გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ანგარიში კონვერსიული თერაპიის შესახებ

ავტორი: თიკა გობაძე

საზოგადოებრივი ნორმისაგან განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ქონა ქვიარ ადამიანებს საუკუნეების განმავლობაში ძალადობრივი პრაქტიკების სამიზნედ აქცევს, რომლებიც მათ შეცვლაზეა ორიენტირებული. „კონვერსიული თერაპიის“ სახელის ქვეშ ერთიანდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური მეთოდები, რომლებიც ზემოხსენებული მიზნისათვის გამოიყენება და ეფუძნება რწმენას, რომ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შეცვლა ან დათრგუნვა სხვადასხვა მეთოდებით შესაძლებელი და აუცილებელია. „თერაპიის“ მსგავსი ფორმები ნეგატიურად მოქმედებს ლგბტქ+ თემზე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და ტოვებს ხანგრძლივ, დამაზიანებელ ეფექტს. მსგავსი პრაქტიკების გავრცელებულობამ, ბუნებრივია, საერთაშორისო ყურადღებაც მიიპყრო: გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა სოგი-ს (სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა) საკითხებში 2020 წელს მოამზადა ანგარიში მსოფლიოში კონვერსიულ თერაპიასთან დაკავშირებით, რომელშიც განიხილება სხვადასხვა მეთოდები, შედეგები და „თერაპიასთან“ დაკავშირებული სამართლებრივი ჩარჩო.

კონვერსიულ თერაპიას არ აქვს ერთი ჩამოყალიბებული სახე და ის სხვადასხვა ფორმით გვხვდება მსოფლიოს რეგიონებში. დამოუკიდებელი ექსპერტი (IESOGI) გამოყოფს პრაქტიკების სამ ძირითად სახეს, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ქვიარ ადამიანების „გამოსასწორებლად“ სხვადასხვა ქვეყანაში.

პირველი, რომელზეც IESOGI საუბრობს ფსიქოთერაპიაა, რომელიც ეფუძნება რწმენას, რომ საზოგადოებრივი ნორმისაგან განსხვავებული სექსუალური და გენდერული იდენტობა პირდაპირი შედეგია არასწორი აღზრდისა და ნეგატიური გამოცდილებებისა, გარდა ამისა, ისინი „დამნაშავედ“ მიიჩნევენ მამებისა და დედების არატრადიციულ როლებს ოჯახში (მაგ. „სუსტი“ ხასიათის მამა). მსგავსი პრაქტიკის მიმდევრები თვლიან, რომ შეუძლიათ ქვიარ ადამიანებში საპირისპირო სქესის მიმართ გრძნობების გამოწვევა, რომლისთვისაც სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ. ერთ-ერთი მათგანი ავერსიის გამოწვევაა, რომლის დროსაც ადამიანი ექვემდებარება ნეგატიურ, მტკივნეულ ან სხვა მსგავს შეგრძნებას გარკვეული სტიმულის ზემოქმედების დროს იმ მიზნით, რომ სტიმულზე უარყოფითი ასოციაცია შეიქმნება და ადამიანში ზიზღს გამოიწვევს. მსგავს შემთხვევებში სტიმულად ერთნაირი სქესის მქონე ადამიანების ფოტო ან ვიდეო მასალა, ხოლო ნეგატიური შეგრძნებების გამომწვევად, ხშირ შემთხვევაში, ელექტრო შოკი ან გულისრევისა და პარალიზის გამომწვევი ნარკოტიკები გამოიყენება. გარდა ამისა, კონვერსიული თერაპიის „პაციენტები“ ფსიქოთერაპიის ფარგლებში იძულებულები ხდებიან მოარგონ მათი ქცევები და გარეგნობა ჰეტერონორმატიულ გარემოს.

მეორე პრაქტიკა, რომელზეც დამოუკიდებელი ექსპერტი ამახვილებს ყურადღებას, სამედიცინო ჩარევებია. კონვერსიული თერაპიის სამედიცინო ფორმა ეყრდნობა იმ აზრს, რომ ქვიარ იდენტობა ბიოლოგიური დისფუნქციის შედეგია, რომლის მკურნალობაც შესაძლებელია. წარსულში სამედიცინო თერაპია ეყრდნობოდა ისეთ ექსტრემალურ მეთოდებს, როგორებიცაა ლობოტომია ან სტერილიზაცია, თუმცა დღევანდელ პრაქტიკებში უფრო ხშირად ჰორმონალურ/სტეროიდულ თერაპიას იყენებენ. გამოიყენება როგორც „ხალხური“ სამედიცინო ჩარევა, ისე ფიზიკური ძალადობა და იძულებითი ოპერაციები. მაგალითად, ეკვადორში არსებულ „კლინიკებში“ ხშირია ლესბოსელი ქალების „გამოსწორებითი“ გაუპატიურების შემთხვევები.

