ვალდებული ვარ ვიყო ბედნიერი
ავტორი: თომა
ისეთი სიცივისა და ტკივილის შეგრძნებამ გამომაღვიძა აქამდე, რომ არ განმიცდია, თვალის გახელისთანავე მივხვდი თუ სად ვიყავი. ჩემთვის უცხო ენაზე მითხრა თეთრხალათიანმა ქალმა, რომ ორივე შეგრძნება ბუნებრივი იყო და რაღაც კითხვები დამისვა. მისი საუბარი მხოლოდ ნაწილობრივ მესმოდა, ვერ ვაცნობიერებდი, ეს ჯერ კიდევ დასაწყისი იყო, თუ ყველაფერი დასრულდა. ფრთხილად, ისე ფრთხილად დავიხედე სხეულზე მემონტაჟეები სამი წამის კადრს, რომ თხუთმეტ წამამდე გაწელავენ ხოლმე. ჩემს სხეულს მკერდი აღარ ჰქონდა. მე თეთრ კორსეტში ვიყავი მოქცეული, თუმცა ეს შებოჭილობა იმაზე მეტად მემსუბუქებოდა ვიდრე მაისურის ამარა სიარული. არ ვიცი ვინ როგორ გაიგებთ ჩემს ნათქვამს ან ვის რა შეგრძნება გქონიათ მაგრამ მე იმ წამს, იმ სიცივისა და აუტანელი ტკივილების ფონზე ვიგრძენი, რომ მორჩა! მე დავიბადე – დავიბადე სწორედ იმ დღეს, იმ საათზე და იმ კლინიკაში!
იქამდე სანამ საოპერაციო მაგიდაზე აღმოვჩნდებოდი მომიწია სხეული გამეშიშვლებინა, სხეული რომელიც განგებამ თუ ღმერთმა, ჩემს გასატანჯად და ჩემთვის გამოიგონა. ყოველთვის ვიცოდი, ვიყავი, ვიცოდი… პატარა ასაკიდან ვიცოდი. ბევრი რამ არ მესმოდა და თან მეშინოდა. დიახ, მე საკუთარი თავის, ჩემი ფიქრების, განცდების, სურვილების მეშინოდა. მეშინოდა არა იმის, რომ ვინმე ფიზიკურ ტკივილს მომაყენებდა, არამედ იმის, რომ საყვარელი ადამიანებისგან უარყოფას ვერ გადავიტანდი. ან როგორ უნდა ამეხსნა – მე 90-იან წლებში დაბადებულს ჩემი მდგომარეობა, რომელზე წარმოდგენა თავადაც არ მქონდა.
ოპერაციამდე რამდენიმე წუთით ადრე იმ სხეულზე, რომელშიც მე ვცხოვრობდი ხაზები გაავლეს მარკერით, რომელიც ჩემი ცხოვრების ფერის იყო. რაღაც დახატა გოგონამ რომელიც მზეს ჰგავდა. ვფიქრობდი, ნეტავ როცა დამაძინებენ ეს დამაძინებდეს და როდესაც გავიღვიძებ, თუკი გამეღვიძა, ისევ ის დამენახა. მთელი ის დრო, რაც მე საოპერაციო სამზადისში დამჭირდა მხოლოდ ერთთან და ჩემთვის ერთადერთთან საუბარში გავატარე. გამუდმებით ვუმეორებდი მას – ღმერთო, მე შენ ასეთი მომავლინე დედამიწაზე. ამბობენ, რომ ჩემს მსგავს ადამიანებს ვერ იტან, ხო და გთხოვ, თუ კი ასეა, ნუ გამაღვიძებ რადგან შენ განდობ ჩემს სიცოცხლესა და ჩემს მომავალს!
როდესაც საოპერაციოში შემიყვანეს, ხელები დამიბეს და ჩემს მტევანს იქამდე ურტყეს სანამ ვენა არ გამოჩნდებოდა… როდესაც რაღაც სითხე ჩემს სხეულში შეუშვეს რომელმაც გამყინა, როდესაც ცხვირთან ორთქლში გახვეული ნივთი მომიტანეს რომელიც უნდა შემესუნთქა, მაშინაც ვთხოვდი – ღმერთო, თუ თვლი, რომ შენთვის მიუღებელი ვარ, აღარ გამაღვიძო რადგან მხოლოდ შენ გაძლევ ჩემი დასასრულის უფლებას! – ვლაპარაკობდი და ვგრძნობდი როგორ შევდიოდი ღრმა ძილში.
