ECRI ანგარიში საქართველოზე – ეფექტური თანასწორობა, უფლებებზე წვდომა, სიძულვილის ენა და მოტივირებული ძალადობა ლგბტქი ჯგუფების ჭრილში

ავტორი: თამთა მაზანაშვილი

 

ევროპის საბჭო, იგივე ევროსაბჭო 46 ევროპული სახელმწიფოსგან შემდგარი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანსაც, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა წარმოადგენს. ევროსაბჭო 1949 წელს შეიქმნა და ამ ათწლეულების განმავლობაში წევრმა სახელმწიფოებმა შეიმუშავეს კანონები მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სამოქალაქო, სოციალური, უმცირესობათა და სხვა უფლებების დასაცავად, თუმცა ევროსაბჭო არ აწესებს მხოლოდ კანონებს, არამედ შემუშავებული აქვს სტანდარტები აქტიური მონიტორინგისთვის წევრ სახელმწიფოებში კანონთა აღსრულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში. მონიტორინგს რამდენიმე კარგად ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი ორგანო ახორციელებს, რომელთა დახმარებითაც ხდება საბჭოს მიერ ქვეყნებში არსებული შეუსაბამობების დადგენა კანონთან და რეკომენდაციების წარდგენა სახელმწიფოებისთვის. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ორგანოს წარმოადგენს ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI), რომელიც მონიტორინგს უწევს დისკრიმინაციასა და შეუწყნარებლობას სხვადასხვა ნიშნის, მათ შორის SOGI (სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა) ნიშნის საფუძველზეც ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებში. ECRI განიხილავს ზოგადი და სტრუქტურული ხასიათის ფენომენებს დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის ჭრილში, თუმცა არ აქვს უფლება მიიღოს ინდივიდუალური საჩივრები, მათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს.

1993 წელს ევროპის ლიდერები ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა პირველ სამიტზე შეიკრიბნენ, რადგან სამყაროში რასიზმის, დისკრიმინაციის და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ტენდენციები გამოიკვეთა. სწორედ აღნიშნულ პრობლემებთან საბრძოლველად და გლობალური დისკრიმინაციის საპასუხოდ ქვეყნებმა შეიმუშავეს ვენის დეკლარაცია, ისეთივე ყოვლისმომცველი, როგორიც ადამიანის უფლებათა დეკლარაციაა და დეკლარაციის ბაზისზე შექმნეს ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ, როგორც ევროსაბჭოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების, მათ შორის LGBT+ თემის უფლებების დაცვის მექანიზმი. ECRI შედგება 46 წევრისგან, რამდენადაც ყველა წევრი ქვეყანა ნიშნავს  ორგანოში ერთ ექსპერტს რასიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებში მისი მიუკერძოებლობისა და მორალური ავტორიტეტის მიხედვით. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრ სფეროში პროგრესის მიუხედავად, ევროპაში LGBTI ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დაუცველია მათი რეალური ან აღქმული სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან სქესობრივი მახასიათებლების გამო SOGI ნიშნით პირები განსაკუთრებით ხდებიან მსხვერპლნი დისკრიმინაციული მოპყრობისა და შეუწყნარებლობისა. სწორედ ამიტომ რასიზმისა და შეუწნარებლობის წინააღმდეგ მონიტორინგი, პირველ რიგში, SOGI ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციასაც გულისხმობს.

ECRI-ს წესდების მიხედვით გაწერილი საქმიანობები მოიაზრებს ქვეყნის მონიტორინგს, თემატურ მუშაობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთოებას. შესაბამისად, ECRI თანამშრმოლობს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ხელისუფლებებთან, სხვადასხვა ორგანოსთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლაზე ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებების აქტორებთან. თემატური მუშაობის ფარგლებში ECRI გამოსცემს ზოგადი პოლიტიკის რეკომენდაციებს, რომლებიც მიმართულია ყველა წევრი სახელმწიფოს მთავრობისადმი რასიზმისა და შეუწყნარებლობის ჭრილში, რათა შექმნას სახელმძღვანელო წესები გადაწყვეტილების მიმღებთათვის ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის. გარდა ამისა, ქმნის ოფიციალურ განცხადებებს ევროპის მასშტაბით პრობლემურ საკითხებზე ჩაგვრის მხრივ და გამოსცემს შესაბამის განმარტებებს შეუწყნარებლობის ჭრილში ტერმინოლოგიის შესაქმნელად. სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, რასიზმისა და შეუწყნარებლობის პრევენციისთვის ECRI აქტიურად ურთიერთობს დაინტერესებულ არასამთავრობო პარტნიორ ორგანიზაციებსა და აქტორებთან. აღნიშნული განსაკუთრებით სასიცოცხლოა LGBT ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის მონიტორინგის პროცესშიც, რომლის დროსაც ECRI ყურადღებით აანალიზებს თითოეული წევრ სახელმწიფოში მიმდინარე სიტუაციას და იძლევა რეკომენდაციებს აქ გამოვლენილი რასიზმისა და შეუწყნარებლობის პრობლემების გადასაწყვეტად. ვიზიტის დროს გამოკვეთილი პრობლემები და მათი მოგვარებისთვის საჭირო რეკომენდაციები თავს იყრის საბოლოო ანგარიშში, რომელიც 5-წლიანი ციკლის პერიოდში მზადდება სამთავრობო და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით ECRI-ის მიერ. სწორედ მე-6 ციკლის პერიოდში საქართველოში არსებულ LGBT შეუწყნარებლობის სიტუაციასა და რეკომენდაციებზე მომზადებულ აღნიშნულ ანგარიშს განიხილავს წინამდებარე სტატია.

