დამოუკიდებელი ექსპერტი SOGI საკითხებში – 2023 წლის ზოგადი ანგარიში რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაზე

ავტორი: თამთა მაზანაშვილი

2016 წლის ივნისი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (SOGI) დაცვის თვალსაზრისით გარდამტეხი მომენტი აღმოჩდა, რამდენადაც სწორედ ამ წლის ამ თვეში შეიქმნა დამოუკიდებელი ექსპერტის მანდატი SOGI საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 32/2 რეზოლუციით, რომელმაც ლეგიტიმაცია მისცა 3-წლიანი მანდატის ჩამოყალიბებას (მანდატი განახლდა 2019 და 2022 წლებში 3-წლიანი პერიოდით). დამოუკიდებელი ექსპერტი SOGI საკითხებში გაეროს ადამიანის უფლებების ერთ-ერთი მექანიზმის, სპეციალური პროცედურების ნაწილია, რომელიც უშუალოდ კონცენტრირდება ადამიანის უფლებების დაცვაზე, მათ წინააღმდეგ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე მსოფლიო მასშტაბით. დამოუკიდებელი ექსპერტი სრულად ობიექტური, მიუკერძოებელი და პოლიტიკური „სენსიტიურობისგან“ თავისუფალი პირია, რაც მას აძლევს საშუალებას საერთაშორისო დონეზე განიხილოს და მოიცვას ისეთი საკითხები, რომლებიც სხვა შემთხვევაში პოლიტიკურად მოტივირებული ან პოლიტიკური ინტერესების გამო ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე. სწორედ ასეთი საკითხია LGBTQI+ ადამიანების უფლებების დაცვა და მათი თავისუფლებების შელახვა, რაც დღესდღეობით სამყაროს ნებისმიერ წერტილში ჯერ კიდევ აქტუალური, მნიშვნელოვანი და მოუგვარებელი გამოწვევაა.

გაეროს სპეციალური პროცედურების მექანიზმს სამი ინსტრუმენტი აქვს საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად: კომუნიკაცია და წერილების გაგზავნა სახელმწიფოებთან; ვიზიტები ქვეყნებში და ყოველწლიური ანგარიშები, რომლებსაც მანდატის მქონე ექსპერტი ყოველწლიურად წარუდგენს გაეროს გენერალურ ასამბლეასა (GA) და ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC). წინამდებარე სტატია შეეხება ყოველწლიურ ანგარიშებს, უფრო კონკრეტულად კი, 2023 წლის ზოგად ანგარიშს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაზე, რომელიც დამოუკიდებელმა ექსპერტმა SOGI საკითხებში ადამიანთა უფლებების საბჭოს წარუდგინა გაეროში.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ყოველწლიური ანგარიშების მნიშვნელობა. ანგარიშები ღრმად განიხილავს კონკრეტული საკითხის ჭრილში ადამიანთა უფლებების შელახვას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, დეტალურად აღწერს ამ მხრივ არსებულ პრობლემებს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე და ამავდროულად მოიცავს რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებითაც სახელმწიფოები კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ ადამიანთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

რაც შეეხება უშუალოდ 2023 წლის ზოგად ანგარიშს, იგი შეეხება რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასა და რელიგიისა და რწმენის სახელით ძალადობასა და დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე. ანგარიში ძალზე მნიშვნელოვან კვლევას წარმოადგენს, რადგანაც აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება ისევე, როგორც კანონის წინაშე თანასწორობა, დისკრიმინაციის, ღირსების შემლახველი ქმედებისა და წამების აკრძალვა ადამიანის უფლებების  უმთავრესი ელემენტებია და სწორედ მათი და მათგან თავისუფლება აყალიბებს პიროვნებას, მის პრინციპებსა და ღირებულებებს. საერთაშორისო სამართლის ჭრილში ზემოთ აღნიშნული უფლებების თანაკვეთა შესაძლებელია, მით უმეტეს, რომ როგორც დაუზუსტებელ პარადიგმას, რელიგიას არ გააჩნია მემკვიდრეობითი რწმენები და შეუძლებელია მისი დახასიათება, როგორც უპირატესად მომხრე ან ანტი-ლგბტ. და მაინც, რელიგია და LGBTQI+ ადამიანების უფლებები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსებს წარმოადგენს კულტურულ, სოციალურ თუ პოლიტიკურ დისკურსში. შესაბამისად, თაობებში ჩნდება დამოკიდებულება, რომ რელიგია, რწმენის (რელიგიური ან არარელიგიური) თავისუფლება და კონფესიურობა თანდაყოლილად კონფლიქტშია LGBTQI+ თემსა და მათ უფლებებთან. დამოუკიდებელი ექსპერტი SOGI საკითხებში (IE SOGI) ამ დამოკიდებულებას აფასებს, როგორც ადამიანების მშვიდობიანი თანაარსებობის შეუძლებლობის საფუძველს.

