ჩვენი სხეულები და არსებობა ცივი მექანიზმების წინააღმდეგ

ქ. ოდოელი

 

ქვიარ არსებობაზე თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე კლიშე და გავრცელებული ნარატივი არის ქვიარობის, როგორც  ჩვენი ყოფის არჩევანად, ცხოვრების სტილად ან/და აკვიატებად დასახვა. ამის საპასუხოდ  ქვიარ თემში, თავდაცვის  და თვით დამკვიდრების მიზნით,  წარმოიქმნა კონტრ-ნარატივი: მე ასეთად დავიბადე. ერთი მხრივ, ეს პასუხია ქრისტიანულ-კონსერვატიულ შეხედულებაზე, რომ ქვიარ სექსუალობა/ყოფა უკვე ცოდვილი ქცევაა,  რომელიც “გამოსწორებადია” და შეცვლადი, ამის საპასუხოდ თითქოს ლოგიკურია საკუთარი თავი გამოაცხადო ბუნებრივ მოვლენად, თქვა, რომ – მე ასეთი ვარ და ვერ შემცვლი – ამ განაცხადით მდგრადობასა და ბუნებრივობაზე ხაზგასმას, თავისებური ძალა აქვს. მაგრამ ეს ძალა იგივე წერტილიდან მოდის საიდანაც ჩაგვრა იღებს სათავეს.

შეიძლება „ასეთად დავიბადე“ ნარატივებს ასე პირდაპირ არ გადავეყაროთ,  მაგრამ მათი ლოგიკა, გარკვეული ფორმით ღრმად არის გამჯდარი ქვიარ ასიმილიაციონისტურ[1]* და განმათავისუფლებელ პოლიტიკებშიც კი. ბოლო წლების განმავლობაში იგი უფრო აქტუალური ტრანს გამოცდილებებზე საუბრის კონტექსტში გახდა. ნაწილობრივ ეს განპირობებულია იმით, თუ რამდენად მედიკალიზ\ებული და კანონებში გახლართულია ტრანს ადამიანი და ტრანს სხეული,  რამდენი დოკუმენტი, კვლევა, მტკიცებულება და ა.შ.  გვჭირდება სახელმწიფოს და დომინანტური საზოგადოებისთვის საკუთარი არსებობის დასამტკიცებლად. ეს ერთი მხრივ წარმოქნის „ასეთად დავიბადეს“ ლოგიკას ტრანს თემში, როგორც მარადიული თავდაცვის მექანიზმს, რომლის წიაღშიც თავს ხშირად იჩენს ტრანსმედიკალიზმი.[2]

ტრანსმედიკალიზმი, ტრანს ადამიანების და სხეულის წინააღმდეგ მიმართული,  ამ მჩაგვრელი ლოგიკის სრული გაშინაგანებაა, რომლის შეთვისებით და გავრცელებით საკუთარ თავს და სხვა ადამიანებსაც  ვუწესებთ მკაცრ პირობებს, თუ  რას ნიშნავს იყო ტრანსი: უნდა აღიარებდე ბინარულ დიქოტომიას, როგორც გარდაუვალ რეალობას, ყველა ექიმისგან, ექსპერტისგან და ბიუროკრატიისგან უნდა გქონდეს დარტყმული ბეჭედი, რომელიც შენს არსებობას ადასტურებს და აღიარებს, უნდა გაიარო ყველა სამედიცინო პროცედურა, უნდა გქონდეს უბადლო ესთეტიკური თანხვედრა ძალზედ ბუნდოვან, ბინარულ ქალ/კაც-ობის სტანდარტებთან. ტრანსმედიკალიზმი, ძალადობრივად ახდენს  გარე, იურიდიულ-მედიკალური მანქანის გაშინაგანებას, მისგან წამოსული, არსებობის ფორმების  ლეგიტიმურად გამოცხადებას. ტრანსმედიკალისტი იქცევა პოლიციელად, ზედამხედველად და მოსამართლედ, საკუთარი თავის და მთელი ტრანს თემის.

