივუახლოვდით, გადაუხვია და ჯერ ჭიათურაში ავიდეთო და ორ საათში ვიქნებით ბათუმშიო. თან გზაში გვეუბნებოდა, რომ ტურები უნდა გაჩვენოთო. ნუ ამან დამზაფრა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. გადაუხვია სადღაც უცნაურ ადგილზე საჩხერისკენ. მაინც და მაინც, მაშინ იყო ნისლი და თავი უჟასების ფილმებში მეგონა, შუქიც არსად ჩანდა და ამ სიტუაციაში 180-ით გაქანებული მილიწინებდა. თან მუსიკა ბოლო ხმაზე ხაოდა. შუა გზაში წამიერად ჩაქრა მანქანა და მინიმუმ 7 ბზრიალი გააკეთა და ხრამისკენ გადავარდა. ამ დროს მართლა მეგონა რომ ვკვდებოდი, თუმცა წარმოუდგენლად გადავრჩით ყველა. არ ვიცი ეს როგორ მოხდა, წესით უნდა მოვმკვდარიყავით. მანქანა რომ გაჩერდა, შემეშინდა, არ აფეთქდესთქო და გადმოვძვერი. ესენიც უკან მომყვნენ, მაგრამ მხოლოდ ერთი ბორბალი ჩაიფუშა. გაქცევა გვინდოდა მე და ჩემს მეგობარს, თუმცა ეს ტიპი თავისი დალეწილი მანქანით იყო მხოლოდ ჩვენი იმედი. უკან ტურების ხმა ისმოდა. მოკლედ ამ დალეწილი მანქანით კიდევ ტრიუკები აკეთა და გული ლამის ამერია. ბოლოს მანქანა რომ გაეჩერებინა ვიტყუებოდი, რომ საშინლად მერეოდა გული. ამის მერე მივადექით ჭიათურას, მაგრამ გვერდიდან არ გვცილდებოდა და ვერც გავიქცეოდით, იმდენად არაადეკვატური იყო, შეიძლება მანქანით გამოგვკიდებოდა და დაგვტაკებოდა. ჭიათურაში რომ ვიყავით, დავპოსტე კიდეც აქ ვართ და თუ რამე მოხდა იცოდეთ მეთქი. მერე აუდგა და მთელი გზა დაკერვები იყო, თუმცა ვერ გაბედა და ძლივს გადავრჩით გაუპატიურებას. ბევრჯერ იყო მაგის ნამიოკები. საბოლოოდ ჭიათურის ქუჩაში გავატარეთ ღამე, მერე 3 სოფელში წაგვიყვანა, გზაში დალია და ზემოქმედების ქვეშაც იყო, თან. საბოლოოდ ძლივს დავაღწიეთ თავი დილის 10 საათზე ზესტაფონში. აქ კიდე ყველაფერს ვეღარ ვწერ, უფრო მეტი საშინელებაც მოხდა და განადგურებული ვარ. ვერც ვიჯერებ რომ ეს ჩვენ დაგვემართა. მოკლედ, გთხოვთ, სანამ ვინმეს ჩაუსხდებით, ძალიან ფრთხილად იყავით!’

კითხვისას, უკვე ვიცოდი, რომ ჩემს ნაცნობს საფრთხე არ ემუქრებოდა, რადგან თავად იყო პოსტის ავტორი და მეც, ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი, სცენარის ეროტიკული განვითარება იყო: გაველურებული კაცი, რომელიც სექსუალურ ენერგიას მანქანის სისწრაფით გამოხატავს, უნდა კაცი, თანაც ორი… ალბათ, მარტოა. ჩემს წარმოდგენაში, სექსის დროს, წესით, ხელებიც კარგად უნდა გამოეყენებინა: ბეჭსაც ჩამოგიქაჩავდა, წელსაც შემოგისრესდა… თან მოსაკლავად გაგიმეტებდა და თან ენერგიის კონცენტრირებულად მომართვით, თითქოს, მადლიერებასაც გამოხატავდა.

ის, რაც ჩემს ნაცნობს დაემართა, მე რომ დამმართნოდა, ალბათ, ვერც გადავრჩებოდი. უბრალოდ, გული გამისკდებოდა. მაგრამ, მეორე მხრივ, თეთრპერანგჩატანებული ფსიქოლოგებიც ყელშია…

რა თქმა უნდა, არ დამეძინა. ამ ტიპის სახელი, რომელსაც მე ‘ბაიკერი’ შევარქვი, მიუხედავად იმისა, რომ მოტოზე არ იჯდა, მიმოწერაში ჩემმა ნაცნობმა არ მითხრა, ამიტომაც, როგორც კი გათენდა, მის ოფისში მივედი (ვითომ, აივ ინფექციაზე შესამოწმებლად). ანალიზი რომ ჩავაბარე, მის კაბინეტში შევედი (ისე, კაბინეტში შესვლის მომენტშიც რამხელა ინტიმი და სექსუალობაა?!). გამოვკითხე მომხდარის დეტალები. ამ ამბის ცოცხლად გახსენება, კიდევ უფრო კინემატოგრაფიული იყო, თურმე ეს ტიპი პერიოდულად მანქანასაც აჩერებდა და უბის ადგილის დემონსტრაციით ამბობდა ‘აუ, როგორ მინდა ახლა…’, მიუხედავად იმისა, რომ თან იარაღი ქონდა, უშუალოდ, სექსი არ დაუძალებია… ბოლოს მანქანიდან გადასულა, კაპოტს მიყუდებია და გაუთავებია. მერე თვალცრემლიანი დაბრუნებულა.

გამოვარკვიე სახელი. მეტიც, ჩემი ძველი თანამშრომლის შორეული ნათესავი აღმოჩნდა. გავიგე სად ცხოვრობდა. შვილიც ყავდა. ცოლს გაშორებული იყო. მდიდარი მამის ხარჯზე ცხოვრობდა. არ მუშაობდა. პროფესიით არქიტექტორი იყო (ეს ძალიან ამოვარდნა იყო). დაახლოებით ერთ კვირაში, მის სურათსაც მივაგენი: 37 წლის; სიმაღლე, ასე 186; წონა: 82… თავზე მუქი შავი თმა ქონდა, კანის ფერი - ღია ყავისფერი, თვალები - მონაცრისფრო-მოთაფლისფერო. ტუჩები - მსხვილი, ღვინისფერი. მოკლედ, ჩემი ტიპაჟი არ იყო, მაგრამ მისი ფოტოს პარალელურად, ბოლო 8 დღე მისი მანქანის სისწრაფე, სექსის დაუოკებელი სურვილი, კაპოტზე გათავება და თვალცრემლიანობა მესახებოდა. მეშინოდა, მაგრამ, ვიცოდი, რომ ჩემი ‘ღამის ცხოველები’ მჭირდებოდა, რომ რაღაც პერიოდი მაინც, ღამე მშვიდად დამეძინა. მინდოდა ბაიკერს გავეტაცებინე, შორს… ჩქარა - სადმე უდროობაში მანქანა შეეყენებინა, ავეღე და ტირილით მოვეტყანი, რის შემდეგაც მეც და ისიც გამოვსწორდებოდით - ხელახლა შეგვიყვარდებოდა ცხოვრება. ამ სიყვარულის თავისუფლებას, ის ბიჭში გათავებით, მე ექსტრემალური სექსით მივაღწევდი…

ძნელი იყო ამის მოხერხება, თან ზუსტად იგივე სცენარი მინდოდა - შორს თბილისიდან, რაღაც რობაქიძისეული დასავლეთი… სადარბაზოდან რომ გამოვიდა, ცოტათი შეყოვნდა. 50 თეთრიანი სანთებელა მზეს მიუშვირა (ალბათ, რომ დაენახა თხევადი გაზი რამდენი იყო დარჩენილი). მერე აგრესიულად მოიქნია ყბა - აქ უკვე მივხვდი, რომ მას ნამდვილად ქონდა ფსიქიკური პრობლემები. ცოტაც და დაყენებულ მანქანაში ჩაჯდებოდა (მანქანა, დამტვერილი, შებღალული შავი იყო…). სიგნალიზაციით კარები გახსნა და გამოაღო.

- წამო წავიდეთ ბათუმში

დაიბნა. არ გაუღიმია.

