ქვეყანაში არსებული, მწვავე, ინსტიტუციონალიზებული ჰომო, ბი და ტრანსფობიური განწყობები და დამოკიდებულებები მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ლგბტქ თემის წარმომადგენელთა მდგომარეობასა და მათი ცხოვრების ხარისხზე.  მიუხედავად ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის არსებობისა, აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები  ყოველდღიურად განიცდიან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით განპირობებულ ძალადობისა და  დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმას, რაც აისახება და ზღუდავს მათ წვდომას ისეთ საბაზისო საჭიროებებზე, როგორიცაა ღირსეული დასაქმება, ჯანდაცვა, განათლება და სათანადო საცხოვრისი.

 

სათანადო საცხოვრისის უფლების შეზღუდვა, შესაბამისი სერვისების ნაკლებობა  ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა ლგბტქ თემისთვის. ოჯახური ძალადობა და უარყოფა, სოციო-ეკონომიკური მოწყვლადობის მაღალი მაჩვენებელი, ხშირ შემთხვევაში ის ძირითადი ფაქტორებია, რომელიც ლგბტქ თემს აქცევს უსახლკარობის მაღალი რისკის მქონე ჯგუფად, რასაც თან ერთვის და კიდევ უფრო ამძაფრებს  ინსტიტუციური მხარდაჭერის ნაკლებობა. ქვეყანაში არსებული უსახლკარობის პოლიტიკა და კანონმდებლობა  ვერ ფარავს სხვადასხვა ნიშნით მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ლგბტქ თემის წინაშე არსებულ, უსახლკარობის რისკებსა და ამ რისკების გადაჭრისათვის აუცილებელ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პრაქტიკებს.

 

წინამდებარე დოკუმენტი, მიზნად ისახავს ერთი მხრივ, შემოგვთავაზოს  საქართველოში არსებული საცხოვრისის პოლიტიკის, მისი პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების, არსებული საცხოვრისის სერვისების კრიტიკული ანალიზი და ის საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში გამოიყენება უსახლკარობის პრობლემის საპასუხოდ, აღნიშნული პრობლემით გამოწვეული ტვირთის შემცირებისა და მისი გადაჭრის მიზნით. მეორე მხრივ, კი დოკუმენტი, ემპირიულ კვლევაზე დაყრდნობით, ახდენს იმ გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას, რომელიც  საქართველოში ლგბტქ თემის წევრებში, სათანადო საცხოვრისის უფლების რეალიზების კუთხით არსებობს.

 

დოკუმენტის პირველი ნაწილი წარმოადგენს სამაგიდო კვლევას და სიღრმისეულად აანალიზებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ღირსეულ საცხოვრისზე ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზების კუთხით, სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებსა და მათი განხორციელების მხრივ არსებულ ხარვეზებს.  არსებულ სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობასთან ბმაში, მიმოიხილავს სათანადო საცხოვრისის ხელმისაწვდომობის  განსაკუთრებულ პრობლემურობას ლგბტქ ჯგუფის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის  წევრთათვის.  პირველ ნაწილში, ასევე განხილულია საცხოვრისის პრობლემასთან გამკლავების საერთაშორისო სტანდარტები, არსებული მოდელები, მათი ხარვეზები და უპირატესობები.

 

დოკუმენტის  ემპირიული ნაწილი მიმართულია იმ გამოწვევების შესახებ ყოვლისმომცველი სურათის შექმნაზე, რომელთაც საქართველოში მცხოვრები, ლგბტქ თემის წევრები აწყდებიან ღირსეული საცხოვრისის ხელმისაწვდომობის კუთხით და რომელთა გავლენაც ლგბტქ პირების ცხოვრების ხარისხზე ხაზს უსვამს სათანადო საცხოვრისის უფლების  განხორციელების ფუნდამენტურ და ღერძულ მნიშვნელობას.

ემპირიული კვლევის ფარგლებში ჩატარდა 4 ჩაღრმავებული, ექსპერტული ინტერვიუ სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთა და დარგის ექსპერტებთან, ასევე 4 ფოკუს ჯგუფი უშუალოდ ლგბტქ თემის წევრებთან, რომლებშიც მთლიანობაში 20 რესპონდენტი იღებდა მონაწილეობას,[1] მათ შორის ტრანსგენდერი ქალები და კაცები, გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და გენდერულად არაკონფორმული პირები. თემის წევრებთან ჩატარებული ფოკუს ჯგუფები მიზნად ისახავდა უშუალოდ თემის წევრებისაგან იმ ემპირიული მონაცემების მიღებას, რომელიც ეხება სათანადო საცხოვრისის პრობლემურობას და მნიშვნელობას ლგბტქ თემისთვის, მის გამომწვევ ფაქტორებსა და შედეგებს, სახელმწიფოსა და სათემო ორგანიზაციების მხრიდან ამ პრობლემის საპასუხოდ არსებულ სერვისებსა და ქმედებებს, ასევე თუ როგორი უნდა იყოს სათანადო საცხოვრისის სერვისი თემის წევრებისათვის და რა დამატებითი საჭიროებები გააჩნიათ მათ ამ კუთხით.

 

დოკუმენტის დასკვნითი ნაწილი აერთიანებს სამაგიდო და ემპირიული კვლევის შედეგებს, რომლებზე დაყრდნობითაც გვთავაზობს  სარეკომენდაციო პაკეტს, რომელიც  მიმართულია ქვეყანაში, ლგბტქ პირთა სათანადო საცხოვრისის უფლების განხორციელების ხელშეწყობაზე ორიენტირებული პოლიტიკის დაგეგმვასა და პრაქტიკულ განხორციელებაზე.

[1]  ემპირიული კვლევის შეზღუდვას წარმოადგენდა გეოგრაფიული არეალი, შეზღუდული დროისა და რესურსის გათვალისწინებით, ჩატარებულ ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ თბილისში მცხოვრებმა, ლგბტქ თემის წევრებმა..

პოლიტიკის დოკუმენტი იხილეთ აქ

პოლიტიკის დოკუმენტის რეზიუმე იხილეთ აქ: