მაიმუნის ყვავილი

მაიმუნის ყვავილივესაუბრეთ დოქტორ რიჩარდ პიბოდის, რომელიც ხელმძღვანელობს განსაკუთრებით საშიში პათოგენის ჯგუფს WHO-ს ევროპის რეგიონულ ოფისში, რათა მოგვეპოვებინა მეტი ინფორმაცია ვირუსის შესახებ, თუ რატომ არის ეს გავრცელება შემაშფოთებელი და რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა საკუთარი თავის და სხვების დასაცავად ამ ინფექციისგან.

სრულყოფილი ინფორმაციისთვის მაიმუნის ყვავილის შესახებ გირჩევთ გაეცნოთ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის გვერდს

  1. რა არის მაიმუნის ყვავილი და როგორ ვრცელდება?

მაიმუნის ყვავილი წარმოადგენს იშვიათ ვირუსულ ინფექციას, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ტყიან  რეგიონებში. დაავადება წარმოიქმნება ცხოველებში, მაგრამ ბოლო 50 წლის განმავლობაში ადამიანებშიც ფიქსირდება.

მაიმუნის ყვავილი, როგორც წესი, ადვილად არ ვრცელდება ადამიანებს შორის, რადგან ორგანიზმში შესაღწევად ვირუსი ძალიან მჭიდრო ფიზიკურ კონტაქტს საჭიროებს. გადაცემა შესაძლებელია დაზიანებული კანის საშუალებით; თვალებით, ცხვირით ან პირით; და ინფიცირებული პირის დაზიანებებთან, ბიოლოგიურ სითხეებთან ან რესპირატორულ წვეთებთან კონტაქტის შედეგად. დაინფიცირების წყაროს შეიძლება ასევე წარმოადგენდეს დასნებოვნებული პირის ინფიცირებულ ნივთებთან ხანგრძლივი კონტაქტი, მაგალითად ტანსაცმელთან, საწოლის თეთრეულთან და პირსახოცთან.

დაავადება რომელსაც ის იწვევს, როგორც წესი, თვითკუპირებადია, ინფიცირებულთა უმეტესობა გამოჯანმრთელდება რამდენიმე კვირაში მკურნალობის საჭიროების გარეშე. თუმცა, დაავადებამ შეიძლება უფრო მძიმე ფორმა მიიღოს, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში, ორსულ ქალებსა და იმუნოკომპრომეტირებულ პირებში.

  1. რა სიმპტომები ახასიათებს და რამდენ ხანს გრძელდება?

მაიმუნის ყვავილით დაინფიცირების სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება ინფიცირებულ, სიმპტომურ პირთან ან მის ნივთებთან კონტაქტიდან დაახლოებით 6-13 დღის განმავლობაში, მაგრამ ამას შეიძლება 21 დღეც დასჭირდეს.

ყველაზე გავრცელებული სიმპტომია გამონაყარის განვითარება, რომელიც ვეზიკულებიდან ბუშტუკებად ვითარდება. ევროპის რეგიონში ბოლოდროინდელი გავრცელების დროს, შემთხვევების უმეტესობა გამოვლინდა სქესობრივ ჯანმრთელობაზე მომუშავე კლინიკებში, პაციენტებს აღენიშნებოდათ დაზიანებები სასქესო ორგანოებსა და ანუსზე.

გამონაყარს შეიძლება თან ახლდეს ცხელება, კუნთების ტკივილი, შემცივნება, დაღლილობა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი ან ლიმფური კვანძების შეშუპება და ტკივილი (გადიდებული ჯირკვლები, განსაკუთრებით საზარდულის არეში და პოტენციურად კისერში, ნიკაპის ქვეშ და იღლიებში).

ამჟამინდელი გავრცელების სიმპტომები ძირითადად მსუბუქია, თუმცა დაზიანებები შეიძლება იყოს ძლიერი ქავილის ან ტკივილის გამომწვევი და, შესაძლოა, დაინფიცირებას იწვევდეს. ჩვეულებრივ, სიმპტომები თავისით ქრება დაახლოებით 14-21 დღის შემდეგ.

მნიშვნელოვანია ადამიანების მიერ ინფორმაციის მიღება მაიმუნის ყვავილის შესახებ, რათა შეძლონ ნიშნებისა და სიმპტომების შემჩნევა და ნებისმიერი უჩვეულო გამონაყარის შესახებ ექიმის ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ინფორმირება.

