ჯაკარტას პრინციპები –  მიმოხილვა

ავტორი: ფიქრია ეპიტაშვილი

ჯაკარტას პრინციები – სახელმძღვანელო მითითებების/პრინციპების ნაკრები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის გამოყენების შესახებ, კონკრეტულად SOGI საკითხებში. შემუშავდა და ჩამოყალიბდა 2006 წელს ინდონეზიაში.  ქალაქ ჯაკარტაში ერთად შეიკრიბნენ ადამიანის უფლებათა დარგობრივი ექსპერტები, მეცნიერები და აქტივისტები რათა ემსჯელათ იმ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, რომელიც ხდებოდა სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და თვითგამოხატვის  ნიშნით. აღნიშნული პრინციპები მიზნად ისახავს შექმნას და  უზრუნველყოს ყოვლისმომცველი ჩარჩო LGBTQ+ ადამიანების უფლებების გასაგებად და დასაცავად მთელ მსოფლიოში.

ჯაკარტას პრინციპების შექმნის აუცილებლობა გამოწვეული იყო ადამიანის უფლებების ერთი, უნივერსალური ჩარჩო დოკუმენტის არსებობის უაღრესი საჭიროებით, დოკუმენტის, როემელიც კონკრეტულად იქნებოდა მორგებული LGBTQ+ ადამიანების საჭიროებებზე და რომელშიც მოცემული იქნებოდა იმ პრობლემების გადაჭრის გზები, რასაც პირისპირ აწყდებიან ადამიანები თავიანთი სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და თვითგამოხატვის გამო. უკვე არსებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებს არ ჰქონდა მკაფიო მითითებები ამ საკითხებზე, რაც განაპირობებდა კანონის ბუნდოვნებას, ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და იმ პირთა  დაცვის ნაკლებობას, რომლებიც განიცდიდნენ დისკრიმინაციას მათი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე.

პრინციპები არის იმ ექსპერტებისა და აქტივისტების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი, რომლებიც ცდილობდნენ აღმოეფხვრათ არსებული ხარვეზები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებში. შეხვედრაზე მონაწილეები ჩაერთვნენ  დისკუსიებში, ისინი ეყრდნობოდნენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებს, კანონებსა და ხელშეკრულებებს. ამ დისკუსიების შედეგი კი გახდა ჯაკარტას პრინციპები – ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სწორი გამოყენება სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის გათვალისწინებით.

ჯაკარტას პრინციპები, დოკუმენტი რომელიც მოიცავს 29 პრინციპს, იგი ეხება ადამიანის უფლებათა მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის სიცოცხლის უფლებას, წამებისაგან თავისუფლებას, მუშაობის, განათლებისა და ჯანმრთელობის უფლებას, არადისკრიმინაციას, კონფიდენციალურობას და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას. ეს პრინციპები მიზნად ისახავს უზრუნველყოს LGBTQ+ პირთა უფლებების სრულად აღიარება და დაცვა საერთაშორისო სამართლის მიხედვით.

ჯაკარტას პრინციპები ხაზს უსვამს არადისკრიმინაციის ფუნდამენტურ პრინციპს და ამტკიცებს, რომ ყველა ინდივიდს, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა, აქვს იგივე ადამიანის უფლებები, როგორც ნებისმიერ სხვას. ეს პრინციპი შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებს, რომლებიც კრძალავს დისკრიმინაციას ისეთი მახასიათებლების საფუძველზე, როგორიცაა რასა, რელიგია ან სქესი.

ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო პრინციპს:

ჯაკარტას პრინციპების მე-18 პრინციპი ორიენტირებულია კონფიდენციალურობის უფლებაზე, ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ადამიანები პირად ცხოვრებაში თვითნებური ჩარევისაგან, ეს განსაკუთრებით აქტუალურია LGBTQ+ პირების კონტექსტში, რომლებიც ხშირად აწყდებიან აკვიატებულ ქმედებებს, რაც ახდენს მათი კონფიდენციალურობის უფლების დარღვევას.

პრინციპები აღიარებენ LGBTQ+ პირების მოწყვლადობას გარკვეულ კონტექსტში და მიუთითებენ თავშესაფრის მოთხოვნის უფლების დაცვაზე და აღიარებაზე, 26-ე პრინციპი ამტკიცებს, რომ ადამიანები არ უნდა აიძულონ დაბრუნდნენ იმ ქვეყნებში, სადაც დევნა ემუქრებათ მათი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე.

