გენდერული იდენტობა და მითები „გენდერული იდეოლოგიის პროპაგანდის“ შესახებ

ავტორი: თამარ ბასიაშვილი

ბოლო ათწლეულში განსაკუთრებით გაიზარდა ექსტრემისტული პოლიტიკური ლიდერებისა და რელიგიური ჯგუფების რაოდენობა, რომლებიც ციფრულ პლატფორმებს ჰომოფობიური ნიშნით ძალადობის იარაღად იყენებენ. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (SOGI) საფუძველზე გამოვლენილი ფანატიზმისა და შეუწყნარებლობის გავრცელება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ტენდენცია, რომელსაც უფრო და უფრო ხშირად ამჩნევენ და აღწერენ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საერთაშორისო ექსპერტები (IESOGI), საფუძვლიანადაა გაანალიზებული გაეროს SOGI საკითხების[1] დამოუკიდებელი ექსპერტის 2021 წლის ანგარიშში[2]. ამ ბლოგში ვეცდები, მიმოვიხილო ეს დოკუმენტი და გადმოვცე გენდერის თეორიის იდეები.

პირველ რიგში, ანგარიში შეეხება გენდერული იდენტობის ადგილს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონში (IHRL), კერძოდ, ცხადადაა აღნიშნული, რომ გენდერული იდენტობის გამოხატვა საერთაშორისო კანონის ძალით დაცულია. ავტორი ხაზს უსვამს გენდერის ასპექტის გათვალისწინებისა და ინტერსექციური[3] მიდგომის გათავისების მნიშვნელობას დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღნიშნულია, რომ გენდერი, როგორც სოციალურ-კულტურული კონსტრუქცია, გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ძალაუფლების დინამიკებზე – სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, უთანასწორობის დანერგვის კუთხით, განსაკუთრებით, ქალებისა და არანორმატიული გენდერული იდენტობების პირთა მიმართ. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ გენდერული იდენტობის კონცეფცია დაფუძნებულია მრავალფეროვან პიროვნულ გამოცდილებებზე. ადამიანის გენდერი შეიძლება არ ემთხვეოდეს მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს. ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დროა, ხელახლა შევაფასოთ გენდერის გავრცელებული, ბინარული აღქმა, შევხედოთ კრიტიკულად მის „საყოველთაო“ ხასიათს. საბედნიეროდ, თანამედროვე კანონთა სისტემა აღიარებს გენდერის ფართო გაგებას, რაც ბევრად უფრო მარტივს ხდის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის სისტემატურ შეფასებას.

ხშირად, გენდერის საკითხის საერთაშორისო სამართლის კანონებში ჩართვას აპროტესტებენ ე.წ. „გენდერული იდეოლოგიისადმი“ წინააღმდეგობის სახელით. სამწუხაროდ, რიგი რელიგიური და კონსერვატიული ჯგუფები ხელს უწყობენ საზოგადოებაში ისეთი ნარატივების გავრცელებას, რომელთა მიხედვითაც გენდერის ორობითი აღქმის მიღმა დანახვა საშიში და „არაბუნებრივია“. ეს ჯგუფები ბოროტად იყენებენ ადამიანებში ბუნებრივად არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებულ შფოთვას, ექსპლუატაციას უწევენ ოჯახური ღირებულებების დაკარგვის შიშს. საბოლოო ჯამში, გენდერული მრავალფეროვნება ირაცხება საფრთხედ, რომელიც ემუქრება ერს, ტრადიციებსა და მორალურ პრინციპებს. შედეგად კი უამრავი ადამიანის ხმა იხშობა, ისტორია და გამოცდილებები – იკარგება.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ზემოხსენებულ „ანტი-გენდერულ“ მოძრაობებს ხშირ შემთხვევაში აქვთ დიდი რაოდენობის დაფინანსება სხვადასხვა შეძლებული დონორებისა და რელიგიური ინსტიტუციებისაგან. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს ფინანსური სახსრები მთლიანადაა მიმართული LGBTQIA+ ადამიანების უფლებათა შეზღუდვისკენ, და არა მორალის დაცვისაკენ. ამასთან, ეს მოძრაობა ხშირად ცდილობს, გააკონტროლოს ინფორმაცია, რომელსაც ბავშვები იღებენ გენდერის შესახებ, კერძოდ, ხელს უწყობს შემზღუდავი სექსუალური განათლების პოლიტიკას. ასეთი რიტორიკა უგულებელყოფს სამეცნიერო მტკიცებულებებს და ზღუდავს ბავშვების ავტონომიისა და გამოხატვის უფლებებს.

საბოლოო ჯამში, დამოუკიდებელი ექსპერტის ანგარიში გენდერის თეორიის შესახებ ცხადყოფს, რომ SOGI-ზე დაფუძნებული ძალადობისა და დისკრიმინაციის გათვალისწინება კრიტიკული ნაბიჯია გენდერული თანასწორობისათვის ბრძოლაში. ბიოლოგიურ სქესსა და გენდერს შორის განსხვავების აღიარებით, საშუალება გვექნება, დავიცვათ ბევრად უფრო მეტი ადამიანი, მათი თვითგამოხატვა და უსაფრთხოება. ამასთან, შეგვეძლება, ფარდა ავხადოთ გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩაგვრის ნორმალიზებულ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაშენებულ პრაქტიკებს და ვიბრძოლოთ მათგან განთავისუფლებისათვის.

[1] SOGI საკითხები – სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული თემები (Sexual Orientation and Gender Identity).

[2] https://www.ohchr.org/en/documents/thematic-reports/ahrc4727-law-inclusion-report-independent-expert-sexual-orientation-and

[3] ინტერსექციურობა – სოციალური კატეგორიზაციების (როგორებიცაა რასა, კლასი და სქესი) ურთიერთდაკავშირებული ბუნება, რომელიც ქმნის ერთმანეთთან “გადაბმულ” დისკრიმინაციის სისტემებს ინდივიდებისა ან ჯგუფებისათვის. მაგალითად: ანგარიშში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ნიშნით მარგინალიზირებულ ჯგუფებს შორის სტატისტიკურად არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება სიღარიბისა და ძალადობის მაჩვენებლებში. ამ ფაქტის უგულებელყოფა და ყველა პრობლემისათვის სტანდარტული გამოსავლის მორგების მცდელობები კი ხელს უწყობს მდგომარეობის გაუარესებას.