- სად?
- ბათუმში.
- ახლა?
- საღამოს, ასე 8-ისკენ, რომ დაღამდება.
- რამდენი წლის ხარ და რა გქვია?
- რეზი, 26.
- …
- შენ?
- არ მიცნობ?
- არა, საიდან უნდა გიცნობდე?
- აბა, ასე მიდიხარ, ни с того ни с сего, და ბათუმში წავიდეთო ამბობ…?
- ხო, რა მოხდა?

(ეს, ისე ვკითხე, გიჟების მეამიტური ლოგიკის ემოციას, შენს სასიკეთოდ რომ იყენებ).

- წავიდეთ, ახლა წავიდეთ თუ გინდა…

(ამ დროს გამცრა - ვიცოდი, რომ წავიდოდი… გამიხარდა, შემეშინდა. ცოტაც და ცრემლები წამომივიდოდა).

- არა, ახლა ვერ, რაღაც საქმეები მაქვს და მერე შხაპიც უნდა მივიღო მგზავრობამდე…
- ხო… და 8-ზე სად შევხვდეთ?
- შენ სადაც გინდა.
- სად ცხოვრობ, გამოგივლი
- მშრალ ხიდზე შევხვდეთ, გაჩერებაზე…
- ნომერი მომე
- 508223233… შენი?
- მაიცა, მაიცა ჩავიწერო: 5 08 22…
- 32 33
- ზარს გიშვებ
- ჩავიწერ
- ე.ი. რეზი ხომ?
- კი

(როგორც ჩემს ტელეფონში, ისე ჩემს მეხსიერებაში ‘ბაიკერად’ ჩავიწერე).

- შენ რას აპირებ დღის განმავლობაში?
- წამო წავიდეთ ახლა რა…
- არა, არა ახლა ვერ გამოვა, შხაპიც არ მიმიღია, შენ არ გჭირდება, თუნდაც, შხაპი?

(სულ ველოდი, ამ საკითხს, როგორ შევხებოდი - მინდოდა იმაზე დასტური, რომ ჰიგიენაზე პრობლემა არ ქონდა).

- აი, და მაჯა მომიტანა ცხვირთან

ტომ ფორდის Noir de Noir იყო. როგორც წესი, ნაცნობი სუნამოს დროს, აღვნიშნავ ხოლმე, ჩემს ცოდნას, მაგრამ, ახლა თემატურად ისე შეკრა ამ Noir de Noir-მა ‘ღამის ცხოველების’ სიმბოლიკა, რომ დავიძაბე… გულმა სწრაფად დამიწყო ფეთქვა. რაღაც უნდა მექნა. შევეხე: ჩემი ხელით მისი მაჯა, ხელმეორედ მოვუახლოვე ცხვირს.

- მოკლედ, გნახავ ხიდზე
- კარგად რე-ზი.
- ხო მართლა, ბენზინის ფულს ვიყოფთ…
- არ გცხვენია?! შენ ის თქვი რას სვამ… ჰა ჰა
- გზაში დალევა?
- ხო რა, ლუციფერი ვარ, არაფერი მოგვივა

(ნუთუ, ამ ტიპს მივყვები? - რას ვუკეთებ, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც არაეროტიკული სიყვარულით ვუყვარვარ?)

შავები მეცვა. ხელში პატარა ზურგჩანთა მეკავა, ამით 15-16 წლის ბაბუას გოგოს ვგავდი. მაგრამ, ტანსაცმლის ფერი, ჩემივე თავისთვის ჩავიცვი, რომ, საჭირო დროს, გამეხსენებინა, რომ ძლიერი ვარ. ხიდამდე ჩემი ნაბიჯების ხმა არ გამიგია - ერთიანად ცივი ოფლი მასხამდა - ერთადერთ გამოსავლად, ამ სიშავის, უკანმოუხედაობის და ბაიკერი სხეულის შეყვარება მესახებოდა. დროებით, თავის გასართობად, წარმოვიდგინე, რომ მისი ‘გოგო’ ვარ, რომელიც თავის ‘გიჟ’ ბიჭთან ერთად, ზღვაზე გარბის. ეს ფიქრები, რამდენიმე ნაბიჯში აორთქლდა - რეალობა ბევრად მძიმე იყო… მძიმე იყო, მანქანის სახელურიც, პირველი თვალის თვალში გაყრა და ჩაჯდომა. მანქანა უცბად მოწყდა, ისე, რომ კეფა სავარძელს მივარტყი.

