სხეული საბოტაჟია

ავტორი: ანანო სურმავა

სხეული საბოტაჟია.
მოგეცა და გაქვს.
მთელი თავისი დათქმებით და პირობებით.
თანადროულად არის მახეც და ველური ჯუნგლებიც.
შენ კი მუდამ ცდილობ
შეიყვარო ისეთი როგორიც არის
ან შეცვალო და შეიყვარო ისეთი როგორიც გახდება.
თუ რა ვქნა ბოლოს და ბოლოს?
მისი მიღებაც მტანჯველია და მისი შეცვლის მცდელობაც
თანაც განუსაზღვრელი;
ვერასდროს ვერ გაიგებ
Მართლა მინდა მისი შეცვლა
Მართლა არ მომწონს
თუ არსებული ნორმებიდან გამომდინარე მიჩნდება ეს სურვილები – ვატარო ექსპერიმენტები მასზე.
შევიძულო – რადგან საკმარისად არც ერთი არ არის,
თუ შევიყვარო – რადგან საკმარისად არც ერთი არ არის.
გააჩნია რა საზოგადოებაში მოხვდები.
სხვადასხვაგან სხვადასხვანირი ტრენდები და ტენდენციებია.
და მე ამის მიხედვით ვაჩარჩოო მუდამ ჩემი სხეული?
მუდამ განვსაზღვრო?
სხეული, სხეული
ეული
სნეული
კარგი სერიოზულად.

ჩემი სხეული გამუდმებით აჯანყებულია.
ზოგჯერ ეს ჯანყი საკუთარი თავისკენაა მიმართული.
ბრძანებითი ნორმებით.
იდენტობის კატეგორიებით.
ხან ჩემი ნებით, ხან საზოგადოების ნებით, ხან მორალური დგენილების მიხედვით ვისაზღვრები.
ხან საკმარისად ქალური არ ვარ, ხან საკმარისად კაცური არ ვარ.
ხან ფემინურობაა პრობლემა, ხან მასკულინურობაა პრობლემა.
ეს ყველაფერი შიგნითაც მიმდინარეობს. ჩემი ჰორმონებიც ფლუიდურია, ისინი საერთოდაც არ ითხოვენ, არ საჭიროებენ ნორმალიზებას/გაშუალებას ჩემს სხეულში, რომ მდედრობითი ჰორმონები მომიმატონ,
იმისთვის, რომ უფრო ხშირად ვიტირო – ისედაც ყოველდღე ვტირი.

Ჩვენ ყველა ყოველთვის სხეულის გარეგნულ მახასიათებლებზე ვლაპარაკობთ და თითქმის არასდროს იმაზე თუ რა ხდება ჩვენს შიგნით.
და რა ხდება ჩვენს შიგნით?

ბოლო დროს ხშირად ვაკვირდები ჩემს სხეულს (შიგნიდან).
სამწუხაროდ, სიმშვიდეზე მეტი ტკივილია.
ტკივილი სახსრებში
წვივებში
გულში
ჩემი სხეული არავინაა.
Ზოგჯერ უბრალოდ სხეულია.
Ზოგჯერ განსაზღვრული ქალობით.
Ზოგჯერ განსაზღვრული. მიუღებელი. გაუგებარი. სასურველი. არასასურველი. ყველაფერი ერთროულად შეუძლია იყოს და თან არ იყოს.
საავადმყოფოში ძალიან ხშირად დავდივარ, რადგან ავად ვარ და სხეულიდან მენსტრუალური სისხლი მდის.
ყოველთვის არ მაქვს თავი ყველა ექიმს ავუხსნა – “ იცით მე არ ვარ ქალბატონი ანო, სხეული მაქვს, რომელიც მონიშნულია ქალბატონად.“
მენსტრუაცია ქალად არ მაქცევს. ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი სტრესი.

პირველად, როდესაც ენდომეტრიოზის დიაგნოზი დამისვეს, სასწრაფო ოპერაციის შემდეგ და ამას დააყოლეს, რომ შეიძლება შვილები არ მეყოლოს, ჩემს თავს მთელი სამყაროს ჯანყი ერთროულად ხდებოდა.
პატრიარქატი ყვაოდა თითქოს, გამარჯვებული.
ვფიქრობდი – რა მწყინს? მე ხომ შვილები არ მინდა, მაგრამ მეწყინა.
მეწყინა, რომ მედიცინა მხოლოდ იმ შემთხვევაში მთავაზობს განსაკუთრებულ ზრუნვას, თუ კი შვილები მსურს.
რომ ეს ტკივილები და სხვა ყველაფერი თითქოს სულერთია.
ნარკოზიდან გამოსვლისას, ყველაზე უსუსურ სიტუაციაში, არც კი ვიცი ვინ არიან ეს ექიმები, რა ხალხია, რა ადარდებთ საერთოდ? ჩემივე წინასწარგანწყობებით დაფეთებული, ვუხსნიდი ექთნებს: “ფეხზე თმა მაქვს, მაგრამ კაცობა არ მინდა, მაგრამ არც ქალი ვარ!“ (სიმართლეს გეტყვით, ეს არავის ადარდებს, მითუმეტეს მაშინ, შენ თუ სახეზე არ გაწერია, რომ თავად გადარდებს.)
და მამშვიდებდნენ, ეგონათ ბოდავს ნარკოზის გამოო და მეუბნებოდნენ: “-უუუ, რა საყვარელი გოგო ხარ!”
მერე პალატაში ჩემ გვერდით მწოლ ასაკოვან ქალსაც გავუმხილე, რომ არ იდარდოს, შვილების გაჩენა მაინც არ მინდა. გამოიტირა ჩემი უბედური ქალობა, შემახარბა თავისიც და მითხრა: “როგორ შვილო, აი ჩემ გვერდით შვილები არიან, ისინი რომ არა, ახლა ხომ მარტო ვიქნებოდი?!”
და მე უფრო ჩამეჭირა
ჩემ ბედკრულ ბედზე, ოღონდ ამ საზოგადოების აზრით ბედკრულზე, თუმცა მეც შემეცოდა ჩემი თავი მათი თვალით, მერე ჩემი თვალით – დაგდებული საწოლზე, ორ პოლუსიან სამყაროში.
იმიტომ, რომ ასაკოვნებაში კი არა, ახლაც მარტო ვარ. იმიტომ, რომ თითქოს ძლიერი უნდა ვიყო ! საიდან მოვიტანე ეს ნეხვი?!
ჰო, დედაჩემი აქ არ ცხოვრობს, გარდა მეგობრებისა დახმარება ვის ვთხოვო? ან რომც მინდოდეს და შევძლო დამეხმარეთ თქო ვთქვა, ვის დავავალდებულებ?
მივუბრუნდეთ საკითხს.
Სწორედ ეს მომენტი იყო როცა პირველად, სრული მასშტაბით ვიგრძენი დისფორიული შფოთვა და გავაცნობიერე ყველაფერი, რაც მანამდე არ მესმოდა. Რატომ შეიძლება აკვიატებულად მინდოდეს საკუთარი სხეულიდან ამოვძირკვო ყველაფერი, რაც ქალად მაქცევს. Მერე ბევრი ვიფიქრე და ვიტირე ჩემ სხეულთან ერთად. Ბევრი სისხლდენა გადავიტანე, თვეობით. გაუჩერებლად. Მერე წარმოვიდგინე ის დაშვებაც შემთხვევით, რომ ვორსულდები.
ღმერთო. ყველაფერი საშინელებაა.
ასჯერ ვთოხვე ექიმს, იქნებ მაინც ამოვიჭრათ ეს საკვერცხეები, თუ მხოლოდ ისაა მიზეზი, რომ შვილი მყავდეს – არ გადავიფიქრებ… იმდენი ვესაუბრე ყველა სატკივარზე, რომ როგორც იქნა, ჩემი ექიმიც გაიზარდა და იქით ამიხსნა, რომ სხვა ადამიანებისგან განსხვავებით ვისაც მხოლოდ შვილი ადარდებს, მე უნდა დავფიქრდე რა ტიპის პრობლემებს გამოიწვევს სხეულებრივად ჩემი საკვერცხეების მოშთობა.
ასეთ შემთხვევაში ჩემ “მდედრობით სხეულს” დაეწყება ნაადრევი მენოპაუზა და მენტალური პრობლემები რისთვისაც ჯერ პატარა ვარ და ვერ გავუმკლავდები
ეღადავე შენს თავს
რას?
უკვე მოვასწარი ყველაფერი.
მოვასწარი ამომეყირავებინა სამყარო
მოვასწარი ყოველდღე ვცხოვრობდე თავსმოხვეული სავალდებულო ნორმატიულობის მიღმა
მოვასწარი ჩემი გენდერული, სხეულებრივი თვითაღქმის გამო პრობლემები მქონოდა ოჯახთან, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან,
პარტნიორებთან, რომლებთანაც ვერასდროს ვიყავი საკმარისად ლესბოსელი, ან საკმარისად ჰეტერო, ან საკმარისად ქალი, ან საკმარისად არაბინარული, ან საკმარისად აქტივისტი, ან საკმარისად სოლიდარული, ან საკმარისად დაღლილი ამ ათასი მძღნერით, როცა შემიძლია დავჯდე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ვიფიქრო.
ჰოდა აღარ მინდა.
არაფერს მინდა მივუსადაგო ჩემი სხეული.
უბრალოდ მინდა ვიყო.
ყველა ჩემი ტკივილით.
იმიტომ, რომ ყველა ეს ზიზღი საკუთარი სხეულისგან, რომელიც დამცდება დადგენილი ნორმების გამო, ჩემი თავის მიმართ.
მინდა გადავლახო
მინდა რაც მოუნდება ჩემ თავს მხოლოდ ის გავაკეთო
და არა ის, რომ ვინმეს მოვეწონო.
ვიცი ეს ტრაფარეტულად ჟღერს, მეც გული მერევა.
მაგრამ რა, მაპატიეთ ჩემო ყოფილო შეყვარებულებო, მიუხედავად იმისა, რომ მე ახლაც მიყვარხართ ყველა და თქვენ ჩემი გაგება არ შეგიძლიათ.
მაპატიეთ ჩემო მეგობრებო ვინც თვლით, რომ უხეში და უზრდელი ვარ, იმიტომ, რომ ასე მახინჯად ჩამომიყალიბა ამ გარემომ თავდაცვა. ამას დამატებული ჩემი ქრონიკული დაავადება და მედიკამენტები, რომლებიც ხან კეთილს, ხან ბოროტს მხდის.

