საზოგადოება VS არანორმატიული სხეული
ავტორი: ილია ქებაძე
სხეული წარმოადგენს ადამიანთა არსებობის ფიზიკურ გამოხატულებას, რომელსაც გააჩნია საკმაოდ ბევრი დანიშნულება. ძირითად შემთხვევაში, მის ფიზიოლოგიურ შესაძლებლობებზე ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას და მეტ-ნაკლებად დამალული რჩება სხეულის ინსტრუმენტული როლი, თვითექსპრესიის პროცესში. სწორედ ამის გამო, რადგან ადამიანთა უმრავლესობა სხეულის ფუნქციების შესახებ ინფორმაციას ფლობს მხოლოდ ფიზიოლოგიის დონეზე, მოლოდინი ჩნდება, რომ ნებისმიერი ადამიანის სხეული უნდა იყოს მარტივად გაშიფვრადი და ბინარული, რაც გულისხმობს იმას, რომ ან ერთ კატეგორიაში უნდა მოექცეს, ან მეორეში. მარტივად რომ ვთქვათ, უნდა გვქონდეს ან „კაცის სხეული“, ან „ქალის სხეული“ და ეს სხეული უნდა ემთხვეოდეს ბიოლოგიურ სქესსა და მასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებს. სხვა შემთხვევაში, გაგვიჭირდება სოციალური ყოფა და თუნდაც მარტივი, ყოველდღიური კომუნიკაციაც კი შეიძლება საკმაოდ გართულდეს.
რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანის სხეული არ არის ნორმატიული? არ არის ისეთი, როგორსაც საზოგადოების თვალი მიჩვეულია? ამ კითხვებზე საკმაოდ ვრცელი პასუხი არსებობს, თუმცა მსურს ყურადღება გავამახვილო იმ ჩაგვრასა და დისკრიმინაციაზე, რაც საზოგადოების მხრიდან არსებობს და საფრთხის ქვეშ აყენებს ტრანსგენდერი ადამიანების სიცოცხლეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ტრანსგენდერი ადამიანების სხეულები ძნელად ექცევიან ტრადიციული ბინარული სხეულების კატეგორიაში, მათი მისამართით ხშირია დისკრიმინაცია, ძალადობა, შეურაცხყოფა, სოციალური ექსკლუზია და ჯანდაცვის თუ სხვა, საბაზისო სერვისებზე წვდომის შეზღუდვა. ქალაქ გლაზგოში ჩატარებული კვლევა მოწმობს, რომ ხშირია ტრანსგენდერი ადამიანების სასიკვდილოდ გამეტებაც. (Wareham,2023). შედეგები გვამცნობს, რომ გლაზგოში, 1 წლის განმავლობაში, 320 ტრანსგენდერი ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს. მოკლულთა უმეტესობა წარმოადგენდა ტრანსგენდერ ქალს, ან ტრანსფემინურ ადამიანს (94%), ხოლო დანარჩენი კი ტრანსგენდერ მამაკაცებსა და არაბინარულ ტრანს პირებს. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, მოკლულები ძირითადად 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ.
2016 წლის ზაფხულში, ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის საზარელი შემთხვევა დაფიქსირდა თურქეთში. არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერი ჰანდერ კადერი ადამიანების უფლებათა დამცველი და აქტივისტი იყო, რომლის ცხედარიც სტამბულში აღმოაჩინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მოკლული მძიმედ იყო ნაცემი, შემდეგ კი გაუპატიურებული. მკვლელობის შემდეგ დამნაშავეებმა მის ცხედარს ცეცხლი წაუკიდეს და ადგილიდან მიიმალნენ (BBC, 2016).
ამ შემთხვევის მსგავსი კიდევ ათასობით ფაქტი არსებობს. ტრანსგენდერი ადამიანები მუდმივად განიცდიან დისკრიმინაციას საზოგადოების მხრიდან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახლიდან გარეთ გასვლა უწევთ იმ ვიზუალით, რომელშიც ისინი თავს გრძნობენ კომფორტულად და რომელიც მათ გენდერულ იდენტობას უკეთ გამოხატავს. აქედან გამომდინარე, ზოგი მათგანი სრულიად გამოთიშულია სოციალური თავშეყრის ადგილებს, უწევთ თავი აარიდონ ყველა ისეთ სივრცეს, რომელიც შეიძლება მათთვის საციცხლოდ დამაზიანებელი აღმოჩნდეს და იძულებულნი არიან სახლში გამოიკეტონ.
კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ადამიანთა უმრავლესობა თავს უფლებას აძლევს, ჩაერიოს შენს ცხოვრებაში და დაგისვას უამრავი კითხვა, მოგცეს შენიშვნები, გაგიკეთოს სრულიად არასაჭირო კომენტარები, დაგცინონ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, იძალადონ შენზე, მხოლოდ იმის გამო, რომ შენი სხეული განსხვავებულია და მათთვის ნაცნობ ჩარჩოებსა და გამოხატულებებს ცდება. რისი შედეგიც ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილის და მათ შორის, განსაკუთრებით ტრანსი ადამიანების გარიყვა და ძლიერი ფიზიკური ან/და ფსიქო-ემოციური ზიანია ხოლმე.
თითქოს საზოგადოებას უნდა, რომ ვიყოთ ერთფეროვნები და ვერ იღებენ ვერანაირ სიახლეს, რომელიც ჩვენ და სხვა ადამიანებს, საკუთარი არანორმატიული სხეულებით შეგვაქვს. მაგრამ, როგორც არ უნდა ვეცადოთ, რომ მოვექცეთ ჩარჩოებში და ვიყოთ არაფრით გამორჩეული მასისგან ფიზიკური თვალსაზრისით, იმ ფაქტს მაინც არაფერი შეცვლის, რომ ყველა ადამიანის სხეული არის განსხვავებული და უნიკალური ინდივიდუალურ დონეზე, თვით იდენტურ ტყუპებშიც კი შეგვიძლია აღმოვაჩინოთ მცირე განსხვავებები. და თუ ჩვენ სხეული დაბადებიდანვე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიყოთ უნიკალურები, რატომ უნდა ვეცადოთ მისი დათრგუნვა და ნორმატიულ ჩარჩოებში მოქცევა? სხეული გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვილაპარაკოთ და ვაჩვენოთ ჩვენი „შინაგანი მე“. ყველა ადამიანის სხეული განსხვავებულ რაღაცას ამბობს, თუ მას კარგად მოვუსმენთ. არ შეიძლება მათი მხოლოდ ორ (ან სამ) კატეგორიად დაყოფა, ეს გზა გვიზღუდავს თითქოს და გარდაუვალი მოცემულობის მიღმა ხედვის შესაძლებლობას, გვიზღუდავს საკუთარი თავის, სურვილებისა და ინტერესების გამოხატვას და ზოგჯერ, უბრალოდ არსებობასაც კი. აღნიშნული არამხოლოდ ტრანს ადამიანებს, არამედ ადამიანთა სხვა, არაერთ ჯგუფს ეხება. მხოლოდ სხეული არ განსაზღვრავს ადამიანს, თუმცა თუ მას მივცემთ შესაძლებლობას, სხეულს შეუძლია, რომ ძალიან ბევრი რამ გვასწავლოს და დაგვანახოს.
გამოყენებული ლიტერატურა:
Hande Kader: Outcry in Turkey over transgender woman’s murder. (2016, August 21). BBC News. https://www.bbc.com/news/world-europe-37143879
Wareham, J. Beaten, Stabbed And Shot: 320 Trans People Killed In 2023 – New Monitoring Report, (2023), Forbes Magazine.