გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი და მასში ქართული ლგბტქ+ ორგანიზაციების საადვოკაციო საკითხები
ავტორი: თიკა გობაძე
გაეროს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების კომიტეტი, იგივე CESCR, 18 დამოუკიდებელი ექსპერტისაგან შემდგარი ორგანოა, რომელიც ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს (ICESCR) ეფუძნება და პაქტზე ხელმომწერ ქვეყნებში მისი აღსრულების მონიტორინგს აწარმოებს. პაქტი მოიცავს ისეთ უფლებებს, როგორებიცაა შრომის, ჯანმრთელობის, განათლების და სხვა უფლებები.
კომიტეტი წელიწადის განმავლობაში ორ სესიას ატარებს და მისი მოვალეობები რამდენიმე ნაწილად იყოფა: CESCR-ის ერთ-ერთი ფუნქცია ინდივიდუალური საჩივრების მიღებაა, რომლებიც ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტში გათვალისწინებული უფლების დარღვევას შეეხება. საჩივრები მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადანაშაულებული სახელმწიფო ISESCR-ის პირველი არჩევითი პროტოკოლის ხელმომწერია. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული სახელმწიფოსთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის უფლება სხვა სახელმწიფოებსაც აქვთ.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის საქმიანობაში შედის ICESCR-ის შესახებ ზოგადი კომენტარების მომზადებაც. ზოგადი კომენტარები განმარტავს პაქტის კონკრეტული მუხლების მნიშვნელობას, რომლებითაც ხელმომწერი ქვეყნები იხელმძღვანელებენ, შესაბამისად ქვეყნების მიერ უფლებების დარღვევისას საქმე ICESCR-ის პაქტის შესახებ ზოგად კომენტარებზე დაყრდნობით განიხილება. გარდა ამისა, CESCR აქვეყნებს განცხადებებსაც, რომლებიც, ძირითად შემთხვევაში, მნიშვნელოვან მოვლენებს მოჰყვება და აგზავნის ოფიციალურ წერილებს ხელმომწერ ქვეყნებში ამ საკითხებთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულის გარდა, კომიტეტის სესიების ერთი დღე ეთმობა ICESCR-ის კონკრეტული ასპექტის ან მასში გათვალისწინებული მუხლის განხილვას. ამ დღეს ზოგადი დისკუსიის დღე ეწოდება და მისი მიზანია კონკრეტული პრობლემური საკითხების უფრო ღრმად განხილვა, მოსაზრებების მოსმენა და შემდეგი ზოგადი კომენტარების გამოსაქვეყნებლად საფუძვლის მომზადებაა.
CESCR აწარმოებს ერთგვარ გამოკვლევებსაც მძიმე ან სისტემატურ უფლებების რღვევაზე კონკრეტულ სახელმწიფოში. გამოკვლევაა კონფიდენციალურია და მიმდინარეობს სახელმწიფოსთან თანამშრომლობით. კომიტეტის განხილვის საფუძველზე სახელმწიფოს ეგზავნება აღმოჩენები კომენტარებისა და რეკომენდაციების თანხლებით, რომლებზე საპასუხოდაც მიმღები ქვეყანა იღებს საჭირო ზომებს და მათ შესახებ ინფორმაციას კომიტეტს უგზავნის. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს აქვთ საშუალება გამოეთიშონ გამოკვლევის პროცედურას იმის საფუძველზე, რომ სახელმწიფო არ ცნობს კომიტეტის კომპეტენციას გამოკვლევის კუთხით.
ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა, რომელსაც გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი ატარებს სახელმწიფო მოხსენებების განხილვაა. ICESCR-ის რატიფიცირების შემდეგ, ხელმომწერი ქვეყნისაგან თავდაპირველად 2, ხოლო შემდეგ ყოველ 5 წელიწადში გამოითხოვება პერიოდული ანგარიში პაქტში გათვალისწინებული უფლებების იმპლემენტაციის შესახებ. ანგარიში უნდა მოიცავდეს როგორც ქვეყნის ზოგად მდგომარეობასა და მოწყობის სისტემაზე, ისე ICESCR-ში განხილული უფლებების შესახებ ინფორმაციას (მაგ: როგორ ხდება იმპლემენტაცია, რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო მათ დასაცავად). სახელმწიფოს მიერ ანგარიშის გაგზავნის შემდეგ პრობლემური საკითხების სიას ალტერნატიული ანგარიშების სახით აგზავნიან ქვეყანაში მოქმედი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციები და ეროვნული ადამიანთა უფლებების ინსტიტუციები (მაგ. სახალხო დამცველი). ზემოხსენებული დოკუმენტების განხილვის შემდეგ კომიტეტი აგზავნის საკითხების სიას ხელისუფლებასთან, რომელშიც ის სვამს კითხვებს კონკრეტულ ასპექტებთან დაკავშირებით. სახელმწიფოს მიერ საპასუხო დოკუმენტის გამოგზავნის შემდეგ კომიტეტი და ქვეყნის წარმომადგენლები ერთვებიან „კონსტრუქციულ დიალოგში“, რომლის შედეგადაც CESCR გამოსცემს დასკვნით დაკვირვებებს.