- ცოტა ნელა, რა, გთხოვ?
- ბიჭო, ესაა ჩქარა? შენ ნახე, სიჩქარე ტრასაზე…

მოვიკრუნჩხე, სავარძელში ჩავიმალე და მაინც, საიდან ქონდა ამას Noir de Noir? ეს მამშვიდებდასავით.

- ლუციფერი ვარ, ლუციფერი.

წეროვანს რომ გავცდით, სისწრაფე უკვე ჩვეული მდგომარეობა იყო. ფლეიერი რაღაც ლიბანურ, ტრანს მუსიკას უკრავდა. გზაში არაფერზე გვილაპარაკია. შუბლთან ოფლი შევატყვე. ეს მე რაღაცნაირად მაძლიერებდა. ფეხები ბოტასებიდან გავითავისუფლე და სავარძელზე შემოვდე. არ მოუხედია. არადა, გათვლა მის ყურადღებაზე მქონდა - სექსი უკვე მინდოდა. ბევრი ხანი ისევ ჩუმად იყო. ჩემს კითხვებს მოკლედ პასუხობდა. 6 ენერგეტიკული დალია, 2 ბოთლი წყალი… ალბათ, ნახევარი კოლოფი სიგარეტიც მოწია… სმარტთან შევაჩერეთ.

- რა წამოგიღო?
- მეც გადმოვალ.
- იჯექი შენ, რა წამოგიღო?
- მეც გადმოვალ, მინდა არჩევა.

შევატყვე, არ ესიამოვნა. სუპერმარკეტში ჩვენი თავი რაღაცნაირი მძარცველები მეგონა (Bonnie & Clyde-ის სტილში), რომლებიც ის-ისაა, მოლარეს დააყაჩაღებენ (ამას არც გამოვრიცხავდი). ერთი შეკვრა რედ-ბული აიღო, ერთი შეკვრა წყალი (ამან უკვე მაფიქრებინა, რომ სიკვდილს არ აპირებდა).

- შენ რა გინდა?
- რამე წვენს ავიღებ.

არ დამაცადა. რედ-ბულის და წყლის შეკვრა ხელში მომაჩეჩა და თაროზე არსებული წვენებიდან, ფაქტობრივად, ყველა სახეობის თითო შეფუთვა აიღო. შემომხედა. გამიღიმა, თან წარბები აწია. მომინდა მეთქვა, რომ მიყვარს. ამის დრო არ იყო. მოლარე ოპერატორმა - ეკამ, ყველაფერი გაატარა. ჩემმა ბაიკერმა გადახდა არ დამაცადა. ეკამ შურიანი თვალებით შემომხედა. მე ბოლომდე შევითვისე ეკას კონკურენტის როლი, მხრები ავიჩეჩე და გავუღიმე. მარკეტიდან გამოსვლისას, გამეცინა.

- რა გაცინებს?
- არა, ისე…
- რა?

(აქ მივხვდი, რომ მისი კითხვა, ფამილარობის გამომხატველი კი არა, მანიაკალური იყო - მივხვდი, რომ სხვისი სიცილი არ უყვარდა).

- არ შეიძლება გავიცინო?
- როგორ არა!
(ისევ გამიღიმა და წარბები აწია)

ჩავსხედით. ფეხები ისევ სავარძელს შემოვაწყვე. მისი რედ-ბული ავიღე და ლიბანური სიმღერების ფონზე კიდევ უფრო დასავლეთით, გვიან ღამისკენ წავედით. ცოტაც და ნახევარ გზას გავივლიდით, მაგრამ მისგან ვერაფერს ვგრძნობდი - ნუთუ, ასე აიღებდა და, უბრალოდ, იმას გააკეთებდა, რაზეც შევთანხმდით - ჩამიყვანდა ბათუმში? უკვე აღარ ვიცი რა უფრო მთრგუნავდა, მანქანის სისწრაფე და ჩემი ბაიკერის მანიაკალური პოტენციალი თუ ბათუმში მშვიდად ჩასვლის შესაძლებლობა.

- ბოლოს სექსი როდის გქონდა?

არაფერი უპასუხია. თითქოს ვერც გაიგო. მხოლოდ, მანქანის სისწრაფეს მოუმატა. დავიბენი. ან იქნებ მე არ მოვეწონე. არ ვუნდივარ. მარა, დღისით-მზისით მნახა და წაყვანა შემომთავაზა და ახლა, ასე ძალიან რატომ აღარ მოვეწონებოდი (თან, ღამე, უფრო კარგი ვარ)?