ისეთი ადამიანები როგორიც მე ვარ (სამწუხაროდ, იძულებული ვარ საკუთარ თავზე, როგორც განსხვავებულზე ვისაუბრო), უმეტეს შემთხვევაში ცხოვრებას მარტოობაში ატარებენ, გამუდმებულ ძიებაში არიან, ეძებენ ადგილს და ვინმეს, ვინც გაუგებს, ვინც ყველაფრის მიუხედავად შეიყვარებს, ვინც ისეთს მიიღებს როგორიც არის. ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ თავი ჩვეულებრივად, არაფრით განსხვავებულ ადამიანად იგრძნონ – ძალები რომ მოიკრიბონ, მიზანი რომ დაისახონ, მოტივაცია რომ გაუჩნდეთ. – ცხოვრება რომ შეძლონ.
როდესაც ღმერთის სახელით გვცემდნენ და გვკლავდნენ, მაინტერესებდა თვითონ ღმერთი რას ამბობდა ჩემზე. ბიბლიის კითხვა დავიწყე იმ მიზნით, რომ გამერკვია რატომ გავჩნდი ისეთად როგორიც ვარ… იყო თუ არა ავადმყოფობა და ვძულდი თუ არა შემოქმედს. ასეთი რამ წავიკითხე: იერემია წინასწარმეტყველს ეუბნება, რომ ღმერთი მას დედის საშვილოსნოში, განაყოფიერებამდე იცნობდა, განწმინდა და ხალხთა წინასწარმეტყველად მოამზადა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა იცის თითოეული ჩვენთაგანის შესახებ, ის გვიცნობს ჩვენი მსგავსებებით და განსხვავებებით, ის გვიცნობს იქამდე სანამ ჩავისახებით და დავიბადებით… და თუ კი ღმერთი მე იქამდე მიცნობდა, სანამ საკუთარ თავს გავიცნობდი და აღმოვაჩენდი, ამ შემთხვევაში მასზე ახლობელი ვინ შეიძლება მყავდეს? ეს იმასაც ნიშნავს, რომ მან დაუშვა ჩემი დაბადება დედამიწაზე – მე მისთვის სასურველი შვილი ვარ, განსხვავებით ღმერთის სახელს ამოფარებული ჯგუფებისა, რომლებიც ადამიანების არსებობა-არ არსებობის საკითხს გამოგონილი მიზეზებით წყვეტენ და ღმერთის ნაცვლად, საკუთარ თავს ხედავენ განმსჯელად, რომელსაც უფლება აქვს განსაზღვროს ვინ არის ან ვინ არ არის უფლის ღირსეული შვილი.
იმის მიუხედავად, რომ კლინიკების მეშინია, იმის მიუხედავად, რომ ნემსის დანახვაზე მაცახცახებს, იმ დღეს ჩემზე ბედნიერი არამგონია ვინმე ყოფილიყო. ისეთ სიხარულს ვგრძნობდი და ისეთი დიდი მოლოდინი მქონდა თითქოს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ საყვარელი ქალი კინოში წამოსვლაზე დამთანხმდა. ხალათი მომცეს და მითხრეს: ეს ჩაიცვი ათ წუთში ოპერაცია იწყება….იმ ათ წუთს წამებად ვითვლიდი, ის ათი წუთი, მთელ ცხოვრებად მეჩვენებოდა. როდესაც ჰოლში გამატარეს ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს აი, ამ წამს ევერესტის მწვერვალს ვუახლოვდები და სადაცაა გამარჯვებული დროშას ავაფრიალებდი. გარშემო, ჰოლში მსხდომი ადამიანებიც ისე მიღიმოდნენ როგორც გამარჯვებულს, ჩემპიონს გაუღიმებენ ხოლმე. მეუბნებოდნენ და მანიშნებდნენ, რომ მარტო არ ვიყავი, სხეულში ისე დამიარა საკუთარი ერისადმი სინანულმა მდუღარე წყალი, რომ გადაასხან ადამიანს.
