კიბორგის დაბადება

ავტორი: დავით აფაქიძე

 

მოდის ინდუსტრიაში დამკვიდრებულ გენდერულ წესრიგსა და ზოგადად, გენდერის აღქმაში ერთგვარი გარღვევა მოახდინა დონა ჰარავეის[1] “კიბორგის მანიფესტში” წარმოდგენილი,  კიბორგის ფიგურის შემოსვლამ. კიბერ სხეულს როგორც ბუნებრივი, ადამიანური, ისე მანქანური საწყისები აქვს, რაც მას  გენდერის ნორმატიული გაგების და მისი საზღვრების მოშლის  საშუალებას აძლევს. ერთი მხრივ, ის ამას პირდაპირ, სხეულებრივად ახერხებს და თავის ბიოლოგიურ, ბინარულ საწყისში ცვლილებები შეაქვს, მეორე მხრივ, მას საშუალება ეძლევა უარი თქვას თავის ბიბლიურ შემოქმედზე, ღმერთზე, რითიც ის არა მარტო თავისი სხეულის, არამედ კაცობრიობის განთავისუფლებას ახერხებს გენდერული ტყვეობისგან.

არაბინალური კიბორგი თავის სხეულში მექანიკურ ჩარევებს ახორციელებს, რითიც ის აუმჯობესებს, ავითარებს თავის ბიოლოგიურ მოცემულობას. კიბორგი თავისი არჩევანის მიხედვით იმატებს და იკვეთს ორგანიზმის იმ ნაწილებს, რომელიც მას თავისი სრულყოფილი სხეულის შესაქმნელად სჭირდება.  თანამედროვე მედიცინა ამ უტოპიური ორგანიზმის რეალურ სამყაროში განხორციელების საშუალებას იძლევა. პლასტიკური და სხვა ქირურგიული ჩარევები, სხეულზე მორგებული გაჯეტები, მითოლოგიურ კიბორგს რეალურ ადამიანს უახლოებს და მინიმუმამდე დაყავს ზღვარი ადამიანსა და არა-ადამიანს შორის. ბიოლოგიური გამოცდილების და მეხსიერების მქონე, უკვდავი, მექანიკური სხეული, იქნება ის, ვინც სიკვდილისა და სიცოცხლის, ქალურისა და მამაკაცურის დაპირისპირებას სამუდამოდ მოუღებს ბოლოს. დიქოტომიური პარადიგმა, რომელიც ადამიანის სიკვდილის შიშზე დგას, კიბორგისათვის მხოლოდ წარსული გამოცდილებაა.

„რობოტულად, ნაწილობრივ როლისადმი ერთგულმა, ნაწილობრივ კოსტიუმის ლიმიტებით შეზღუდულმა, მან პოდიუმზე, უცნაური სტრიპტიზის ცეკვით გაიარა. ეს იყო გამაოგნებელი, დაუჯერებლად ავანგარდული შერწყმა ხორცის, მეტალის, სექსისა და ვნებისა, შთაგონებული ინტერნეტის გაჩენის თანადროულად  ტექნოლოგიებისადმი მოზღვავებული ინტერესით, და ისეთი აკადემიური ტექსტებით, როგორიცაა დონა ჰარავეის ესსე „კიბორგის მანიფესტი“ – წერს ჯეიკ ჰოლი, ჟურნალ “HERO”-სთვის ტერი მიუგლერის 1995 წლის Haute Couture ჩვენებაზე გამოსულ კიბორგ მოდელზე.