თითქმის არა - ზუსტად ნახევარი გზა გამოვიარეთ. მე გავწამდი ჩემი ზლაზვნით, მძიმე სუნთქვით და ა.შ. მის ყურადღებას ვერ ვიქცევდი. ისიც, ასე 10-15 წუთში ერთხელ, თუ შემომხედავდა, ღიმილით, წარბების მაღლა აქაჩვით, თითქოს მანიშნებდა, რომ ცხოვრება ისეთი არაა, როგორც მე მინდა.

გამომეღვიძა. არ ვიცოდი რამდენი ხანი მეძინა. ის რედ-ბულს სვამდა. არ ჩანდა სად ვიყავით.

-სად ვართ?
- გზაში.
- სად?
- ზესტაფონისკენ.

მომეწონა ეს ნაუცბადევი მისტიკა და შიშის მომენტი. იმდენად მომეწონა, რომ გავიღიმე კიდეც.

- რა გაღიმებს?
- ისე, არ შეიძლება?

კოპები შეკრა. ყბა წინ გამოწია და სისწრაფე გაზარდა. არადა, სულ რამდენიმე წამის წინ, როდესაც, ახალგაღვიძებულმა დაბნეულ-მშიშრულად ვკითხე სად ვართ, ძალიან ნასიამოვნები სახე ქონდა. მივხვდი, რომ მისი ემოცია, ჩემი ემოციის საპირისპირო იყო: როდესაც მე მეშინოდა - მას ეს მოწონდა. როდესაც მე ის მომწონდა - მას ეშინოდა, ან, ყოველ შემთხვევაში, არ უნდოდა ყველაფერი ასე მარტივად ყოფილიყო - კიდევ უფრო რთული თამაში უნდოდა… არ ვიცი.

- რამდენ ხანში ჩავალთ ბათუმში?
- გეჩქარება?

(ვიცოდი, რომ თუ ვიტყოდი ‘არა’-ს მაშინ, აქ ისევ ჩემი მოწონება და მასთან ყოფნის სურვილი გამომჟღავნდებოდა და მისგან, ისევ საპირისპირო ემოციას მივიღებდი).

- კი. არ მიყვარს, ღამე მგზავრობა.

თვალები გაუნათდა. სიჩქარეს დაუკლო.

- გესმის ტურების?

(და ჩემი ნაცნობის ისტორია გამახსენდა). ვიცოდი, რომ შიში უნდა გამომევლინა.

- ტურების?
- ხო.

მანქანა გააჩერა. აბსოლუტური სიჩუმე იყო. არც ტურების ხმა ისმოდა და აღარც ლიბანური მუსიკა. ახლა მივხვდი, რომ მანქანის ძრავის და ზოგადად, მოძრაობის ხმა, ამ სიშავეში კიდევ სიცოცხლის, პროცესის ილუზიას ქმნიდა - თითქოს მეუბნებოდა, რომ ეს დროებითია. გაჩერებული მანქანა და სრული სიჩუმე, გვერდით - ბაიკერ-ლუციფერი ერთი კარგი ჰორორის დასწყისი იყო. მართლა შემეშინდა. იმ მომენტში მართლა მომინდა ბათუმში. ვინანე. შემემჩნა.

რედ-ბული გახსნა.

- კაი რად გვინდა ტურები?
- ჩუუუ…

(და ხელი დამადო მხარზე)

დაახლოებით ის სცენა იყო, როდესაც შეყვარებული, თავის პარტნიორს რაიმე ლამაზის და შთამბეჭდავის განცდისკენ ამზადებს. ამ შემთხვევაში, ბაიკერი მე ტურების ყმუილის გასაგონად მამზადებდა. იქნებ იყო კიდეც ეს მისთვის შთამბეჭდავი? სილამაზე?.. ტურამ არ დაიყმუილა. ლიბანური მუსიკა დაბრუნდა. მანქანა დაიქოქა. მე სავარძელში ჩავეფალი.

