პოლიტიკური დრეგი გირჩევნია თუ ცისარტყელის ფერებიანი ტორტი?
იგივე: უხეიროდ მოკლე სტატია ქართულ დრეგ კულტურაზე

 ავტორი: ტრიო  ანტი-მანდილის მე-2 ხმა

ინტერნეტში ერთი ციტატა მხვდება ხოლმე, დოლი პარტონის (ან ვიღაც ინტერნეტ ფანტაზიორის, გადამოწმება ნაღდად არ მომსვლია აზრად) „კარგია, რომ გოგოდ დავიბადე, სხვა შემთხვევაში დრეგ ქვინი ვიქნებოდიო“ – დოლი დაჯექი, ორიანი.
ის, რომ დრეგი ქალად გადაცმული კაცების გასართობია, არც ისე იშვიათი ცრურწმენაა. ისტორიულად, ქვიარ ანდერგრაუნდი ტრანს თემის სივრცე იყო და დრეგის ისტორიაც ასე იწყება: ტრანს ადამიანებით, წინააღმდეგობრიობით, პოლიტიკით, ბინარულობის მოდელების გაშარჟებით, ქალობის და კაცობის კრიტიკით, ნორმების მასხრად აგდებით. მიუხედავად იმისა, ახერხებდა თუ არა  დრეგი ყოველთვის ცვლილებების მოტანას, სულ მცირე,  ესენციალიზმის მომხრე, პატრიარქალური მოდელებით მოაზროვნე ჯგუფების წესრიგებისთვის ქვების სროლა მაინც წარმატებით გამოსდიოდა.

დრეგი ცოტათი სათამაშო მოედანს გავს, სადაც სათამაშოები გენდერული როლებია. აქ შეგიძლია დაანაწევრო, გარდაქმნა, ახლიდან ააწყო ან საერთოდ გააუქმო გენდერი და მისი მატარებელი სხეულის იდეა,  წაშალო მისი ყველანაირი მახასიათებელი ან პირიქით, იმდენად გააზვიადო, რომ მნიშნელობა დაუკარგო. ითამაშო სცენაზე ის, რაც ისედაც სოციალური თამაშია, თუმცა ამჯერად თამაშის წესებს სხვა არ გკარნახობს. ამიტომ შეუძლებელია დრეგი ექსკლუზიურად კაცების, ქალების ან ვინმესი იყოს. თუმცა,  დასავლეთში კაპიტალიზმმა თავისი ქნა და ამ არანორმატიული ხელოვნების  გეი კაცებით დომინირებულ გასართობ ინდუსტრიად  ქცევასაც დიდი დრო არ დასჭირვებია. თუმცა, ამ კომერციალიზებულმა ვერსიამ დედამიწის პერიფერიებამდეც მოაღწია და დრეგის ახალი კერები წარმოშვა.

საქართველოში ქვიარ კულტურა კლუბებსა და ბარებს შორისაა გამოკეტილი, საჯარო სივრცეში, კვარტალში ერთხელ  თითით საჩვენებლად და სხვებისთვის ქულების დასაწერად თუ გაგვამზეურებენ ხოლმე. ხელოვნებით თვითგამოხატვის მსურველებს, სამხატვრო ნივთების ფასები თვითგამოხატვაზე ოცნებებს წამში უქრობს. ალბათ ამ ორმა მოცემულობამ ქნა ის, რომ თბილისი „დრეგის ქალაქად“ იქცა. ხშირად მოისმენთ, რომ თბილისში ყველგან დრეგ შოუებია. ზოგჯერ ეს ფრაზა კრიტიკაა, რომ ნამეტანი მოგვდის და ამდენიც არ გვინდა. რასაც არ ვეთანხმები და მგონია, რომ ქართული დრეგ სცენა ქვიარ კულტურის და თემის განვითარების ძალიან კარგ ხატს ქმნის და  შესაძლოა ბევრი რამ გვასწავლოს არა მხოლოდ ლოკალური ქვიარ ხელოვნების, არამედ მხარდაჭერის ფორმებისა და პრაქტიკების  შესახებაც.

ქართული დრეგს, რომელიც ხშირად დაბალი ბიუჯეტით და შეზღუდული რესურსებით  იქმნება, დასავლური კოლონიური მზერისთვის შეიძლება ხარისხი (იგულისხმეთ: ძვირიანი პარიკები და აშ) აკლდეს, მაგრამ რაც ნამდვილად არ აკლია პერფორმატიულობაა. თითზე ჩამოსათვლელი მაგალითები თუ მახსენდება პერფორმერი სცენაზე უბრალოდ ლიფსინკისთვის* ასულიყო, სამაგიეროდ ვერ დავთვლი შოუებს, რომელსაც ლამის მინი სპექტაკლის დრამატურგია აქვს და მეც გულწრფელად მჯერა, რომ თეატრალურობა ქართული დრეგის (ერთ-ერთი) ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.

პირადი ან თემური გამოცდილებების თეატრალურად გადმოცემასთან ერთად, ხშირად მოისმენთ, რომ ჩვენი „დრეგი პოლიტიკურია“. თუმცა იშვიათად ვსაუბრობთ იმაზე რას ვგულისხმობთ პოლიტიკაში: დრეგ შოუებზე სიარულის შედეგად მხარდამჭერების რაოდენობის გაზრდას თუ რაიმე უფრო (სარკაზმი) ქვიარ წინააღმდეგობრივს, სისტემის გამანადგურებელს? ან და რა არის პოლიტიკურობა? ერთი მხრივ, ქვიარ სხეულის და მითუმეტეს ქვიარ შინაარსის ხელოვნების არსებობა თავისთავად უკვე პოლიტიკური აქტია, თუმცა სად გადის ზღვარი უნებურად პოლიტიკურობასა და განზრახულ პოლიტიკურობას შორის? და როგორია პოლიტიკა ქართულ დრეგში?

დროში უკან გადავახვიოთ >> როდესაც  მეგობართან ერთად ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, ქართული დრეგ სცენის დაკვირვება დავიწყე, დასავლური კომერციალიზებული შოუების კოპირების მცდელობები ყველა ფეხის ნაბიჯზე გვხვდებოდა, ლოკალური კულტურის ხმა ჯერ არ ისმოდა და ვფიქრობდით, რომ წინ ხანგრძლივი პროცესი გველოდა,  სანამ ამ მიმბაძველობიდან რაიმე ორგანული და მითუმეტეს პოლიტიკური დაიბადებოდა. მაგრად შევცდით, 5 წელიც კი არ დასჭირდა იმას, რომ ქართული დრეგ სცენა უნიკალური, ორგანული და რაც მთავარია საკმაოდ საინტერესო (განვითარების პროცესში მყოფი) კულტურული ფენომენი გამხდარიყო, რომელმაც თეატრალური, ვიზუალური და დრეგ პერფორმანსები გააერთიანა, და  პოლიტიკურ მესიჯად გენდერის არა კრიტიკა, არამედ სრულიად ნგრევა მოინდომა. (Surprise: ქართული დრეგ სცენაზე სისგენდერი კაცები უმცირესობაში თუ არა, მისგან ბევრად შორს არ არიან.) გენდერულად მრავალფეროვან დრეგ სცენას პოლიტიკაც ნაირ-ნაირი და უმეტესად, საბედნიეროდ, არა-ლიბერალური აქვს, გენდერული თანასწორობიდან ეკონომიკურ თანასწორობამდე ყველაფერზე საუბრობს (also, acab😉). ამას ისიც ემატება, რომ ახალმა თაობამ რომელსაც ნორმატიულობა რეალურ ცხოვრებაშიც დიდად გულზე არ ეხატება, სცენაზე ასვლისთანავე, გენდერულად არაკონფორმული სივრცის შექმნა დაიწყო, ნაწილმა საერთოდ ქვინებზე და ქინგებზე* უარი თქვა და უბრალოდ პერფორმერები დაირქვეს, პერფორმანსები ყოველგვარი, ამა თუ იმ გენდერულად მონიშნული ელემენტებისგან დაცალეს და ვიზუალური ენა სრულიად ანდროგინული გახადეს. ქართულ სცენაზე ფემინურობაც პოლიტიკურია, დრეგ ქვინები რომელთა დიდი ნაწილიც ტრანს ქალები ან ტრანს ფემინური არაბინარული პერფორმერები არიან, ქალობის მნიშვნელობებს ქმნიან – ლიბერალური ფემინიზმის “კაცის ოპოზიციად” მონიშნულ, თვითვიქტიმიზაციაზე დაფუძნებული ქალობისგან განსხვავებულს, რადიკალურს. ვიზუალური ენის ცვლილება მუსიკალურ ენაზეც აისახა და პოპ მუსიკა პანკმა და სხვა, „წესრიგის ნგრევისკენ“ მიმართულმა და ექსპერიმენტალურმა ჟანრებმა, არაკომფორტულმა ჟღერადობამ ჩაანაცვლა. ქართულმა დრეგ სცენამ, თითქოს მთელი ქვიარ თემის ბრაზის ამონთხევაც დაიწყო და ერთ-ერთ სამიზნედ საპატრიარქო მოინიშნა, როგორც ქვეყნის ქვიარფობიის კერა, რომლისკენ დამიზნებული ბრაზიც, ბოლო დროს დრეგის ვიზუალურ ენაში (ანტი)რელიგიური, ანტიქრისტიანული სიმბოლიკის/მოტივების გამოყენებით გამოიხატა. დრეგ სცენა თავის მართლებით აღარ ხვდება ეშმაკეულობის ბრალდებას, იხდენს როგორც პოლიტიკურ იარაღსა და აქსესუარს და მასხრად იგდებს ინსტიტუციას.