  1. როგორ მკურნალობენ მაიმუნის ყვავილს?

დაავადება ჩვეულებრივ თვითკუპირებადია, რაც ნიშნავს, რომ სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის საჭიროების გარეშე 2-3 კვირის განმავლობაში. ზოგჯერ პირს შეიძლება ანტიბიოტიკებისა და ტკივილგამაყუჩებლების მიღება დასჭირდეს მეორადი ინფექციებისა და ადგილობრივი ტკივილის სამკურნალოდ.

მიუხედავად იმისა, რომ მაიმუნის ყვავილის პრევენციისთვის ახალი ვაქცინა დამტკიცებულია და ასევე დადასტურებულია, რომ ყვავილის ვაქცინაც უზრუნველყოფს დაცვას, ეს ვაქცინები ევროპის რეგიონში არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი.

  1. უჩვეულოა თუ არა მაიმუნის ყვავილის შემთხვევები ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების მიღმა?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა ევროპის რეგიონში, როგორც წესი, დასავლეთი და ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობისა და ინფექციით დაბრუნების შედეგად. ეს „იმპორტირებული“ შემთხვევები ჩვეულებრივ არ იწვევს ინფექციებს სხვა ადამიანებში, თუმცა გარკვეული შეზღუდული გავრცელება ოჯახში მომუშავე პირებთან და ჯანდაცვის მუშაკებთან კონტაქტისას ადრე მომხდარა.

  1. რა არის შეშფოთების გამომწვევი ევროპის რეგიონში ამ ბოლო გავრცელებასთან დაკავშირებით?

ამჟამინდელი გავრცელება რეგიონში შემაშფოთებელია, რადგან ის არ არის ადრინდელი შემთხვევების ანალოგიური რიგი მიზეზების გამო:

  • პირველ რიგში იმიტომ, რომ რეგიონის ქვეყნების მზარდ რაოდენობაში ვლინდება მაიმუნის ყვავილის შემთხვევები – არცერთ შემთხვევას, გარდა ერთისა, არ ჰქონდა მოგზაურობასთან კავშირი იმ ადგილებში, სადაც მაიმუნის ყვავილი ენდემურია;
  • მეორე, შემთხვევები ძირითადად, თუმცა არა მხოლოდ, გამოვლინდა იმ მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან (MSM) და მიმართავენ დახმარებისთვის პირველადი და სქესობრივი ჯანმრთელობის კლინიკებს;
  • მესამე, რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ შემთხვევების გეოგრაფიულად გაფანტულობის გამო, შესაძლებელია, რომ ვირუსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუმჩნევლად ვრცელდებოდა საზოგადოებაში;
  • მეოთხე, ყველაზე ხშირად დაფიქსირებული კლინიკური ნიშანი არის ადგილობრივი გამონაყარი, განსაკუთრებით სასქესო ორგანოებისა და ანუსის მიდამოებში, თანმდევი რეგიონული ლიმფადენოპათიით (ლიმფური კვანძების შეშუპება).

მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ადვილად არ ვრცელდება, ნიშნავს, რომ რისკი ზოგადი მოსახლეობისთვის კვლავ შედარებით დაბალია.

  1. რა ვიცით ევროპის რეგიონში გავრცელებული ვირუსის შესახებ?

ცნობილია მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2 ტიპი, დასავლეთ აფრიკის ტიპი და კონგოს აუზის (ცენტრალური აფრიკის) ტიპი.

ჯერჯერობით, რეგიონში ბოლო დროს დაფიქსირებული ყველა შემთხვევა დასავლეთ აფრიკის ტიპს განეკუთვნება, რომელიც, როგორც ცნობილია, იწვევს უფრო მსუბუქ, ჩვეულებრივ თვითკუპირებად დაავადებას და მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევს მძიმე დაავადებას ან სიკვდილს.

მიმდინარეობს შემდგომი კვლევები ინფექციის სავარაუდო წყაროსა და მასშტაბების დასადგენად და შემდგომი გავრცელების შეზღუდვის მიზნით.

  1. ვის ემუქრება მაიმუნის ყვავილით ინფიცირების ყველაზე დიდი რისკი?