მაგრამ ყველას არც სურს მსგავსი ხისტი ტრანსფორმაციები, გავთამამდები და ვიტყოდი, რომ სავარაუდოდ უმეტესობას არ სურს სის-ნორმატიულ გენდერულ წესრიგში ჩაკარგვა. ყველასთვის სხვადასხვა მიზეზით,  მაგრამ მთლიანობაში,  ჩვენი საერთო,  უშუალო სურვილი არის საკუთარი თავის წარმოჩენა, გარდაქმნა და გარდასახვა (რა ფორმითაც არ უნდა იყოს) იმ ვიწრო საზღვრების და ნორმების მიღმა, რომელშიც  საზოგადოებრივი სტრუქტურები დაბადებინვე გვატყვევებენ. სხეული, რომელიც თითქოს ის არის, რაც ადამიანის გარდაუვალ საკუთრებას უნდა წარმოადგენდეს, რომელსაც თავად განაგებს და წარმართავს,  ქვეყნად მოვლენის მომენტიდან მოყოლებული, ძალაუფლებრივი სტრუქტურების მუდმივი მანიპულაციის საგნად იქცევა ხოლმე, სტრუქტურების, რომლებიც ხილული და უხილავი ფორმებით, დაუზარელად ცდილობენ საკუთარი სხეული ხელიდან გამოგვგლიჯონ და დაიქვემდებარონ. კონტროლის უსასრულო მექანიზმების მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკუთარი სხეულის პირველი და მთავარი მფლობელნი და მპყრობელნი ჩვენვე ვართ, ამისთვის არ გვჭირდება სამედიცინო-ბიუროკრატიული ექსპერტიზები, მხოლოდ მარტივი თვით გამოცხადება „მე ვარ ეს“  –  ყველაფერი  დანარჩენი ერთმანეთის მხარდაჭერით უნდა იყოს მიღწეული, ნაცვლად სახელმწიფოს ძალადობრივი და ძალაუფლებრივი ჩარევისა. სახელმწიფო სტრუქტურებმა საკუთარ ტრაკს მიხედონ სანამ ჯერ კიდე აქვთ. ჩვენ ვხდებით ის, რაც გვინდა, რომ ვიყოთ, ნებელობით, სიტყვიერი თვითდამკვიდრებით, ჩვენივე თემის და თანამებრძოლების მხარდაჭერით, სხეულის ნებისმიერი ცვლილებით (ან უცვლელობით).

ტრანსმედიკალიზმის გამყარებით და თანამონაწილეობით სის-ჰეტერო, პატრიარქალურ წყობას არ ვეწინააღმდეგებით, უბრალოდ მათსავე ლოგიკის გაგრძელებად ვცდილობთ თავის წარმოჩენას. თვითნებურად ვდებთ საკუთარ თავებს მეტაფორული და ფიზიკური მიკროსკოპის ქვეშ, რომ გავიზომოთ, ავიწონოთ, შევფასდეთ, იპოვონ ტვინის თუ გენეტიკის თავისებურებები რაც იწვევს ჩვენნაირ “გადახრებს”, ბიოესენციალიზის[3] თავიდან ვიგონებთ. საკუთარი თავების ასე წარმოჩენით ჩვენ არ ვთავისუფლდებით ჩაგვრის წნეხისგან არამედ მის ზეწოლას უფრო მყარს ვხდით. ამ გადმოსახედიდან ჩვენ ვართ მუტაცია, უბედური შემთხვევა, არსებული წესრიგის გამონაკლისი. ხოლო არსებული წესრიგი კი გარდაუვალი მოცემულობაა, აბსოლუტური ბიოლოგიური რეალობა.