IE SOGI სხვადასხვა სახელმწიფო ვიზიტის, მათში არსებული პრაქტიკების, არსებული ლიტერატურის საფუძველზე ზოგად ანგარიშში განმარტავს, რომ ის, რაც LGBTQI+ ადამიანების უფლებების დარღვევას ნორმად მიიჩნევს, არ არის უშუალოდ რელიგია, არამედ მისი სახელით მიზნამიმართულად შექმნილი და გავრცელებული ნარატივები SOGI ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის გასამართლებლად. კერძოდ, მთავრობები, რელიგიური ინსტიტუტები და სხვა აქტორები (სახელმწიფოებრივი ან არასახელმწიფოებრივი) ცდილობენ განმარტონ ეს წინააღმდეგობა გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ ასპარეზზე იმ მოტივით, რომ სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მრავალფეროვნება ეწინააღმდეგება გარკვეულ რელიგიურ პრინციპებს და/ან სოციოკულტურულ შეხედულებებს. ანგარიშის მიხედვით, ყველაზე გამოყენებადი არგუმენტები ამ მხრივ მოიცავს მტკიცებებს, რომ LGBTQI+ ადამიანები არ არსებობენ სახელმწიფო იურისდიქციის ან რელიგიურ საზოგადოებებს შორის; რომ სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა სუბიექტური ცნებებია და „ტრადიციულ ღირებულებებთან“ კონფლიქტში უპირატესობა უკანასკნელს უნდა მიენიჭოს; რომ SOGI უფლებები დაქვემდებარებული უნდა იყოს რელიგიურ უფლებებს ეროვნული ინტერესებისთვის (ულტრა-მემარჯვენე, კონსერვატიული ჯგუფების მიერ ყველაზე ხშირად გაჟღერებული ფრაზა, რამდენადაც კონსერვატიზმის კონცეფცია ტრადიციული ღირებულებების შესახებ რადიკალების თავშესაფარია. ეს ჯგუფები თავს რადიკალებად ნაკლებად აღიქვამენ, არამედ ოჯახური და რელიგიური ფასეულობებისთვის მებრძოლებად). არც ერთი არგუმენტი არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისო სამართლის მიერ გაწერილ ადამიანის უფლებების კანონთან. აღსანიშნავია, რომ რელიგიის სახელით SOGI ნიშნით ძალადობის მაგალითად დამოუკიდებელ ექსპერტს 2013 წლის 17 მაისს თბილისში სასულიერო პირების მოწყვლად ჯგუფებზე თავდასხმის მაგალითი აქვს მოყვანილი. გარდა ამისა, აღნიშნული მაგალითი, ექსპერტის მიხედვით, იმის დასტურიცაა, რომ LGBTQI+ პირებზე ტრადიციების სახელით ძალადობა სახელწმიფოს ინტერესებშიც შეიძლება იყოს, რამდენადაც 17 მაისს პოლიციას არ მიუღია საჭირო ზომები დისკრიმინაციის აღსაკვეთად.

ანგარიში ასევე შეეხება სიძულვილის ენასა და წაქეზებას, როგორც რელიგიური ლიდერების მთავარ მექანიზმს LGBTQI+ ადამიანების შესახებ დეზინფორმაციული მესიჯების გავრცელებისა და მათდამი არატოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის. ამ მხრივ კი, ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ხშირად ხდება მათი ე.წ. განტევების ვაცად გამოყვანა და საზოგადოებიდან კიდევ უფრო გარიყვა.[1]