ოთხმოციანი წლების მიწურულს შექმნილმა, დონა ჰარავეის ზემოთხსენებულმა „მანიფესტმა“, როგორც პოსტჰუმანური ფემინიზმის, ისე სახვითი ხელოვნების ყველა სფეროზე უზარმაზარი გავლენა იქონია. რა თქმა უნდა ქალი კიბორგები აქამდეც გვხვდებოდნენ სახვით ხელოვნებაში,  თუნდაც მიუგლერის კიბორგ კოსტიუმი სწორედ ჰაჯიმე სორაიამას მანამდე შექმნილი, სექსუალური რობოტების გადამღერება იყო, მაგრამ აქამდე შექმნილი რობოტების ფემინური სხეულუბი ყოველთვის კაცის მზერის ქვეშ მოქცეული და მის დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული იყო.  შეიძლება ითქვას, რომ ტერი მიუგლერთანაც კიბორგმა ქალმა ისევ კაცის ხელში გაიარა და მის მზერას ვერ გასცდა, თუმცა  დონა ჰარავეის ტექსტმა ნამდვილად გადალახა აკადემიური სივრცის საზღვრები და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის  მოდის ინდუსტრიაშიც შეაღწია თავისი ვირუსული და მომწამვლელი ეფექტით.

ვიზუალურ ხელოვნებაში, კიბორგების სხვადასხვა ფორმით გამოჩენამ  ოთხმოცდაათიან წლებში მიაღწია პიკს, მოდა, ანიმე, კინო, ყველაფერი თითქოს დონა ჰარავეის უტოპიური ტექსტის წინასწარმეტყველურ, ბიბლიურ ტექსტად ქცევას უწყობდა ხელს, მაგრამ  ტექსტი მაინც უტოპიად რჩებოდა და ქალის სხეული ისევ კაცის მზერით და მისი გავლენით იძერწებოდა, მაშინაც კი როდესაც მას კიბორგულ გარეკანს აძლევდნენ.

ამ მხრივ გარდამტეხად შეიძლება ალექსანდრ მაქუინის 1999 წლის ჩვენება მოვნიშნოთ,  სადაც მოდელმა შალომ ჰარლოუმ თავის პერფორმანსში რობოტთან ერთად იცეკვა. ამ პერფორმანსში თითქოს დონა ჰარავეის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ციტატამ ხორცი შეისხა –  „ though both are bound in the spiral dance, I would rather be a cyborg than a goddess”. ამ ჩვენებამ მოდის ისტორია ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა, შემოქმედის ხელი და მისი ფუნქცია –  რომელიც აქამდე აუცილებლად ბინარულ მოცემულობაში არსებობდა – რობოტის ხელმა მიითვისა, ალექსანდრ მაქუინმა, როგორც კაცმა, როგორც ჰომო საპიენსმა უარი განაცხადა შემოქმედის პოზიციაზე და ეს „პრივილეგია“ რობოტს გადასცა. სწორედ აქ შედგა კიბორგის და ქალღმერთის სპირალური ცეკვა. ამ ჩვენებამ და ზოგადად, ალექსანდრ მაქუინმა იმდენად დიდი ნახტომი მოახდინა მოდაში, რომ ამ ისტორიის გასაგრძელებლად 2016 წელს მოგვიწევს გადანაცვლება.