სახელმწიფო მოხსენების განსახილველად 2023 წელს გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტს მიეწოდა ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისგან და ალტერნატიული ანგარიში საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველისაგან.
ორგანიზაციების ანგარიშებში სხვა საკითხებს შორის განიხილებოდა ლგბტქ-სპეციფიკური საკითხები, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ქართული ქვიარ თემისათვის. ასეთია მაგალითად გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხი, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს საშუალებას მისცემს ოფიციალურ დოკუმენტებში (მაგ. პირადობის მოწმობაში) გენდერული აღნიშვნა თვით-იდენტიფიცირების მიხედვით განსაზღვრონ. გენდერული მარკერის შეცვლა ამჟამად დაკავშირებულია „ტრანსსექსუალიზმზე“ ოფიციალურ დიაგნოზსა და სტერილიზაციასთან.
ის ფაქტი, რომ პირადობის მოწმობაში გენდერული აღნიშვნის შეცვლის შესაძლებლობა ისეთ სამედიცინო პროცესს მოიცავს, რომელიც დიდ ფინანსურ ხარჯებთან და, ხშირ შემთხვევაში, არასასურველ პროცედურებთან არის დაკავშირებული, რთულს ხდის ტრანსგენდერი ადამიანებისათვის ისეთ პროცესებსაც, როგორიცაა, მაგალითად, დასაქმება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი საკითხია ტრანს-სპეციფიკური ჯანდაცვაც, ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია არსებობდეს კონკრეტული გაიდლაინები, ნორმები, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებები იხელმძღვანელებენ.
ორგანიზაციებმა კომიტეტს მიმართეს ისეთი საკითხებითაც, როგორიცაა ღირსეული საცხოვრებელი და ცხოვრების ადეკვატური პირობები, მუშაობისა და ღირსეული დასაქმების უფლებები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის არსებული უფლებრივი მდგომარეობა, ეთნიკური უმცირესობებისა და კონფლიქტებით დაზარალებული საზოგადოებების უფლებები, სექსუალური განათლება და სხვა.
თითოეული საკითხი განსაკუთრებით მჭიდროდ უკავშირდება ლგბტქ+ თემსაც, როგორც ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფს ინტერსექციონალურობის პრინციპით, მაგალითად, სექსუალური განათლების იმპლემენტაცია აამაღლებს ქვიარ-სენსიტიური საკითხებისადმი ცნობიერებას, შშმ პირების ცხოვრების დამოუკიდებლობის ზრდა მისცემს ლგბტქ+ თემის წევრ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს უფრო თავისუფლად გამოხატონ მათი ქვიარ იდენტობა, რაც განსაკუთრებით რთულია ოჯახზე მიჯაჭვულობის შემთხვევაში. ცხოვრების ადეკვატური პირობების პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლგბტქ+ ჭრილში ვინაიდან ქვიარ ადამიანები მათი იდენტობის მიმღებლობის ნაკლებობის გამო ხშირად საცხოვრებლის გარეშე რჩებიან, თავშესაფრებში ცხოვრების შესაძლებლობა მხოლოდ დროებითია და, გარდა ამისა, ორგანიზაციები საუბრობენ თავშესაფრებში ცხოვრებისათვის შეუსაბამო პირობებზეც. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არ არსებობს ტერმინი „უსახლკაროს“ დეფინიციის, რაც შეუძლებელს ხდის სტატისტიკის წარმოებას და ართულებს კონკრეტული პრობლემური არეალების აღმოჩენისა და ადვოკატირების საკითხებს.