უბისკენ ხელი წაიღო. მეც ღრძილებში დამიარა. ენის ქვეშიდან ნერწყვიც გამომეყო. თითქოს, ვგრძნობდი, მთელს კანზე ფორები როგორ გამიფართოვდა. მეც ფეხები, ჯერ ჩავწიე, მერე გადავწიე. ეს რომ შეამჩნია, ისევ კოპები შეკრა და უბიდან აიღო ხელი. ნერვები მომეშალა.

- არ გინდა სექსი?

არაფერი უპასუხია.

- რატო იყრუებ თავს?
- ეხლა ჩვენ მივალთ ერთ ნაცნობთან.
- ვინ ნაცნობთან? სად? რა დროს ნაცნობია, ამ შუაღამეს? ჩვენ ბათუმზე შევთანხმდით…

თვალები ისევ აუთამაშდა. უბე შეისწორა.

- ვინ ნაცნობთან?
- რა იყო?
- რა და ის, რომ უნდა მითხრა, სად მიგყავარ…
სიტყვა - ‘მიგყავარ’-ში უკვე ჩემი მასზე დამოკიდებულება ჩანდა. ეს ესიამოვნა.

- გეშინია?

(ვიცოდი, რომ ‘კი’ იმაზე ‘მეტად’ უნდა გამომეთქვა, ვიდრე მართლა მეშინოდა)

- კი.

მელოდიას აყვა.

- მითხარი რა, სად მივდივართ…
- ნწუ

(და ისე, რომ ტუჩები არ განმუწა, შემომხედა)

- მე ჩამომსვი, მაშინ სადმე ქალაქში
- ტურები შეგჭამენ

‘ტურები შეგჭამენ’ - რა უცნაურად ჟღერდა 21-ე საუკუნისთვის?! და მეც, მომწონდა მისი ეს ‘პირველყოფილი’ და მარტივი ლოგიკა - თუ ღამე ჩამომსვამს, ტურები შემჭამენ. მე არ მინდოდა არსად ჩამოვესვი. მინდოდა დავესვი თავის ყლეზე. მინდოდა ეს მთელი ტურები, მანქანის მთელი სისწრაფე, მისი მთელი ლუციფერობა, მეამიტურობა, ღიმილი, წარბების აქაჩვა ჩემში განხორციელებულიყო, ჩემში დასრულებულიყო. მინდოდა ისე ვეხმარე, რომ თავბრუ დამხვეოდა… აბსოლუტურად მისი გავმხდარიყავი და მისთვისაც ფიზიკურ-მენტალური ჩაკრები გამეხსნა. თან, როგორ მყარად აჭერდა ფეხებს გაზს, ტორმუზს, ცეპლენიას… წარმოვიდგინე, ჩემი თავი მის ბარძაყებზე… კვლავინდებურად მყარად, რომ იდგებოდა, მის შავ მანქანაში - როგორ არ დაენანებოდა მისი შავი, მამაკაცური ენერგია, როგორც რამდენიმე საათის წინ წვენები სმარტში. სასულესთან მქონდა მომდგარი სიტყვები: გთხოვ, შემიდე. ‘შემიდე’, ვერ გამოხატავდა იმას, რაც მინდოდა, მაგრამ ‘გამჟიმეს’ და ‘მიხმარეს’ ჯობდა.

- ავთო!

ფიცრული სახლის წინ გავჩერდით, რომელსაც რკინის კარი ქონდა და ფანჯრებიც გისოსებში ჩასმული.

- ავთო!

(ღრიალებდა, ისე, რომ მანქანიდანაც არ გადავიდა)

- ეტყობა არაა სახლში

მივხვდი, რომ რაღაც ძალიან ისე გამომივიდა, ცოლები, რომ მთვრალ ქმრებს აწყნარებენ - ხოდა მე ცოლი არ ვარ, ქალიც არ ვარ. ვარ კაცი. ცოლები რასაც შვებიან შნირობაა. გეი შნირი არ უნდა იყოს და მეც დავიწყე:

- ავთო!
- ავთო!
- ავთო!

ავთოს არც ჩემს და არც ბაიკერის ძახილზე გამოუხედია. ბაიკერი მანქანიდან გადავიდა, მაგრამ სახლისკენ არ წავიდა. მანქანის უკან გაიარა და საერთოდ გაუჩინარდა. პირველი რასაც შევხედე, გასაღები იყო, რომელიც, მობულურთან ერთად, მანქანაში იყო დატოვებული. ლიბანური შანსონებს ჩავუწიე. ფანჯრებს ავუწიე, ტურა რომ არ შემომხტარიყო. (ნეტა, ავთოს საძებრად წავიდა? ტურა ხომ არ უნდა მოკლას შიშველი ხელებით? ან იქნებ, ანძრევს?) ფანჯარა ოდნავ ჩამოვწიე:

- შალვა!