მიუხედავად იმისა, რომ უახლესმა გავრცელებამ, როგორც ჩანს, არაპროპორციულად ჭარბად იმოქმედა მამაკაცებზე, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან (MSM), მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მაიმუნის ყვავილმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნებისმიერზე, ვინც ხანგრძლივად ახლო კონტაქტშია ინფიცირებულ პირთან ან მის ინფიცირებულ ნივთებთან. აქედან გამომდინარე, არასწორი იქნებოდა ვინმეს სტიგმატიზაცია ამ გავრცელების გამო. დაინფიცირების პოტენციურად გაზრდილი რისკის ქვეშ მყოფ პირებს მიეკუთვნებიან ჯანდაცვის მუშაკები, კომერციული სექსის მუშაკები, ოჯახის წევრები და აქტიური შემთხვევების სხვა ახლო კონტაქტები, მაგალითად სქესობრივი პარტნიორები. მაიმუნის ყვავილის მძიმე დაავადების ყველაზე მაღალი რისკის სხვა ჯგუფებში შედიან: ორსული ქალები, მცირეწლოვანი ბავშვები და იმუნოკომპრომეტირებული პირები. ეს ჯგუფები განსაკუთრებით დაცული უნდა იყვნენ ინფექციის თავიდან ასაცილებლად.

  1. ნიშნავს თუ არა ეს ატიპური გავრცელება იმას, რომ ვირუსი განვითარდა?

მაიმუნის ყვავილი ჩვეულებრივ სტაბილური ვირუსია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ აქვს მიდრეკილება სწრაფად მუტაციისკენ. ამჟამად ვირუსის შესწავლა მიმდინარეობს უახლეს პაციენტებში მისი გენეტიკური შემადგენლობის შესაფასებლად, რაც შესაძლებელს გახდის სათანადო შეფასებას და ხელს შეგვიწყობს, რომ შევიტყოთ ევროპის რეგიონში მიმდინარე გადაცემის დონის შესახებ, აგრეთვე იმის შესახებ, თუ როდის მოხდა თავდაპირველი შემოტანა.

  1.  შესაძლებელია, რომ მან ახალი პანდემია გამოიწვიოს, როგორც COVID-19-მა?

არა. მაიმუნის ყვავილი საჭიროებს მჭიდრო პირად კონტაქტს ინფიცირებულ პირთან ან მის ნივთებთან, ასე რომ იგი არ არის ადვილად გავრცელებადი. ეს მოიცავს პირდაპირ კონტაქტს მაიმუნის ყვავილით დაინფიცირებული პირის ბიოლოგიურ სითხეებთან ან წყლულებთან, ან უშუალო კონტაქტს ისეთ ნივთებთან, რომელთაც შეხება ჰქონდათ ბიოლოგიურ სითხეებთან ან წყლულებთან, მაგალითად ტანსაცმელთან ან საწოლის თეთრეულთან. მიუხედავად იმისა, რომ წვეთოვანი გზით გადაცემა შესაძლებელია, ვიცით, რომ ვირუსის გადაცემა, სავარაუდოდ, დიდი წვეთებით ხდება; ამგვარი წვეთები არ ჩერდებიან ჰაერში და არ ვრცელდებიან დიდ მანძილზე. მათი მეშვეობით გადაცემა შეიძლება მოხდეს ადამიანებს შორის მჭიდრო, პირისპირ კონტაქტის დროს.

  1. შეიძლება, რომ მაიმუნის ყვავილის გავრცელებამ გამოიწვიოს ფესტივალების გაუქმება და ზაფხულის განმავლობაში მოგზაურობაზე შეზღუდვების დაწესება?

არ ვუწევთ რეკომენდაციას ღონისძიებების გაუქმებას ან მოგზაურობის შეზღუდვებს. ვინაიდან შევდივართ ზაფხულის ფესტივალების, დიდი შეკრებებისა და ღონისძიებების სეზონში, მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რას აკეთებს ხალხი ამ ღონისძიებებზე. როგორც აღვნიშნეთ, მაიმუნის ყვავილის გავრცელებას ადამიანებს შორის მჭიდრო ფიზიკური კონტაქტი ესაჭიროება, ამიტომ ის ადვილად არ გადადის. ჩვენ მხარს ვუჭერთ უსაფრთხო სქესობრივ ქცევას და კარგ ჰიგიენას, როგორიცაა ხელის რეგულარული დაბანა, რათა შეიზღუდოს ვირუსის გადაცემა. საზაფხულო ფესტივალები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს მოსახლეობის კონკრეტულ ჯგუფებამდე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ გზავნილების მისატანად.

