UPR- უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა და ლგბტქ თემის უფლებები

ავტორი: თიკო ნადირაშვილი

ალბათ, თქვენთვისაც ისევე უცხოა გაერო და მისი მექანიზმები, როგორც ჩემთვის იყო. ყოველთვის გაეროზე ფიქრისას მახსენდება სამოქალაქო განათლებისა და გეოგრაფიის გაკვეთილები, რომელთა განხილვისას მხოლოდ რამდენიმე საკითხი დგებოდა ხოლმე დღის წესრიგში- შიმშილი, ჰუმანიტარული დახმარება და სხვა მისთანანი.

დღეს მინდა გაგაცნოთ გაეროს იერარქიის ერთ-ერთ შემადგენელი ნაწილი  UPR- უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) არის გაეროს ერთ-ერთი უნიკალური მექანიზმი, რომელიც მოიცავს გაეროს წევრი 193-ვე ქვეყნის ადამიანის უფლებათა ჩანაწერების პერიოდულ მიმოხილვას. ის აძლევს შესაძლებლობას ყველა სახელმწიფოს განაცხადოს რა ქმედებები მიიღეს მათ ქვეყნებში ადამიანის უფლებების  გასაუმჯობესებლად და ამავე უფლებებით სარგებლობის გამოწვევების დასაძლევად.

ბევრი აკადემიურ სიტყვის გამოყენებას , რომ მოვერიდო გეტყვით, რომ თითოეული ქვეყნის დიპლომატები ერთ დარბაზში სხდებიან და ხან ცოტა თავს იქებენ, ხანაც აღიარებენ რომ „დიახ, ჩვენ ვერ ვახერხებთ ყველა ჯგუფის უფლებების თანაბრად რეალიზებასა და დაცვას“. გმადლობთ ამ აღიარებისთვის, თუმცა იქნებ სულაც დიპლომატიური ბოდიში საკმარისად კარგად არ აგრძნობინებს LGBTQ თემის წევრებს, რომლებიც ჩაგვრის, გენდერის სამართლებრივი აღიარების, უსახლკარობის, შრომითი უფლებების დარღვევისა და ძალადობის წინააღმდეგ იბრძვიან . ეს კითხვები სხვა ქვეყნებსაც უჩნდებათ, რაზეც დიპლომატიურ „დიახ, მიღებულია“ – supported  და „არა, თავი დაგვანებეთ“- noted პასუხს უბრუნებს ქვეყნის წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ძალიან პოლიტიკურია, ხშირად ნათლად ხატავს სხვაობას იმ რეგიონულ ჯგუფებს  შორის, რომელიც UPR-ში განხილვის პროცესშია ჩართული. ასეთი სულ ხუთია:

  • აფრიკის სახელმწიფოთა ჯგუფი, ცამეტი;
  • აზიის სახელმწიფოთა ჯგუფი, ცამეტი;
  • აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ჯგუფი, ექვსი;
  • ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების ჯგუფი, რვა;
  • და დასავლეთ ევროპისა და სხვა სახელმწიფოთა ჯგუფი, შვიდი;

შესაბამისი ოდენობებით ჯამში იქმნება 47 სახელმწიფოსაგან შექმნილი ჯგუფი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში სამჯერ ხვდება ერთმანეთს და ხანაც თავს უკრავს ერთმანეთს, ხანაც კი დიპლომატიური „არა, გმადლობ-ით“ იშორებს ერთმანეთს.

აღნიშნულ პროცესში ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ ჩართულია TROIKA – სამეული (ტროიკა).  TROIKA-ს  წევრები შეირჩევიან შემთხვევითობის პრინციპით და წარმოადგენენ ქვეყნებს, რომლებიც შედიან ადამიანის უფლებათა საბჭოს შემადგენლობაში,  წევრები კი მუდმივად დაბალანსებულია რეგიონალურად.