ამ წინააღმდეგობრიობის გარდა ქართულ დრეგს ჩემთვის კიდევ ერთი მახასიათებელი აქვს, რის გამოც განსაკუთრებულად მიყვარს: სიხარული და ენთუზიაზმი რომლითაც შოუები იქმნება და სიყვარული, რომელიც მაყურებელსა და პერფორმერს შორის არსებობს. ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ამდენი ენთუზიაზმი ხშირად აუნაზღაურებელ და დაუფასებელ შრომას ნიშნავს. თუმცა ის, რომ ქართული დრეგ სცენა ზრუნვის და თვითგამოხატვის ადგილია და არა გასართობი ინდუსტრიის  (დრეგ ბრანჩებზე სიარულიც ქალაქის საშუალო ფენის გასართობად ჯერ არ ქცეულა) თან მახარებს, თან არც ისე: დრეგ ქვინებსაც შიათ და ნიჭიერების გამო ქირასაც არავინ უკლებს. ამიტომ ენთუზიაზმზე მდიდრებმა იმუშაონ.

 

სტატიის ბოლოს ალბათ ვერაფერს ვიტყვი გარდა სტატიის დასაწყისში ნახსენები საფრთხის შეხსენებისა, რომელიც არა მხოლოდ დრეგს, არამედ მთლიან ქართულ ქვიარ ხელოვნებას ეხება: (WARNING!) ნელ-ნელა ცისარტყელა კაპიტალიზმის ჩრდილი ჩვენც წამოგვადგა და პოპულარობის საფრთხეებიც მოყვება. ფრთხილად ვიყოთ, ემანდ ფეხი რომელიმე უშნოდ მდგარ კორპორატიულ მხარდამჭერს და ასიმილაციის ცრუ იმედებს არ წამოვკრათ.

 

*საღლიცინო:

ლიფსინქი – ერთგვარი მუსიკალური პანტომიმი, რომლის დროსაც პერფორმერი ტექსტზე პირის აყოლებით განასახიერებს პოპულარულ სიმღერას;

დრეგ ქვინი – პერფორმერი, რომელიც მაკიაჟის და სამოსის დახმარებით ქმნის ქალის (ზოგჯერ კომიკურად) გაზვიადებულ პერსონაჟს;

დრეგ ქინგი – დრეგ ქვინის ბინარული მეორე ნახევარი;

ცისგენდერი – ადამიანი რომელიც იდენტიფიცირდება დაბადებისას მინიჭებულ სქესთან ან/და მასთან დაკავშირებულ გენდერულ როლთან;

ACAB (1312) – ყველა პოლიციელი ნაბიჭვარია;

გენდერული ესენციალიზმი – გენდერის და სქესის ბინარულად აღქმა და დაშვება, რომ ადამიანი დაბადებიდანვე უცვლელად მოქცეულია კაცურ (მამრულ, აგრესიულ, ძალადობრივ..) და ქალურ (მდედრულ, ემპათიურ, ნაზ..) მოცემულობაში, რაც განსაზღვრავს მის პიროვნებას, თვისებებს და გამოცდილებებს;

ასიმილაციონიზმი – ქვიარ პოლიტიკის სის-ჰეტერო ნორმატიულობაზე მორგების და მის ნაწილად არსებობის ან/და მისთვის მისაღებად გახდომის მცდელობა.