  1. რა უნდა გააკეთონ პირმა, თუ ეჭვობს, რომ მაიმუნის ყვავილი აქვს?

მნიშვნელოვანია, რომ პირმა [სპეციალისტებს] აცნობოს სიმპტომების შესახებ და მიიღოს სიფრთხილის ზომები სხვებისთვის შესაძლო გადაცემის შესაჩერებლად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

  • თუ გაქვთ უჩვეულო დაზიანება ან გამონაყარი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელს.
  • შეეცადეთ, არ შეეხოთ დაზიანებებს ან გამონაყარს, რადგან ამან შეიძლება დაავადების გავრცელება გამოიწვიოს.
  • გარეცხეთ ინფიცირებული პირის საწოლის თეთრეული ან ყველა ნივთი, რომელთანაც კონტაქტში შეიძლება ყოფილიყო.
  • რეგულარულად დაიბანეთ ხელი.
  • მოერიდეთ მჭიდრო ფიზიკურ კონტაქტს, მათ შორის სქესობრივ კონტაქტს სხვა ადამიანებთან.
  • ნებისმიერ პირი, რომელსაც საეჭვო, სავარაუდო ან დადასტურებული მაიმუნის ყვავილის სიმპტომები აქვს, მაქსიმალურად იზოლირებული უნდა იყოს სიმპტომების გაქრობამდე.
  • კერძოდ, იზოლირება აუცილებელია ორსულებისგან, მცირეწლოვანი ბავშვებისა და იმუნოკომპრომეტირებული პირებისგან, რათა დავიცვათ ისინი ინფექციისგან.

ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაგემართოთ მაიმუნის ყვავილი, თუ მჭიდრო კონტაქტში არ ყოფილხართ (როგორიცაა კანზე შეხება ან საზიარო საწოლის თეთრეული) ადამიანთან, ვისაც მაიმუნის ყვავილი ან დაავადების სიმპტომები აქვს; ან თუ ცოტა ხნის წინ არ გიმოგზაურიათ დასავლეთ ან ცენტრალურ აფრიკაში.

  1. როგორ შეგვიძლია ავირიდოთ შემდგომი გადაცემა და დავასრულოთ დაავადების გავრცელება?

ვაქცინაციის გარდა, დაავადების გავრცელების კონტროლის ძირითადი ზომებია კონტაქტების მოკვლევა და იზოლაცია. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მაიმუნის ყვავილით დაინფიცირებულმა პირმა განაცხადოს მისი კონტაქტების შესახებ, რათა მოხდეს მათი გაფრთხილება და ჩატარდეს სიმპტომებზე დაკვირვება.

აგრეთვე, ადამიანებს უპირველესად ვირუსით დაინფიცირების პრევენციაში უნდა დავეხმაროთ, ასე რომ გირჩევთ:

  • მოერიდეთ სიმპტომების მქონე ნებისმიერ პირთან პირისპირ კონტაქტს ან მის სხეულთან შეხებას;
  • ისარგებლეთ უსაფრთხო სექსის პრაქტიკით;
  • რეგულარულად დაინაბეთ ხელი, განსაკუთრებით სიმპტომების მქონე პირთან და მის ნივთებთან კონტაქტის წინ და შემდეგ.
  1. რას აკეთებს WHO, რათა უკეთ შეისწავლოს და გააკონტროლოს ეს დაავადება?

WHO მუშაობს დაინტერესებულ ქვეყნებთან, ხელს უწყობს ინფორმაციის გაზიარებას და ზედამხედველობის გაძლიერებას, ტესტირებას, ინფექციის პრევენციას, კლინიკურ მართვას, რისკის კომუნიკაციასა და საზოგადოების ჩართულობას.

WHO ასევე მუშაობს ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა შეაფასოს მაიმუნის ყვავილის და ყვავილის წინააღმდეგ ვაქცინაციის გაზრდის პოტენციალი, თუ არსებობს იმ პირთა ვაქცინაციის აუცილებლობა, ვინც ამ დაავადებით ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ან ვისთვისაც დაავადებამ შეიძლება უფრო მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

————————————

2022 წლის 14 ივნისს ტექსტის დასაზუსტებლად ამ სტატიის შინაარსში შესწორება გაკეთდა, მაიმუნის ყვავილის შესახებ WHO-ს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის შუალედური რეკომენდაციების შესაბამისად.