თითოეული მექანიზმის შედეგიანობისათვის  ყველაზე მნიშვნელოვანია მასში ჩართულობის კოეფიციენტი. კითხვა კი მდგომარეობს იმაში თუ როგორ შეგვიძლია ამ პროცედურის მონაწილეები გავხდეთ, არა ?! ამისათვის უნდა განვიხილოთ რა ძირითადი დოკუმენტაციის იმპლემენტაცია ხდება განხილვის პროცესში და როგორ შეგვიძლია მის შექმნაში აქტორები გავხდეთ.

ეს დოკუმენტაციაა:

  • მასალების წარდგენა: არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს, აკადემიურ დაწესებულებებს და სხვებს აქვთ შესაძლებლობა წარმოადგინონ მასალები განსახილველ ქვეყნებში არსებულ პრობლემურ უფლებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
  • OHCHR-ის კრებული: ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი მოამზადებს 10-გვერდიან ანგარიშს, რომელიც შეაჯამებს წარმოდგენილ მასალებს.
  • ეროვნული კონსულტაციები: განსახილველი სახელმწიფოსთვის რეკომენდირებულია (მაგრამ არა სავალდებულო) გამართოს ეროვნული კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან(არასამთავრობო სექტორი), რათა დაეხმაროს მას საკუთარი ანგარიშის მომზადებაში.
  • სახელმწიფო ანგარიში: შემდეგ სახელმწიფო წარუდგენს საკუთარ 20-გვერდიან ანგარიშს, რომელშიც მოცემულია კონსულტაციების პროცესი, ეროვნული კონსტიტუციური და ნორმატიული ჩარჩოები, საერთაშორისო ვალდებულებები, ადამიანის უფლებების მიღწევები, საუკეთესო პრაქტიკა, გამოწვევები და შეზღუდვები და ძირითადი ეროვნული პრიორიტეტები, ინიციატივები და ვალდებულებები, რომელთა აღებასაც სახელმწიფო აპირებს ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ეს ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს განხილვამდე სულ მცირე 6 კვირით ადრე;
  • სამუშაო ჯგუფის დიალოგი: სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება ადამიანის უფლებათა საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოსგან, და თავმჯდომარეობს საბჭოს პრეზიდენტი, შემდეგ ჩაატარებს 3,5 საათიან ინტერაქტიულ დიალოგს ჟენევაში შესაბამის სახელმწიფოსთან. არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლებათ დაესწრონ დიალოგს, თუმცა მათ არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ განხილვაში.
  • შედეგის მოხსენება და რეკომენდაციები: სამი მომხსენებელი, რომელიც შერჩეულია გაეროს ხუთი გეოგრაფიული ჯგუფიდან მოამზადებს ანგარიშს დიალოგის, რეკომენდაციებისა და დასკვნების შეჯამებით. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ლობირება გაუწიონ მთავრობებს, მიიღონ ძირითადი რეკომენდაციები საბოლოო ანგარიშის მიღებამდე;
  • ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მოხსენების მიღება: საბოლოო ანგარიშს განიხილავს ადამიანის უფლებათა საბჭოს სრული პლენარული სხდომაზე 1 საათის განმავლობაში. განხილულ სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა გამოხატოს თავისი მოსაზრებები და დააფიქსიროს თავისი პოზიცია სამუშაო ჯგუფის დიალოგის დროს გაკეთებულ თითოეულ რეკომენდაციაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ ზოგადი კომენტარების გაკეთება საბოლოო ანგარიშის მიღებამდე;
  • შემდგომი მოქმედებები: შესაბამისი სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს რეკომენდაციების შესრულებაზე, სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. არასამთავრობო ორგანიზაციების ენერგიულმა მონაწილეობამ შემდგომ აქტივობებში – შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ძირითად ორგანიზაციებთან ან ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებთან პარტნიორობით – ხელი შეუწყოს რეკომენდაციების გასაჯაროებას და წახალისებას. მომდევნო განხილვისას სახელმწიფოს მოეთხოვება ანგარიშგების  წარდგენა რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.