აქ ძვირფასო მკითხველებო, ვიღებ პაუზას პირქუში და მტარვალი სამყაროს აღწერისგან და პირდაპირ გადმოვცემ – წესრიგი და მისი ლოგიკა ფიქციაა. თითიდან გამოწოვილი, მყიფე ფუნდამენტზე აშენებული ხორცსაკეპი მექანიზმი. ამ სამყაროს ლოგიკამ საკუთარი თავი ჭეშმარიტებად უნდა წარმოსახოს, მჩაგვრელებში და ჩაგრულებშიც, რომ მისი ძალაუფლება ეჭვქვეშ არ დადგეს. არარსებობს ქალი და კაცი, არ არსებობს ბიოლოგიური სქესი, იმ გაგებით რა გაგებითაც სოციუმები ოპერირებენ. ჩვენ კი არ ვართ ცხოვრების სტილი და არჩევანი, არამედ  ყველაფერი არის არჩევანი – ამიტომაც ამ ბრძოლას პირიქით უნდა მივუდგეთ,  უარვყოთ, რომ არსებობს ფიზიკური ობიექტური მოცემულობა, ჩვენ არ ვიბადებით ასეთებად, არამედ ვხდებით, თავიდან წარმოვიშობით, სხვადასხვა კომპლექსური სოციალური ინტერაქციის  შედეგად. საზოგადოებრივი წესრიგი, ერი-სახელმწიფო და მედიკალიზებული ყოფა არის ძალმომრეობა. ასე თუ არ მივუდგებით, “ასეთად დავიბადე” ლოგიკა გვკარნახობს, რომ პატრიარქალური დომინაცია გარდაუვალი ბიოლოგიური რეალობაა, უკვდავი გველეშაპი, რომელიც  ყოველჯერზე, როდესაც თავს მოვკვეთთ, სანაცვლოდ ახალ თავს გამოიზრდის

ძალაუფლების სტრუქტურაში, ბიუროკრატიაში, კანონებში და სხვადასხვა ინსტიტუციებში თავის პოვნა ან ჩანერგვა, ყოველთვის იყო და დარჩება წამგებიან ბრძოლად, რადგან ჩაგვრის წარმომქმნელ აპარატებს შევყურებთ შვებისთვის. გამოსავალი არ არის მარტივი ან ლამაზად, რამოდენიმე წინადადებაში შეფუთვადი, ბრძოლა არის რთული, ალტერნატიული არსებობის შესაქმნელად  საჭიროა ძალისხმევა და ენერგია, თუმცა მისი შედეგის წარმატებულობა ან წარუმატებლობა მხოლოდ პროცესში თუ გახდება განჭვრეტადი. არავის აქვს პასუხები, არავის ძალუძს, რომ სხვას წაუძღვეს წინ. წინააღმდეგობრივი მოქმედებები თვითნებური და თანხმობით წარმოქმნილი ფენომენებია. ყველა წინააღმდეგობრივი ბრძოლა, რაღაც დოზით ამ სათავიდან იწყება, მიუხედავად იმისა რაში შეიძლება გადაიზარდოს. თუ არ არსებობს საშუალებებისა და მიზნების ერთიანობა, ჩვენ მხოლოდ ერთ მჩაგვრელ სტრუქტურას ვანაცვლებთ მეორეთი.

[1] ასიმილაციონიზმი –  ქვიარ პოლიტიკაში დომინანტური, სის-ჰეტერო ნორმატიულობის მიმღებლობა და მის ნაწილად გახდომის მცდელობა.

[2] ტრანსმედიკალიზმი – მიდგომა, რომელიც მხოლოდ სამედიცინო ჭრილში აფასებს ტრანს* ადამიანების არსებობას, მათ ავთენტურობას და განსაზღვრავს მათდამი მიმღებლობას.

[3] ბიოესენციალიზმი – სოციალური ფენომენების გარდაუვალ, ბიოლოგიური ფაქტორებით განპირობებულ  რეალობად  წარმოჩენის ტენდენცია,  რომელიც  დამკვიდრებულია ფემინისტურ (ნაგავ) დისკურსებშიც  და  სქესის და გენდერის დიქოტომიურ აღქმას უკავშირდება.