IESOGI-ს მიერ ცალკეულად განხილული ბოლო ფორმა რელიგიაზე დაფუძნებული თერაპიაა. რელიგიური ორგანიზაციები ხშირად რეკომენდაციას უწევენ ან თვითონვე ქმნიან კონვერსიულ თერაპიებს და ამტკიცებენ, რომ დივერსიული გენდერული იდენტობები და სექსუალური ორიენტაცია ბოროტებაა და ხშირად მიიჩნევა „დემონური ძალების“ მოქმედების შედეგად. აქედან გამომდინარე, რელიგიური ორგანიზაციები „თერაპიის“ ფორმად, ხშირ შემთხვევაში, ეგზორციზმს იყენებენ. ხშირია ფიზიკური ძალადობაც, მათ შორის ბავშვებზეც, მაგალითად, რუსეთში დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც ლგბტქ+ არასრულწლოვნები ეკლესიებში მიჰყავთ, სადაც მათზე ფიზიკურად ძალადობენ, რის პარალელურადაც რელიგიური პირები და სხვა დამსწრეები მისთვის ლოცულობენ. გარდა ამისა, გამოიყენება იძულებითი შიმშილობა, ხელბორკილებით შებოჭვა, იზოლაცია, ელექტრო შოკირება და ა.შ.

ქვიარ ადამიანებში კონვერსიული თერაპიის შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება და არ არსებობს დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ისინი ეფექტურად მოქმედებს. ინდივიდებს, რომლებმაც სხვადასხვა სახის კონვერსიული თერაპია გაიარეს, უფიქსირდებათ ისეთი პრობლემები, როგორებიცაა თვით-შეფასების მკვეთრი ვარდნა, შფოთვა, მძიმე დეპრესია, სოციალური იზოლაცია, სირთულე ინტიმურ საკითხებთან დაკავშირებით, თვით-სიძულვილი, სირცხვილი და სუიციდური აზრები, რაც, ხშირ შემთხვევაში, სუიციდით ან სუიციდის მცდელობით სრულდება. მენტალურის გარდა თერაპიის უარყოფითი გავლენა ფიზიკურადაც გამოიხატება – ქრონიკული სტრესი იწვევს ისეთ შედეგებს, როგორებიცაა კუჭის წყლული, კანის დაავადებები, სექსუალური დაა კვებითი აშლილობა, შაკიკი და ა.შ.

დამოუკიდებელი ექსპერტი სოგი-ს საკითხებში მტკიცედ ეწინააღმდეგება კონვერსიული თერაპიის პრაქტიკებს და მისი პოზიციის სამართლებრივად დასადასტურებლად იყენებს ისეთ უფლებებსა და ვალდებულებებს, როგორებიცაა თანასწორობაზე და დისკრიმინაციის ელიმინაციაზე დაფუძნებული კანონმდებლობა, ჯანმრთელობის უფლება, წამების აკრძალვა, რწმენისა და გამოხატვის თავისუფლება და ბავშვთა უფლებები.

IESOGI-ს აზრით საჭიროა სამართლებრივი ზომების მიღება, რომელიც შეზღუდავს და, რაც მთავარია, სრულად აკრძალავს კონვერსიული თერაპიის გამოყენებას. ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს თერაპიის არაეფექტურობის შესახებ განათლებას და ყველანაირი შესაძლებლობის შექმნას, რომ მსხვერპლებმა დახმარების მოძიება შეძლონ. ექსპერტი მოუწოდებს ქვეყნებს გამოიძიონ კონვერსიული თერაპიის ცალკეული შემთხვევები და დაიცვან ბავშვები და ახალგაზრდები მსგავსი პრაქტიკებისაგან. IESOGI-ს რეკომენდაციები მოიცავს კვლევების გავრცობასა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებსაც, რომელთა სამიზნე ჯგუფებიც მშობლები და სხვა ოჯახის წევრები იქნებიან.