საბოლოო ჯამში სწორედ აღნიშნული პოლიტიკური განცხადებები არის გაეროს ის პოლიტიკური მზერა, რომელსაც იგი არ აცილებს სახელმწიფოებს და აიძულებს მათ იყვნენ კრიტიკულები სხვათა და თავად საკუთარი სახლემწიფოებრივი მდგომარეობასთან მიმართებით უფლებრივი კუთხით.

აღნიშნული პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვნია არსებული პოლიტიკური გარემოებების აღქმის ნაწილშიც მათ შორის , რათა სახელმწიფოებრივი მოწყობის ასპექტში შესაძლებელი გახდეს საერთო სამართლებრივი მდგომარეობის შეთავაზება ყველა უფლების სუბიექტისათვის მიუხედავად მისი დაბადების ადგილისა.

 

მსოფლიოს ქვეყნებში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ადამიანის უფლებების დარღვევა ძალიან ხშირია და მასში საგამონაკლისოდ არ მოიხსენიება მხოლოდ საქართველო. აღნიშნული დარღვევები გამოხატულია საკანონდებლო დათქმებში, რომელიც მოიცავს სიკვდილით დასჯის გამოყენებას, სისხლის სამართლის სანქციებს, წამებას, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებების აკრძალვას LGBTQ თემისათვის, ლტოლვილთა ან თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნის უარყოფას და დისკრიმინაციას ჯანდაცვის, დასაქმების, განათლებისა და საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის საკითხებში.

ლესბოსელებისა და გეიების საერთაშორისო ასოციაციია (ILGA), მიუთითებს, რომ 70-ზე მეტი სახელმწიფო და ტერიტორია აგრძელებს სისხლის სამართლის სანქციების დაწესებას თანხმობაზე დაფუძნებული ერთსქესიანი ურთიერთობების წინააღმდეგ, 13 სახელმწიფოში კი დღემდე ინარჩუნებს სიკვდილით დასჯას.

UPR არის ღირებული ინსტრუმენტი საერთაშორისო ყურადღების გასაძლიერებლად და რეაგირებისათვის ადამიანის უფლებების დარღვევებზე სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე .  ახლახან დასრულებული UPR-ის სესიების დროს, ქვეყნებთან გატანილი რეკომენდაციები მოიცავდა ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე მკვლელობების დაუსჯელობის შეწყვეტას, დაუსჯელობის სინდრომის მოხსნას მათ მიმართ, ვინც არასწორად ეპყრობა  LGBTQ თემის წარმომადგენლებს პატიმრობაში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (SOGI)  გამო, ამასთან კანონმდებლობით გათვალისწინებული აღნიშნული თემის მიმართ SOGI ნიშნით დისკრიმინაციის საკანონმდებლო დონეზე არსებობის გამო. ასევე რეკომენდაციებს აივ/შიდსის პროგრამების შემუშავების თაობაზე მათთვის , ვისაც აქვს სექსუალური ურთიერთობა მისივე სქესის წარმომადგენელთან, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის რეტროვირუსული მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, გამოხატვისა და მანიფესტაციის თავისუფლების პატივისცემის შესახებ PRIDE აღლუმების კონტექსტში, თანაგანცდისა და ცნობიერების ამაღლების პროგრამების დანერგვაზე, მათ შორის პოლიციისა და მოსამართლეებისთვის. LGBTQ თემის წარმომადგენელი ლტოლვილებისათვის თავშესაფრის უზრუნველყოფის ვალდებულების თაობაზე თუ ისინი წარმოშობის ქვეყანაში დევნას განიცდიან, თანაბარი მოპყრობის შესახებ მთავრობის პოლიტიკის შემუშავებისას LGBTQ თემის მიმართ , რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს იოგიაკარტას პრინციპებზე.