მაპატიეთ რომ ეს თქვენ არ გესმით.
მაპატიეთ უფლებადამცველო ქვიარ აქტივისტებო, რომ ზოგჯერ თქვენი დასახული გათავისუფლების სტრატეგიების გზებზე გული მერევა და ცისარტყელებს ვარწყევ პირიდან. მერე დანაშაულის განცდა მიჩნდება, როცა ჰეტერო კაცი მიყვარდება და თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ამ სამყაროში სიყვარულს ისედაც გვიშლიან და არაუშავს ლესბოსელობაში თუ დავმარცხდი, მთავარია სიყვარული შემრჩება. და მერე ეს კაციც იმიტომ, რომ ამ წნეხს ვერ უძლებს და მე ყველაფერი ავურიე და ისედაც ჩემი გამჭირვებია, გულს მტკენს და ჩემი სხეული ისევ სასწრაფოდ საოპერაციოდ აღმოჩნდება საკაცეზე – კვლავ, ოღონდ ისე, რომ ათამდე დათვლასაც ვერ ვასწრებ და კვლავ ვიღვიძებ და მეუბნებიან, რომ ჩემი სხეული ისევ მერევა და კიდევ, კიდევ უფრო სწრაფად პროგრესირებს ენდომეტრიოზი ჩემში, რომელიც მინადგურებს საკვერცხეებს რომლისთვის ბრძოლაც კი არ მსურს, რადგან ისაა ჩემი ტანჯვის მთავარი მიზეზი. განსვლა მაქვს სხეულიდან კვლავ. ისევ უნდა შევეგუო ახალ ხვრელებს მუცელზე და მთელი ეს ისტორია, ალბათ ფიქრობ რა შუაშია სხეულთან?!
იმ შუაში, რომ ყველა ეს სტრესი, წნეხი ამ სამყარომ აიძულა ჩემს სხეულს გადაეტანა, ყველა ეს შეუძლებლობა, როცა ექიმთან ვერ მივიდა ფულის გამო, ან შიშის გამო, ან იმის გამო რასაც იქ მახსენებენ, რომ ვარ. მერე მართლა ვტირი კაცებსა და ქალებს შორის, რომელთაც საერთოდ არ ესმით რამხელა სამყარო დამაქვს გულით.
ჰოდა, მე ჩემ თავს ვირჩევ
ვირჩევ ვილაპარაკო ჩემს სხეულზე არაპოლიტკორექტულად
ვირჩევ მიყვარდეს ჩემი მკერდი
და ეს ქალად არ მაგრძნობინებდეს თავს
ვირჩევ ყველას, ყოველდღე ვუთხრა, რომ ქალი არ ვარ. ამას არ აქვს კავშირი ჩემს სხეულთან.
მაგრამ იმიტომ, რომ თავს არაფრად ვთვლი
არავის ვუყვარდები ისეთი როგორიც ვარ
და ეს ყველაზე დიდი ბრძოლაა, მუდმივად ვიყო საკუთარი თავის მტკიცებაში.
მაგრამ აღარ მინდა. მართლა არაფერი მაქვს გარდა ჩემი სხეულისა, რომელიც ისე დავაზიანე, რომ თავს ინადგურებს.
ხოდა შევწყვიტე.
ახლა უნდა მოვუარო.
თუნდაც არავის აღარ უნდოდეს.
თუნდაც არავის აღარ მოწონდეს.
მე მიყვარს, იმიტომ, რომ მიძლებს და სულ ჩემთანაა.
სინამდვილეში ჩემს სხეულს, ზრუნვა, მოფერება და მოვლა სჭირდება, სიყვარული და არა ჩასწორება, მორგება, გამოსწორება, დაბალანსება.