(პირველად დავუძახე სახელი).

- შალვა!

10 წუთის განმავლობაში თავს ოთხივე მხარეს ვატრიალებდი. ოთხივე მხარეს უკუნითი სიჩუმე და სიბნელე იდგა. გადავწყვიტე, პოლიციაში დამერეკა. ავიღე მობილური (ამ დროს, გავაცნობიერე, რომ თუ ამას ვიზამდი, სულ დავკარგავდი შანსს, რომ ჩემს ბაიკერთან ვყოფილიყავი). ცოტა ხანი მოვიცადე. უშედეგოდ არა: ფანჯარაზე მოაკაკუნა. გავუღე კარი.

- სად იყავი?
- გიორგას ვეძებდი.
- გიორგა, ვინაა?
- ავთო და გიორგა ჩემი ბიძაშვილები არიან.
- მერე?
- არ იყო.

ვინ არ იყო? ან სად არ იყო? ან რატომ არ იყო? რა ურთიერთობა ქონდა ბიძაშვილებთან, ან მე, იავნად გეი ტიპი, რატომ მივყავდი ნათესავების სახლში - რატომ არ უნდოდა ჩემი გაჟმვა? რატომ?

- მე რა მინდოდა შენს ნათესავებთან?

არ შეიმჩნია.

- რატომ არ მპასუხობ ზოგ კითხვაზე?
- მაგათ ვანახებ მე…
- რას?

ვერ მივხვდი ისე, რაღაც ფარდულთან მივედით. ბაიკერი გადავიდა და 5 წუთში კანისტრა შეაგდო უკან მანქანაში. საშინელი ბენზინის საშინელი სუნი დადგა მომენტალურად.

- ეს რად გინდა?
- მე, არა, გიორგას უნდა.
- ნახე ანუ გიორგა?
- ჯერ არა.

არ გავდა ეს გიჟის პასუხებს. თუ არ ვცდები, იმავე ადგილას დავბრუნდით. კანისტრა გადაიტანა. 20 წუთში დაბრუნდა. ბენზინის სუნით ყარდა. ლიბანური მუსიკის ფონზე იმ ადგილს მოვშორდით. უკან არ მიმიხედავს, რომ მიმეხედა, ალბათ ცეცხლს თუ არა, კვამლს მაინც დავინახავდი, რომლის ჩასაქრობადაც, როგორც მოგვიანებით გამოვარკვიე, ქვეყანას საერთაშორისო დახმარებების გამოყენებაც დასჭირვებია.

დაახლოებით 45 წუთის შემდეგ მანქანა გააჩერა. მე მასთან სექსის იმედი აღარ მქონდა… ახლა ბათუმზე ვფიქრობდი.

- გადმოდი

შემეშინდა.

- სად ვართ?
- გადმოდი და ნახავ.

სანდომიანად შევხედე, ვანიშნე, რომ ის იყო ჩემი პატრონი. გამიღიმა და წარბები მაღლა აქაჩა. გადავედი. ზღვის ხმა გავიგე, მაგრამ ვერ ვხედავდი. მობილური გაანათა, კისერზე მომხვია ხელი და ქვიშიან სანაპიროზე ჩამიყვანა (ურეკი იყო). აქ დამელოდე. ხელში მომცა მობილური. დაიწყო გახდა, ჩემი საყვარელი კომბინაციით: ჯერ პერანგი, მერე ფეხსაცმელი, მერე წინდი, მერე შარვალი და ბოლოს ბოქსერები. ტანსაცმელს ჩემს ფეხებთან ყრიდა. რისი დანახვაც მინდოდა, ვერ დავინახე, უცბად ჩავიდა წყალში. ცოტა შემცივდა. ტურების ისევ მეშინოდა (ნეტა, ტურები დადიან ზღვის ნაპირზე?) უცბად, გავშტერდი - ან აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე - მთვარე სავსე იყო. ჩემი ბაიკერიც ზუსტად მთვარის შუქის ზოლზე ცურავდა. გამეღიმა. ვიფიქრე, როგორ გინდა დააჯერო ვინმეს, რომ რაც გადაგხდა ასეთი სიმართლე, უცნაური და ლამაზია?