აღნიშნული ფაქტები საქართველოს მაგალითზე რომ განვიხილოთ , მინდა გაცნობოთ , რომ გაეროს უნივერსალური მიმოხილვის მესამე ციკლზე 2022 წელს საქართელოსათვის 285 რეკომენდაციიდან 23 გაიცა სწორედ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხების (SOGI) თაობაზე. მათ შორის ვხედავთ ქვეყნებს – ბელგიას, საფრანგეთს, ნიდერლანდებს, დანიას, ირლანდიას, შვედეთს, ფინეთს, ნორვეგიასა , კანადას , ისრაელსა და ავსტრალიას.

მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები კონცეტრირებულია შემდეგ საკითხეზე:

  • შემდგომი ზომების მიღება ლგბტი ადამიანების მიმართ სიძულვილის ენისა და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
  • სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაზრდა, რათა ადეკვატურად გამოიძიონ ქვეყანაში სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები, პრევენციული ძალისხმევის გაზრდით.
  • ჩატარდეს საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიები სტიგმასთან, მითებთან და სტერეოტიპებთან საბრძოლველად , რომლებიც დაკავშირებულია სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან .
  • მიღებულ იქნეს ზომები, რაც უზრუნველყოფს LGBTQ აქტივისტების უსაფრთხო და მშვიდობიან შეკრებას.

თუ გავეცნობით სხვა ქვეყნების რეკომენდაციებს, რომელიც შეეხება LGBTQ უფლებებს  მათ შორის ყველაზე მკაცრ და საციცოცხლოდ მნიშვნელოვნად რამდენიმე მოგვეჩვენება. ჩემი აზრით ეს ეხება რამდენიმე ქვეყანას :

  • ირანი – გერმანია, ჩეხეთი, კანადა ისრაელი, ლუქსემბურგი, ისლანდია და ახალი ზელანდია მათ რეკომენდაციებში პირდაპირ უთითებენ , რომ „გააუქმოს ირანმა სისხლის სამართლის კოდექსის დებულებები, რომლებიც კრიმინალიზაციას ახდენს თანხმობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის“ (გერმანია); „გააუქმოს ყველა საკანონმდებლო დათქმა, რომელიც ხელს უწყობს SOGI ნიშნით დისკრიმინაციასა და ჩაგვრას“ (ისრაელი, ჩეხეთი). აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რეკომენდაციებზე ირანმა მხოლოდ „noted” სტატუსი მიანიჭა საკითხებს.
  • არაბეთის გაერთიანებული საამიროები – „მიიღოს შესაბამისი ზომები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი პირების დასაცავად და უზრუნველყოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დამნაშავეების იდენტიფიცირება, სისხლისსამართლებრივი დევნა და პასუხისმგებლობის დაკისრება „ (ამერიკის შეერთებული შტატები);

საბოლოო ჯამში გარკვეული ნაწილი სახელმწიფოების მზად არის მხარი დაუჭიროს, სარგებლობს კიდეც მათი პოლიტიკის დაგეგმვისას მითითებებით იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც საჭიროა ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რაც შეეხება მეორე ნაწილს სახელმწიფოებისა , ისინი გამორიჩევიან გულგრილებით ან მტრული განწყობით აღნიშნული თემების მიმართ, რაზეც მიანიშნებს სწორედ ირანისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების განწყობაც , SOGI ნიშნით დისკრიმაციის საკითხებზე რეკომენდაციებზე მხოლოდ „noted” სტატუსის მინიჭებით.

UPR იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას ამაღლდეს ცნობიერება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე განხორციელებული ადამიანის უფლებების მრავალი დარღვევის შესახებ. ეს გვაძლევს შესაძლებლობას გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება, გავაძლიეროთ ალიანსები, ხელი შევუწყოთ პოზიტიურ ცვლილებებს, შევქმნათ საერთაშორისო მხარდაჭერა და მივცეთ კონკრეტული რეკომენდაციები ცვლილებებისთვის მონაწილე სახელმწიფოებს.