საგანგაშო პრაქტიკაა სახელმწიფოების მიერ კონკრეტული დომინანტური რელიგიური ღირებულებების ეროვნულ ფასეულობებად გამოცხადებაც, რამდენადაც აღნიშნული ქმედება დისკრიმინაციულია არამხოლოდ რელიგიური უმცირესობებისადმი, არამედ ფართო შესაძლებლობას იძლევა პირდაპირი სახელმწიფოებრივი ოპრესიისა SOGI ნიშნითა და რელიგიის სახელით. როგორც უკვე ითქვა, ხშირად ხდება წმინდა წიგნებისა და აღმსარებლობითი ნარატივების დამახინჯება და პროპაგანდირება ულტრა-მემარჯვენე იდეების გამოსაკვებად, ეს კი გულისხმობს, რომ სახელმწიფო ქმედითი ვერ იქნება მსგავსი ქმედებების აღკვეთის თვალსაზრისით, თუკი ექსტრემისტულ ინტერპრეტაციებს ეროვნულ ღირებულებებად გაიხდის. ამას გარდა, ანგარიშში საუბარია სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ქმედებების დაშვებაზე/არ აღკვეთაზე, რომლებიც SOGI ნიშნით ირიბ დისკრიმინაციას გულისხმობს. კერძოდ, ცალკეულ ორგანიზაციას, ინსტიტუტს, კომპანიას ან ინდივიდს რელიგიის მიერ განსაზღვრული არასამართლიანი არათანაბარი პრინციპების რწმენით არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ თავი აარიდოს კანონის წინაშე თანასწორობის უზენაესობას და არ გასცეს შესაბამისი სერვისი (ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, ღვთისმსახურებისა თუ სხვა თვალსაზრისით) LGBTQI+ პირებისადმი.

ზოგად ანგარიშში რელიგიისა და რწმენის საკითხების შესახებ SOGI ჭრილში ბოლო პუნქტი შეეხება LGBTQI+ ადამიანების წვდომას სულიერებისა და კონფესიებისადმი. უფრო კონკრეტულად, საუბარია რელიგიის ან რწმენის თავისუფლების კონცეფციაზე (FoRB), როგორც დამცავ ღონისძიებაზე, რომელიც ხაზს უსვამს ინდივიდის უფლებას, ჩაერთოს სულიერ საქმიანობაში და/ან აღიარებს უფლებას, არ ჰქონდეს კონკრეტული რწმენა. სწორედ ამაზე საუბრისას არის ხაზგასმული სულიერებასა და რწმენაზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფის უფლება განურჩევლად SOGI ნიშნისა. თამამად უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო სამართალი LGBTQI+ ადამიანებს ანიჭებს უფლებას სრულყოფილ წევრებად იქცნენ კონკრეტული კონფესიური საზოგადოებისა ანდაც არ გახდნენ რელიგიური თემის წევრები იძულების საფუძველზე და ყველა სახელმწიფო ვალდებულია ეს პრინციპი დაიცვას.

IE SOGI-ს ანგარიშის ბოლოს მოცემულია დამოუკიდებელი ექსპერტის რეკომენდაციები ზემოთ აღნიშული დისკრიმინაციული ქმედებების აღკვეთისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. რეკომენდაციები შეეხება სახელმწიფოს მიერ LGBTQI+ ადამიანების უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას; SOGI ნიშნის პირებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, მათ შორის იმ რელიგიური ნარატივების აღკვეთით, რომელიც მათ წინააღმდეგ ძალადობას წაახალისებს; მოუწოდებს რელიგიურ ინსტიტუტებს, იყვნენ უფრო მეტად ინკლუზიურები LGBTQI+ თემისადმი, დაგმონ მათი დისკრიმინაცია და შეწყვიტონ მათი დისკრედიტაცია; და გაეცნონ რელიგიური ინსტიტუტებისა და ლიდერების ისტორიულ როლს ადამიანის უფლებების აღსრულებაში.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რელიგიური მრწამსი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის ლეგიტიმაცია. ევროკავშირის სახელმწიფო სახელმძღვანელო მითითებების მიხედვით, „სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, დაიცვან თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი ყველა პირი პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაციისგან რელიგიურ და რწმენის საფუძველზე“ და მათ შორის „მათი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე“.

 

References:

[1] მაგალითად, კოვიდპანდემიის პერიოდში ხშირად ხდებოდა ვირუსის გავრცელების ღმერთის რისხვად წარმოჩენა ჰომოსექსუალური ურთიერთობების გამო.