ირის ვან ჰერპენი ალბათ დონა ჰარავეის კიბორგის მანიფესტის ყველაზე სრულყოფილი გამოვლინებაა. ეს დიზაინერი ოტ კუტიურ[2] ხელოვნების რევოლუციის გამგრძელებელია, ის რაც ტიერი მიუგლერმა დაიწყო ოთხმოციანებში, მან 2010-ებში გააგრძელა. ირის ვან ჰერპენმა ოტ კუტიურ ხელოვნება ახალ ლეველზე აიყვანა. მან მაღალტექნოლოგიურობა და ხელსაქმე, ბუნება და რობოტულობა ერთმანეთში შერწყა და ახალი ფუტურიზმი მიიღო. მასში  მანქანა, ადამიანი და ცხოველი ისეა ერთმანეთში შეზრდილი, რომ ისინი ერთ მთლიანობად იქცევიან. ჰარპენის შემოქმედება ნამდვილად ცდება უბრალოდ პოსტჰუმანურ სამყაროს, მისი  პოსტაპოკალიპტური კიბორგი ნარჩენებისგანაა შექმნილი. მისი კიბორგი მწვანეა, უყვარს თავისი სამყარო – დედამიწა, რომელიც მას შთააგონებს.. სწორედ ამაში განსხვავდება კაცის და ქალის მიერ შექმნილი კიბორგი, კაცის მზერაში კიბორგი ქალურ სხეულზე დაშენებული რკინა და ფოლადია, რომელიც ქალს უფრო მიმზიდველს და ამ დროის მარწუხებში მოქცეულს ხდის. ირის ვან ჰერპენთან კი ქალი კიბორგი დიდი მთლიანობის ნაწილია. მაქუინის მსგავსად, ის, ასევე ახდენს შემოქმედი ხელის რეპრეზენტირებას. 3დ ტექნოლოგიით კაბის ბეჭდვის პროცესი მან გაზაფხული ზაფზულის 2016 წლის ჩვენებაში აჩვენა. თუ მაქუინთან რობოტი იმპროვიზირებულ, აგრესიულ მოძრაობებს აკეთებდა და მისი ხელით შექმნილი გამოსახულება პოლოკის[3] აბსტრაქციებში, ტილოზე გამოსახულ კაცის სპერმას წააგავდა, ირის ვან ჰარპენის რობოტი ფილიგრანულ შრომაშია, შრომაში რომელიც საუკუნეების განმავლობაში საერთოდ კულისების გარეთ რჩებოდა. ირის ვან ჰერპენი  საკურთხელეველზე  ხელსაქმეს დებს.

კიბერ მოდის ყველაზე შთამბეჭდავი ბოლო გამოვლინება ალბათ არკას კლიპი  – ნონ-ბაინერია, სადაც არკა შეიძლება ითქვას, რომ  არაბინარული კიბორგის ჰიმნს მღერის. ამ კლიპის ვიზუალები ისევ  შექმნის აქტთან გვაბრუნებს, სადაც ღვთაებრივი, შემოქმედი ხელი ისევ რობოტის ხელით ნაცვლდება. ბოტიჩელის ვენერას დაბადებაში გამოსახული ანტიკური ღვთაებები აქ მაქუინის რობოტებათაა ჩანაცვლებული. ბინარული ჩარჩოებისგან თავისუფალი კიბორგი, პირველ რიგში თავისუფალია თავისი შემოქმედისგან. ბიბლიური შექმნის აქტზე უარის თქმით, ის ახერხებს  კაცის გამჭოლი მზერისგან გაქცევას, რითიც მარადიულობას აღწევს.

„კიბორგი ვერ იცნობდა ედემის ბაღს: ის მიწისგან არ შექმნილა და მიწაში დაბრუნებაზეც არ ოცნებობს“[4]

 

 

[1]დონა ჯ. ჰარავეი, ამერიკელი პროფესორი ცნობიერების ისტორიისა და ფემინისტური კვლევების განყოფილებებში კალიფორნიის უნივერსიტეტში, სანტა კრუზი. გამოჩენილი ავტორი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევების სფეროში. მან დიდი წვლილი შეიტანა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ფემინისტური თეორიის გადაკვეთაში, თანამედროვე ეკოფემინიზმის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი.

[2] ექსკლუზიური, ცნობილი მოდის სახლების მიერ შექმნილი მოდის მიმართულება.

[3]  ჯექსონ პოლოკი, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მიმდევრობის თანადამაარსებელი. პოლოკი თავის მხატვრობაში ფუნჯებს, ტილოზე წასმის ნაცვლად, საღებავის ტილოზე დასასხმელად იყენებდა,. მისი მხატვრობა ძალიან პერფორმატიული იყო და ბევრისთვის სპერმის დასხმის აქტთან ასოცირდებოდა.

[4] დონა ჰარავეი “კიბორგის მანიფესტი”