ანგარიშში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველოში არ არსებობს ერთსქესიანთა პარტნიორობის რეგისტრაციის ლეგალური და სამართლებრივი შესაძლებლობა და ხელისუფლების დღის წესრიგში ჯერ კიდევ არ დგას აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება და განხილვა. აღნიშნული კანონმდებლობის არარსებობა, ანგარიშის მიხედვით, არ იძლევა საშუალებას, მოხდეს აღწერა იმ პრობლემებისა, რომლებსაც LGBTI წყვილები აწყდებიან ყოველდღიურად. გარდა ამისა, ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველოში არ არსებობს მთავრობის წარმომადგენლებისა და შესაბამისი სამოქალაქო საზოგადოების წევრების ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც აქტიურად განიხილება LGBTQI თემის თანასწორობის საკითხები. ამასთანავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ECRI-ს ბოლო ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის დადგენილი მკაფიო კრიტერიუმები იმ პირობებისთვის, რომლებიც უნდა შესრულდეს ლეგალური გენდერული აღიარებისთვის. ხაზგასმულია ისიც, რომ LGBTI ადამიანების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენა, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში, მზარდი პრობლემაა, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას, არამედ ასევე დისკრიმინაციისა და ძალადობისკენ მოწოდებებსაც. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, ჯერ კიდევ არ არსებობს საქართველოში ანტი-LGBT სიძულვილის ენის მონიტორნიგის ეფექტური სისტემა მისივე პრევენციისთვის. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ არ არის შეფასებული სამართალდამცავი პერსონალის, პროკურორებისა და მოსამართლეების სხვადასხვა ტრენინგის გავლენა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მხრივ.  და უფრო მეტიც, სამართალდამცავ სისტემაში ჯერ კიდევ არ არის შექმნილი კონკრეტულად რასიზმისა და ანტი-ლგბტქი სიძულვილით გამოწვეული ინციდენტების განსახილველად.

შესაბამისად, ანგარიში განიხილავს LGBT თემის თანასწორობის საკითხებსა და გამოწვევებს საქართველოში და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს, რომ არ არსებობს ამ მხრივ ეფექტური მონიტორინგის, სტატისტიკისა და სამუშაო ჯგუფის სტრუქტურები; ასევე განიხილავს SOGI ნიშნით მიმართულ სიძულვილის ენასა და სიძულვილის ენით მოტივირებულ დანაშაულებებს, დისკრიმინაციულ და ძალადობრივ ქმედებებს საქართველოში და მათ აღმოსაფხვრელად არარსებულ ეფექტურ სისტემას. გარდა ამისა, ანგარიში ხაზს უსვამს ეროვნულ ადამიანის უფლებების სტრატეგიაში არსებულ ხარვეზებს LGBT თემისა და მათ მიმართ ჩადენილი დისკრიმინაციის ჭრილში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ECRI კიდევ ერთხელ ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას, კერძოდ, აკრძალოს რასისტული და ანტი-SOGI მოტივირებული სიძულვილის ენა ECRI-ს ზოგადი პოლიტიკის რეკომენდაციის მე-15 პუნქტის გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას. საჭიროების შემთხვევაში წახალისებულია ევროპის საბჭოს მხარდაჭერის მოძიებაც.

რეკომენდაცია, ცხადია, კვლავ იმეორებს ნარატივს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შექმნას ეფექტური მონიტორინგის სისტემა რასისტული და ანტილგბტი სიძულვილის ენის გამოსავლენად სახალხო დამცველის, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტი თემის ექსპერტების საფუძველზე. SOGI საკითხებზე ბოლო რეკომენდაცია კი მოუწოდებს ხელისუფლებას, ყველა ძალისხმევის გამოყენებით უზრუნველყოს ზუსტი მონაცემების ხელმისაწვდომობა სიძულვილის ენით მოტივირებული ყველა დანაშაულის შესახებ სტატისტიკისა და შექმნას სპეციალიზებული განყოფილება სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში, რომელიც კონკრეტულად ლგბტიფობიურ საკითხებზე იმუშავებს.

აღნიშნული ანგარიში მნიშვნელოვან ბაზისს წარმოადგენს საქართველოში დისკრიმინაციული და ანტი-LGBTQI+ გარემოებების გასაცნობად, SOGI თემის გამოწვევების განსახილველად და მათ მოსაგვარებლად საჭირო რეკომენდაციების განსახორციელებლად.