თბილისი, 22 ოქტომბერი, 2024 წელი

ვეხმაურებით ტრანსი თემის წევრების მიმართ გახშირებულ ძალადობისა და დისკრიმინაციის  შემთხვევებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  3 ოქტომბერს ხელი მოაწერა ანტი-ლგბტ კანონს, რამაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის ახალი ტალღა გამოიწვია.

  • 18 სექტემბერს, ფაშისტური, ანტი-ლგბტ კანონპროექტის პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებიდან მე-2 დღეს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე. მკვლელობის ფაქტზე დააკავებულს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტების საფუძველზე, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 3 ოქტომბერს, პროკურატურის მოთხოვნით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაანონსა. ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასებას ბრალდებულის ადვოკატიც დაეთანხმა.
  • 20 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ღამის საათებში თავს დაესხნენ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს – ნატა ტალიკიშვილს, გამოძიება დაწყებულია სისხლის  სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რომელიც  ძალადობას გულისხმობს (დამამძიმებელი გარემობების გარეშე), ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურას ტრანსგენდერი ქალისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებია. თავდამსმხელი პოლიციამ  დააკავა. შემთხვევა მოხდა ორთაჭალის ავტოსადგურზე, ტრანსფობიურად განწყობილმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, რის შედეგადაც ნატა ტალიკაშვილმა მიიღო ტვინის შერყევა.
  • აღსანიშნავია, რომ სექტემბერში, კანონის ამოქმედებამდე ტრანსგენდერმა ქალმა მრავალპროფილურ კლინიკას გენდერული აფირმაციის ოპერაციის ვაგინოპლასტიკის მომსახურების მისაღებად მიმართა. ურთიერთშეთანხმებით ოპერაცია ოქტომბრის თვეში უნდა ჩატარებულიყო.  მოულოდნელად კლინიკამ 31 სექტემბერს ოპერაცია გაუუქმა. ოპერაციის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი ტრანსგენდერი ქალისთვის გაურკვეველი დარჩა.

პროპაგანდისტული, სამთავრობო მედიები ყოველდღიურად ავრცელებენ ჰომო და ტრანსფობიურ ნარატივებს, მათ მიერ ლგბტ თემის წევრების დაუფარავ და გამუდმებულ სიძულვილის ენას განუსაზღვრელი ზიანი მოაქვს ლგბტქი ადამიანების მიმართ.

ფაშისტური კანონისა და მმართველის პარტიის მიერ გავრცელებული ტრანსფობიური  განცხადებების მიზეზშედეგობრივი კავშირითაა გამოწვეული ბოლო პერიოდში გაზრდილი მუქარის, დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სტატისტიკა თემის წევრების  მიმართ. 

ცხრილი #1. ლგბტქი ადამიანების მიმართ სიძულვილით მოტივირებული ინციდენტების სტატისტიკა, 2024 წლის სექტემბერი-ოქტომბერი

ინციდენტის სახე რაოდენობა

განზრახ მკვლელობა 1

ფიზიკური ძალადობა 1

უკანონო თავისუფლების აღკვეთა 1

ადევნება 5

თვალთვალი 2

ონლაინ მუქარა 3

ფსიქოლოგიური ზეწოლა საჯაროდ “დაქამინგაუთების” მუქარით 2

სამსახურიდან მოსალოდნელი უკანონო გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება 4

 

როგორც ცხრილშია მოცემული ორგანიზაციის მიერ 2024 წლის 1 სექტემბრიდან 21 ოქტომბის ჩათვლით – 3 შემთხვევა, ხოლო 2024 წლის 18 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე 19 შემთხვევა დაიდენტიფიცირდა. ანტი ლგბტ კანონის მესამე მოსმენის მიღების შემდეგ, სექტემბრის მეორე ნახევარში ინციდენტების რაოდენობა 6-ჯერ არის გაზრდილი (აღნიშნული სტატისტიკა ორგანიზაციისთვის ცნობილ შემთხვევებს ეხება). 

აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ: 

საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლოს ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების დისკრიმინაციის საქმეები; 

საქართველოს შსს ადამიანის უფლებების დეპარტამენტს: შეისწავლოს სისხლის სამართლის საქმეები, სადაც დაზარალებული ლგბტ თემის წევრია და გაუწიოს გამოძიებას ეფექტიანი მონიტორინგი; 

საერთაშორისო ორგანიზაციებს: სათანადოდ შეაფასონ ლგბტ ადამიანების კრიტიკული უფლებრივი მდგომარეობა და  გააძლიერონ  ძალისხმევა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების მსხვერპლთა დასახმარებლად და მათი უფლებების აღსადგენად.

მედიასა და პოლიტიკოსებს: შეწყვიტონ  საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ლგბტ ადამიანების მიმართ ზიზღისა და სიძულვილის ენის ტირაჟირება.