რატომ არ შეიძლება ქართველები იყვნენ გულშემატკივრები ჩემი? განა რა დავაშავე? კარგი, თუ არ მიგულშემატკივრებენ – სიკვდილის სურვილს მაინც არ ვგრძნობდე მათგან, ჩემი მისამართით სურვილებად, რომ ისვრიან. ჩემს გულში და გონებაში ჩემს სამშობლოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ადამიანები, რომელთა გარემოცვაშიც გავიზარდე და ჩამოვყალიბდი საკმარისნი აღმოჩნდნენ იმისათვის, რომ განმესხვავებინა წარსული, დღვანდელი რეალობა და ამ რეალობაში შექმნილი რელიგიური თუ სახელისუფლებო დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ სიძულვილითა და ნეგატიური აზრებით კვებონ მშიერი საზოგადოება.
მე ის საქართველო მიყვარს სადაც (მსოფლიოში ქალების უფლებებზე ჯერაც რომ არ საუბრობდნენ) – ქალი დავსვით მეფედ. მერე და მერე გაჩნდნენ დედოფლები მაგრამ, საქართველოს მოსახლეობამ იმ დროს, იმ საუკუნეში, ქალს მეფის წოდება მისცა. გვყავდა ადამიანი რომელმაც ამ მეფეს პოემა მიუძღვნა. შოთა რუსთაველი გვაჩვენებს თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს და როგორ შეიძლება იბრძოლო ამ სიყვარულისთვის. აი, ასეთი ქართველები მიყვარს და მათ უკავიათ ჩემს გულში უმნიშვნელოვანესი ადგილი.
საბოლოოდ, ღმერთმა შეკითხვებსა თუ უბრალოდ საუბარს უპასუხა იმით, რომ გადავრჩი! გავიღვიძე და როგორც ნოეს თხოვნას -აღარ გაენადგურებინა დედამიწა, უპასუხა ცისარტყელით ცაზე, ისე მიპასუხა მე – ჩემი გადარჩენით.
მაგრამ, ამით არ სრულდება არაფერი, მე მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადავდგი, გადავდგი სხვა ქვეყანაში, რადგან არ გავმხდარიყავი იმ ძალადობის მსხვერპლი, რასაც სხვა ტრანსი ადამიანები გაივლიან ხოლმე და რომლისგან გადარჩენაც ყოველთვის და ყველასთვის შესაძლებელი არ აღმოჩნდება ხოლმე.
ხშირად მსმენია და მესმის, რომ ის იყო კაცი და გახდა ქალი, ან პირიქით… ნეტავ ასე მარტივი იყოს. ნეტავ რადაც გავჩნდით ისინი ვყოფილიყავით… ნეტავ საერთოდაც არ არსებობდეს სქესი… ნეტავ საერთოდ არაფერი არსებობდეს… რა მშვენიერი იქნებოდა ცხოვრება… მაგრამ რადგან ასეა, რადგან ასე მოვევლინეთ დედამიწას, ჩვენ სრული უფლება გვაქვს ვიცხოვროთ და ვიბრძოლოთ ბედნიერებისთვის, რომელიც პირველი ადამიანების შექმნამდე ჩაიფიქრა ღმერთმა, რომელმაც მოგვცა ნების თავისუფლება, მოგვცა აზროვნების თავისუფლება…
მე მჯერა, რომ თითოეული ადამიანის ვალდებულებაა იყოს ბედნიერი, ბედნიერებას კი ბრძოლა სჭირდება, ბრძოლა საკუთარ თავთან პირველ რიგში და მაშინაც კი, როცა საკუთარ თავს მოუგებ, რჩება საზოგადოება, რომელიც, როგორც სოციალურ არსებებს ყოველთვის გვჭირდება, რადგან გვჭირდება გავაზიაროთ ბედნიერება, რომელსაც განვიცდით და რომლისთვისაც ვიბრძვით.
ტექსტი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ “ბიანკას” პირველ გამოცემაში “სხეული: შესაძლბებლობა და საშიშროება”