- კაი წყალია?
- კი.
- მეც მინდასავით.

არ დამელოდა. მანქანისკენ წავიდა. მე არ წავედი. მაინტერესებდა, როგორ იტყოდა ისეთ ‘ძალზედ პრაგმატულ’ წინადადებას, როგორიცაა - ‘არ მოდიხარ?’ თან მისი ტანსაცმელი ჯერ კიდევ ჩემს ფეხებთან ეყარა. 20 წუთი დგომის შემდეგ, თავადვე ავიღე ბენზინის სუნად აყროლებული ტანსაცმელი და მანქანისკენ წავედი.

- ეგ აქ არ ჩადო.
- აბა?
- უკან.
- გააღე.

შიშველი იჯდა.

- მმმ

(და თვალებით დამაინტრიგებელი მიმიკა გავაკეთე) ისევ არ შეიმჩნია.

- ასე უნდა იჯდე?
- მოდი აქ.

გვერდზე გადავიწიე, როგორც წესი, კისერში კოცნით ვიწყებ ხოლმე, მაგრამ მხარზე შემომხვია ხელი და მის მკერდზე მიმაყრდნო. მთელი ძალით ჩამიხუტა. მე ხელი მისი ყლისკენ წავიღე, მარა, მეორე ხელით დამიჭირა და ბარძაყთან შემაჩერა.

- ჩჩჩჩ…

ასე ვისხედით გაუნძრევლად. მიყვარდა?

- ბათუმში ვართ!

თავი რომ ავწიე, ბათუმის კათოლიკური ეკლესია დავინახე. ჩემს ადგილას ვიჯექი. მას თეთრი მაისური და რაღაც, ახალი ჯინსი ეცვა.

- რამდენი ხანი მეძინა?

არ უპასუხია.

- აქ გინდა, თუ სხვაგან?
- შენ არ გაჩერდები?
- არა, რა მინდა მე ბათუმში?
- აბა, რისთვის წამოხვედი შენ?
- შენ არ გინდოდა?
- მე სხვა რამეც მინდოდა!

მივხვდი, რომ აზრი არ ქონდა არაფერს. თან, ბათუმის ჰაერმა, მაინც თავისი ქნა და ‘ახალი ცხოვრების დაწყების მაგვარი’ განწყობით ჩემს პატარა ზურგჩანთას დავავლე ხელი.

- ერთად მაინც გვესაუზმა.
- არ ვჭამ მე.
- ყავა მაინც დავლიოთ.
- მეჩქარება.
- სად?
- თბილისში, მერე მიშასთან

რატომ ეჩქარებოდა? ან მიშა ვინ იყო?…

- ბაიკერ, ასე დაგარქვი მე შენ. ძალიან კარგი ადამიანი ხარ! დიდი მადლობა!

არ დამმშვიდობებია. მანქანიდან გადმოვედი. ხელი დავუქნიე. მხოლოდ საღამოს 7 საათზე გამეღვიძა ნომერში. ზღვის სუნს ვერ ვგრძნობდი - მხოლოდ ბენზინის. ბაიკერი სიგიჟემდე მენატრებოდა. ცრემლები მომდიოდა. ხმადაბლა ვამბობდი ‘ბაიკერ-ბაიკერ’. ბოლოს, ბოლო ძალები მოვიკრიბე, შხაპი მივიღე, იმავე საღამოს მატარებლის ბილეთიც ავიღე. ჩემი იაფფასიანი სასტუმროს ფოიეში რომ გამოვდიოდი, კურიერში გამოაცხადეს:

‘დღეს, ძლიერი ავტოკატასტროფის შედეგად, ქ. გორის გადასახვევთან ორი მგზავრი დაიღუპა. წინასწარი ექსპერტიზით, 22 წლის თანამგზავრს სექსუალური ძალადობის კვალიც აღენიშნება. ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარე იყო…’

ბაიკერს მე ვერ ვუშველე.
ამის შემდეგ, ჩემი თავი უფრო შემიყვარდა.

ავტორი:  მანდრეიკ

admin

Related Articles

Leave a Reply

Close
?>