იოგიაკარტას პრინციპების 21-ე პრინციპი ფოკუსირებულია აზრისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ეს პრინციპი ხაზს უსვამს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ადამიანების დისკრიმინაციისგან დაცვის მნიშვნელობას, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში. იგი ასევე აპელირებს სიძულვილის ენასთან ბრძოლის აუცილებლობაზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და შეკრებისა და გაერთიანების უფლებების დაცვაზე, ყველასთვის, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯაკარტას პრინციპების თავდაპირველი ნაკრები რომელიც შეიმუშავეს 2006 წელს, შედგებოდა 29 ძირითადი პრინციპისაგან, მოგვიანებით მოხდა მათთვის, 10 პრინციპის დამატება, რაც მიმართული იყო მოგვიანებით აღმოჩენილი  პრობლემების გადასაჭრელად, შემდგომი განმარტებების და დაზუსტებების გასაცემად და სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ ახალ საკითხებზე  ეფექტური რეაგირებისათვის.

პრინციპების დამატების პროცესი მოიცავდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ექსპერტების, უფლებადამცველებსა და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შორის მიმდინარე  განუწყვეტლივ თანამშრომლობას. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება და სამართლებრივი კონტექსტი განვითარდა, აშკარა გახდა, ადამიანის უფლებების დაცვის გარკვეული ასპექტები მეტ ყურადღებას საჭიროებდა, სწორედ დამატებული პრინციპები იყო პასუხი შეცვლილ გამოწვევებზე ადამიანის უფლებათა საკითხებში, რომელსაც აწყდებიან სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის პირები. გაფართოებული დოკუმენტის ინკლუზიური ბუნება საშუალებას აძლევს მას, განიხილოს საკითხების უფრო ფართო სპექტრი და უზრუნველყოს ძლიერი ჩარჩო უფლებადამცველებისათვის, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაზე ყველასთვის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად.

დამატებითმა პრინციპებმა შესაძლებელი გახადა ჯაკარტას პრინციპები გამხდარიყო კიდევ უფრო ყოვლისმომცველი და შესაბამისი,  ახლა ის უფრო  ეფექტური ინსტრუმენტია     სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული, ადამიანის უფლებების რთული და ნიუანსირებული დარღვევების მოსაგვარებლად.

YP+10 უნდა წავიკითხოთ და მოვიაზროთ ორიგინალ, თავდაპირველ ჯაკარტის პრინციპებთან ერთად და არავითარ შემთხვევაში განცალკევებით. ეს დოკუმენტები ერთად წარმოადგენს დარგის ექსპერტთა ავტორიტეტულ გადმოცემას, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დოკუმენტებზე რომლებიც ამჟამად ვრცელდება პიროვნებებზე განურჩევლად სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გენდერული გამოხატულებისა და სქესის მახასიათებლებისა.

დასასრულს, ჯაკარტას პრინციპები არის ქვაკუთხედი LGBTQ+ პირების უფლებების გასაძლიერებლად საერთაშორისო ასპარეზზე. პრინციპები, შემდგომ განვითარებასთან ერთად, როგორიცაა SOGI რეზოლუციები, ასახავს სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის აუცილებლობის საჭიროებას, ბოლო ათწლეულის მანძილზე მიღწეული პროგრესების მიუხედავად, ცხადია LGBTQ+ თემის სრული თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრისაკენ მიმავალი გზა გრძელდება და თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ჯაკარტას პრინციპები ამ გზაზე მამოძრავებელი მთავარი ძალაა.

დასკვნის სახით მოვიშველიებ სიტყვებს, რომელითაც იწყება ჯაკარტას პრინციპების დოკუმენტი ,, ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი ღირსებითა და უფლებებით, ადამიანის ყველა უფლება უნივერსალურია, ურთიერთდამოკიდებული, განუყოფელი და ურთიერთდაკავშირებულია სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა არის თითოეული ადამიანის ღირსების და ადამიანობის განუყოფელი ნაწილი და არ უნდა იყოს დისკრიმინაციის საფუძველი.“